Accessibility links

logo-print

საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია უკანასკნელმა რუსმა ჯარისკაცმა დატოვა


14 ნოემბერს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია



უკანაკსნელმა რუსმა ჯარისკაცმა და სამხედრო ტექნიკამ დატოვა. ბათუმში არსებობა შეწყვიტა რუსულმა სამხედრო ბაზამ, რომელიც იქ თითქმის 90 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. თუმცა, 7 ნოემბრის შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილი გაურკვევლობისა და ინფორმაციული ვაკუუმის გამო, ისტორიული მოვლენა, რომელიც საზეიმო აღნიშვნას იმსახურებდა, საქართველოში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. დღევანდელ სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა ჩვენს ქვეყანაში რუსული სამხედრო ყოფნის დასასრულის მნიშვნელობაზე გესაუბროთ.


ჯერ კიდევ სულ რაღაც ერთი წლის წინ აჭარაში დისლოცირებული რუსეთის მე-12 ბაზა ხელვაჩაურსა და ბათუმში მნიშვნელოვან ქვედანაყოფებს ფლობდა, ჰქონდა სხვადასხვა ტიპის მძიმე საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება და საბრძოლო მანევრებსაც ატარებდა გონიოს პოლიგონზე.

[სროლის ხმა]

თუმცა 2007 წლის 13 ნოემბრის შემდეგ, ოდესღაც ძლევამოსილი რუსული სამხედრო ბაზის ნაცვლად, დარჩა დაცარიელებული შენობები და მავთულხლართიანი მესერი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს გამაფრთხილებელი წარწერა რუსულად: ”სტოი, სტრელიაიუტ”. მაგრამ ამ გაფრთხილების უკვე აღარავის ეშინია. დაცარიელებული რუსული ბაზის შენობა-ნაგებობებს და სხვა მოძრავ ქონებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს. 13 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უკანასკნელი რუსული ბაზის დახურვისა და მისი ტერიტორიის გადაცემის ფაქტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ მოაწერა. რადიო ”თავისუფლებას” ქუთელიამ განუცხადა, ვამაყობ, რომ წილად მხვდა ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არავითარი ფასეული სამხედრო ქონება არ დაუტოვებია, გარდა მოძველებული შენობა-ნაგებობებისა, რომელთა გამოყენების ბედსაც საგანგებო კომისია გადაწყვეტსო.


[ბათუ ქუთელია]

რუსეთის ჯარების დაჯგუფებას აჭარის ტერიტორიაზე რამდენიმე მსხვილი ობიექტი ეკუთვნოდა. შტაბისა და სამხედრო ქარხნის გარდა, ბათუმთან ახლოს მათ დაქვემდებარებაში იყო გონიოს პოლიგონი და ასევე იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის საცავი ხელვაჩაურში. საქართველოსა და რუსეთის მთავრობის მიერ 2005 წლის მაისში ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა, ორ - ახალქალაქისა და ბათუმის - სამხედრო ბაზას საქართველოს ტერიტორია 2008 წლისთვის უნდა დაეტოვებინა. სალომე ზურაბიშვილია სწორედ ის პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც დანიშვნისთანავე განაცხადა, ხელისუფლება პრინციპულია რუსული ბაზების დახურვის საქმეშიო.

[სალომე ზურაბიშვილი]


მაგრამ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დემილიტარიზება იმაზე უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე შეთანხმებული იყო. რუსი ჯაშუშების სკანდალის შემდეგ, 2006 წლის სექტემბერში, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაზები ვადაზე ადრე დაეხურა. 2007 წლის დასაწყისში არსებობა შეწყვიტა ახალქალაქის 62-ე ბაზამ, 13 ნოემბერს კი დაიხურა ბათუმის ბაზა, რითაც რუსეთის ჯარების დაჯგუფებამ საქართველოში საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია ამბობს, რუსეთის სამხედრო ბაზის ნაცვლად ქართული კონტინგენტის ჩამოყალიბება ჯერ მხოლოდ ახალქალაქში იგეგმებაო. თუმცა მისი მასშტაბი წინამორბედისაზე გაცილებით უფრო მცირე იქნება.

[ბათუ ქუთელიას ხმა]

ახალქალაქსა და ბათუმში რუსული სამხედრო ბაზების დახურვის მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიაზე - კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - რუსეთის სამხედრო ძალა კვლავ აგრძელებს მოქმედებას. საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ რუსულ ბატალიონებს საერთაშორისო ორგანიზაციების მანდატით სამშვიდობო სტატუსი აქვთ მინიჭებული. თუმცა ოფიციალური თბილისი ფიქრობს, რომ რუსეთი, რომლის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მხარს უჭერენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს და საჭიროა შეიცვალოს არსებული სამშვიდობო ფორმატი. მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ბაზებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია დატოვეს, საქართველოს ხელისუფლება შეეცდება იგივე გაიმეოროს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” ბათუ ქუთელიამ, საქრათველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

[ბათუ ქუთელია]

მაგრამ ეს პროცესი, რაზეც ბათუ ქუთელია ლაპარაკობდა, არ იქნება იოლი. რუსეთი თავისი სურვილით არ აპირებს სამშვიდობო მისიაზე უარის თქმას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საერთაშორისო საზოგადოება კი ჯერ მზად არ არის თავად გაგზავნოს საკუთარი სამხედრო ძალები ორ დაუმორჩილებელ ავტონომიაში. ნიშანდობლივია, რომ სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიას ბოლო რუსული ჯარისკაცი ტოვებდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთმა დამატებით რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა და საარტილერიო დანადგარი შეიტანა. საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, მოსკოვი სამშვიდობო მანდატის დარღვევით ზრდის სამხედრო ძალების რაოდენობას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მოსკოვი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ინფორმაციის დამახინჯებაში სდებს ბრალს საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაც, რომელიც აცხადებს, რომ საკმარის სამხედრო ძალას ფლობს საკუთარი ტერიტორიის ნებისმიერი აგრესიისაგან დასაცავად.
XS
SM
MD
LG