Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწევს მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება, ახალი პრემიერის და განახლებული შემადგენლობის დამტკიცება


”საქართველოს მთავრობა დასაქმებისთვის და კეთილდღეობისთვის”

- ასე ჰქვია ახალ სამთავრობო პროგრამას, რომლის განხილვასაც საქართველოს პარლამენტი იწყებს. დეპუტატებს რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ მოუწევთ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება, მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება, ახალი პრემიერით და 2 ახალი მინისტრით. როგორი იქნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, ლადო გურგენიძის მეთაურობით?


ზურაბ ნოღაიდელი, პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში ყველაზე წარმატებულმა ბიზნესმენმა ლადო გურგენიძემ უნდა შეცვალოს, განათლების მინისტრის პოსტზე კახა ლომაია - მინისტრის ამჟამინდელმა მოადგილემ ბელა წიფურიამ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე კი გია ხევიაშვილი თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა კობა სუბელიანმა უნდა ჩაანაცვლოს .. ლომაია მუშაობას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე გააგრძელებს, პრეზიდენტის დაჟინებული თხოვნით. კოტე კემულარია კი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტიდან სხვა სამსახურში გადაინაცვლებს. პრეზიდენტთან იქმნება აპარატი, რომელიც ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებას გაუწევს ერთგვარ ზედამხედველობას, კემულარია ამ აპარატს უნდა ჩაუდგეს სათავეში. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ის, როგორც გამოცდილი ხელმძღვანელი, დღეს ამ სფეროშია საჭირო. სად გააგრძელებს მუშაობას გია ხევიაშვილი, ამაზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა. მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა განცხადება 19 ნოემბერს კულტურის მოღვაწეებთან შეხვედრაზე გააკეთა და იქვე თქვა ისიც, რომ ცვლილებები მთავრობაში, თანაც სერიოზული, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ამ არჩევნებში ხალხი ნდობას ისევ სააკაშვილს და მის კურსს გამოუცხადებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”არჩევნების შემდეგ გურგენიძეს ექნება მანდატი შემდეგი ცვლილებები განახორციელოს მთავრობაში, სერიოზული ცვლილებები, რადგან ეს ნამდვილად გვჭირდება. მანამდე მწყობრად უნდა იყოს ჩამოყალიბებული დასაქმების პოლიტიკა, პენსიების ზრდისა და სოციალური დაცვის ახალი პროგრამა. ვინ როგორ მოერგება ამ პროგრამას, ამის მიხედვით იქნება მიღებული შემდგომი გადაწყვეტილებები. ”(სტილი დაცულია)

”ახალი სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბება” - ასეთი დავალება აქვს მიღებული პრეზიდენტისგან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ლადო გურგენიძეს. ”ის არის საქართველოში ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი. მან მთელ თავის წარმატებას მიაღწია ჩემი პრეზიდენტობის დროს, თუმცა მე მისთვის ხელი არ შემიწყვია”,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა 19 ნოემბერს ლადო გურგენიძეზე საუბრისას. გურგენიძის წარმატებულობა უკვე სახელმწიფო სამსახურში, თანაც ერთ-ერთ ძალიან მაღალ თანამდებობაზე, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებული იქნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიხეილ სააკაშვილისა და მთელი ქვეყნისთვის, ამის შემდეგ კი - შეძლებს თუ არა მთავრობა ახალი სპეციალური პოლიტიკის გატარებას ისე, რომ სამომავლო წარმატებების დამადასტურებელი ციფრების უკან არ დაიჩრდილოს ადამიანი, კონკრეტულ ადამიანთა ინტერესები, უნარი და მისწრაფებები.



ნოემბრის ხალხმრავალმა საპროტესტო გამოსვლებმა ხელისუფლებას სოციალური პოლიტიკის შეცვლა და ადამიანის ნომერ პირველ პრიორიტეტად აღიარება უკარნახა. ექსპერტები ხელისუფლების ადამიანისკენ შემობრუნებას სწორად მიიჩნევენ, თუმცა სვამენ შეკითხვას: დაიჯერებენ კი ადამიანები ამ შემობრუნებას, სააკაშვილის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს რამდენად დაუკავშირებენ ისინი პოლიტიკურ ინტერესებს...

[ლადო გურგენიძის ხმა] ”ეკონომიკური კურსის მემკვიდრეობითობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, ჩვენ ნამდვილად დაგვიდგა ახალი ეკონომიკური რეალობა შიდა ფაქტორებით, ისე გარე ბაზრებზე. ” (სტილი დაცულია)

აცხადებს, პრეზიდენტის შეფასების თანახმად, საქართველოში ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, ლადო გურგენიძე. მისი თქმით, გლობალურ ბაზარზე სიტუაციის შეცვლამ - ნედლეულზე ფასების ზრდამ - საქართველოს და მის მოსახლეობას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ბიუჯეტი აქამდე ინფრასტრუქტურაზე იყო ორიენტირებული და დადგა დრო, ხალხისკენ შემობრუნდეს. ” საქართველოში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ღირსეულად ცხოვრების პირობები” - ასეთია გურგენიძის, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მთავარი ამბიცია. მაგრამ წინ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია... მისი დანიშვნა კი დიდწილად იმ უკმაყოფილებამ განაპირობა, რაც საქართველოს მოსახლეობას ბიუჯეტის ინფრასტრუქტურაზე ორიენტაციამ და ადამიანების ინტერესების დაჩრდილვამ დაუგროვა.



XS
SM
MD
LG