Accessibility links

logo-print

დაიწყო თუ არა მოქმედმა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია


მასწავლებელთა ხელფასების გაზრდის, მეცნიერებათა აკადემიის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანის, ბაზრებსა და ბაზრობებზე სალაროს აპარატების გაუქმების

და სხვა სოციალური ხასიათის ინიციატივებით გამოსვლასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეშის დარიგება და დასაქმების პროგრამის წამოწყება გადაწყვიტა. არის თუ არა ეს წინასაარჩევნო კამპანია და როგორ მიმდინარეობს დასაქმების, შეშის დარიგების თუ სხვა საპრეზიდენტო პროგრამები?

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში სათბობი შეშის ვაუჩერების დარიგება დაიწყო. მინისტრ დავით ჩანტლაძის განცხადებით, 5 კუბური მეტრი შეშის ვაუჩერი 900 ათასამდე მოქალაქეს დაურიგდება და ის ძალაში იქნება 2012 წლამდე.

[დავით ჩანტლაძის ხმა] ”ვაუჩერები დარიგდება საქართველოში 5 დიდი ქალაქის გარდა. თითოეულ მოსახლეს ვაუჩერი მიუვა სახლში. მინდა აღვნიშნოთ, რომ მათ, ვისაც არ აქვს მომარაგებული სათბობი შეშა, შეუძლიათ უკვე გამოიყენონ ეს ვაუჩერი. ხოლო ვისაც მომარაგებული აქვთ შეშა, შეუძლიათ ეს ვაუჩერი გამოიყენონ მომავალ წლებში.”(სტილი დაცულია)

ამ განცხადების შემდეგ სათბობი შეშის ვაუჩერების დარიგება სამცხე-ჯავახეთში დაიწყო.

პრეზიდენტის პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი თბილისის ბაზრობებზე სიარულსა და იქ ბუკლეტების დარიგებას შეუდგნენ. ბუკლეტებში განმარტებულია, თუ ვისი ინიციატივით და რატომ მოიხსნა სალაროს აპარატების აუცილებლობა. დეპუტატ ელდარ კვერნაძის კომენტარი:

[ელდარ კვერნაძის ხმა] ”მოვაჭრეებს ჩვენ გავაცანით ის პროექტი, რომელზეც პარლამენტი იმსჯელებს და, ვფიქრობთ, პარლამენტი დადებითად გადაწყვეტს ამ საკითხს.”

მმართველმა უმრავლესობამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ბაზრობები ოპოზიციის ლიდერებმა მოიარეს და სალაროს აპარატების გაუქმება საკუთარ დამსახურებად გამოაცხადეს.

ბაზრებისა და ბაზრობების მოვაჭრეები დადებითად აფასებენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯს. მათგან განსხვავებით, ჯერჯერობით გაწბილებულნი არიან უმუშევრები, რომლებიც დასაქმების პროგრამის დაწყებას დღეს ელოდნენ: საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიასთან რეგისტრაციისთვის შეკრებილ მოქალაქეებს აუწყეს, რომ დასაქმების პროგრამა დღეს არ დაიწყება.

[მოქალაქეთა ხმა] ”ხალხი სუყველა ნერვებმოშლილია - იცადა, იცადა და წავიდა სახლში. ეს მე დაცინვად მიმაჩნია...”

ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას სახელმწიფო რესურსის ხარჯზე ეწევა. მთავრობის ახალი ინიციატივები რომ საპრეზიდენტო კამპანიაა, ამას ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილიც აცხადებს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”ოღონდ ახლა ტყავი გადაირჩინოს, მთელ საქართველოს ქონებას უფასოდ ჩამოარიგებს.”

პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური პროგრამები, უბრალო მოქალაქეთა უმრავლესობის აზრითაც, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. თუმცა ამის გამო ისინი უკმაყოფილებას ნაკლებად გამოთქვამენ.

[მოქალაქეთა ხმა]

მოქალაქეთა ასეთი განწყობის მიუხედავად, საარჩევნო კამპანია ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის გამოცხადებული, რადგან ოფიციალურად ჯერჯერობით არც საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.

XS
SM
MD
LG