Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში მიმდინარე პროცესები კვლავ რჩება რუსეთის ბეჭდვითი მედიის ყურადღების ცენტრში.

მოსკოვში გამომავალი თითქმის ყველა გაზეთი ყოველდღე აქვეყნებს რეპორტაჟს თბილისიდან. ბოლო დღეებში კი, თამარ ჩიქოვანის შენიშვნით, რუს ჟურნალისტებს ორი ახალი სახელის დამახსოვრება მოუხდათ: მიხეილ სააკაშვილის პარალელურად, რუსეთის გაზეთების ფურცლებზე ყველაზე ხშირად ლევან გაჩეჩილაძის და ლადო გურგენიძის გვარები ფიგურირებს.


”მიხეილ სააკაშვილმა პრემიერად მეგობარი დანიშნა”, - წერს დღევანდელი გაზეთი ”იზვესტია”, რომლის აზრითაც, ეს დანიშნვა სენსაციად ვერ იქცა, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის როლი ქართულ პოლიტიკაში უკიდურესად მცირეა, კანდიდატის შერჩევისას კი გადამწყვეტი პირადი ერთგულებაა. საქართველოს ოპოზიცია პრემიერობის კანდიდატს ”სამეფო კარის” ბიზნესმენს უწოდებს და პირობას დებს, რომ აუცილებლად გაარკვევს, როგორ გაიმარჯვა თავის დროზე” საქართველოს ბანკმა” თითქმის ყველა სახელმწიფო ტენდერში. ამასობაში, ლადო გურგენიძემ ახალი კაბინეტის შემადგენლობა წარმოადგინა, რომელმაც მინიმალური ცვლილებები განიცადა, - წერს გაზეთი და შენიშნავს, რომ კახა ლომაია, რომელიც ვარდების რევოლუციამდე საქართველოში სოროსის ფონდს ხელმძღვანელობდა, განათლების მინისტრობისას საზოგადოებას აღიზიანებდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების კომენტარებით. ”ახლა ის უფრო თავშეკავებული იქნება - მას უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქციის შესრულება მოუწევს.”
19 ნოემბრის ”ნეზავისიმაია გაზეტას” ცნობით, ზურაბ ნოღაიდელის შესაძლო გადადგომის შესახებ ხმები კარგა ხანია, დადიოდა. ერთი ვერსიით, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკუთარი სურვილით აპირებდა თანამდებობის დატოვებას, სხვა მოსაზრებით კი, ზურაბ ნოღაიდელის პრემიერობა მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარების პერიოდს დაემთხვა - რეფორმებით უკმაყოფილოთა რაოდენობის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ნოღაიდელთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა წამგებიანი იქნებოდა. ”ნეზავისიმაია გაზეტას” აზრით, ახალი პრემიერობის კანდიდატი პოლიტიკისგან შორს მდგომი, ”საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე წინასაარჩევნო პერიოდისთვის კარგი არჩევანია: ”გურგენიძეზე ცნობილია, რომ კარგი განათლება მიიღო აშშ-ში, დიდხანს მუშაობდა ბრიტანეთის სხვადასხვა ბანკში წამყვან თანამდებობაზე.”
ნოღაიდელის გურგენიძით შეცვლას ძლიერ პიარ-სვლას უწოდებს ჟურნალი ”კომერსანტი”, რომლის აზრითაც, ახალი პრემიერის დახმარებით მიხეილ სააკაშვილი იმ სოციალური პრობლემების მოგვარებას შეეცდება, რომელთა გამოც ნოემბრის აქციებზე ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
”მინდა საქართველოს უკანასკნელი პრეზიდენტი ვიყო” - ასეთი სათაურით ბეჭდავს 19 ნოემბრის გაზეთი ”იზვესტია” ინტერვიუს ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძესთან. მისი განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, არ შეიცვლება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, ბიზნესი გათავისუფლდება სახელმწიფო წნეხისგან, ჩამოყალიბდება ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი კონკურენტული გარემო და დამოუკიდებელი სასამართლო. გარდა ამისა, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ის ძალას არ დაიშურებს, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.
და კიდევ ერთი პუბლიკაცია: გაზეთ ”ტრუდის” მონაცემით, უკვე დღეს ლევან გაჩეჩილაძე რეიტინგით 2 პუნქტით უსწრებს მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, როგორც გაზეთს განუცხადა ეკონომიკური რეფორმების სფეროში სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ, იმის მიუხედავად, რომ ბოლო მოვლენების შემდეგ პრეზიდენტის პოპულარობამ დაიკლო, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობის შენარჩუნებას შეძლებს.
XS
SM
MD
LG