Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები დღეს გამოსული ბეჭდური მედიის ერთ–ერთი მთავარი თემაა.

”შეცვლილი მთავრობა ახალი ცვლილებების მოლოდინში” - პუბლიკაციაში, რომელსაც გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა მთავრობის ცალკეული წევრების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებაში ნდობის აღსადგენად მიიღო. თუმცა, ვინაიდან ცვლილებები ძალოვან მინისტრებს არ შეეხოთ, „რეზონანსის“ თანახმად, ოპოზიციის მოთხოვნა მხოლოდ მესამედით შესრულდა. გადაადგილება კი, ფაქტობრივად, ისეთია, რომ ხელისუფლების კურსის შეცვლაზე არ მეტყველებს. „რეზონანსისვე“ ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობაში კიდევ ერთი ცვლილება იგეგმება. სავარაუდოდ, თანამდებობას კახა ბენდუქიძეც დატოვებს, შენიშნავს გაზეთი, რომლის შეფასებითაც, ერთ–ერთი, ვისაც არაფერი ემუქრება, ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაურია.

„ქვეყანას ისევ წუწურაქი ნოღაიდელი ერჩივნა, ვიდრე ხელგაშლილი გურგენიძე“, - უთხრა გაზეთ „რეზონანსს“ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა. მისი აზრით, ხელისუფლების მიერ ახალი სოციალური ვალდებულებების შესრულება ინფლაციის პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს: „ასეთი პროგრამების განხორციელებას ცოტა გრძელვადიანი პერიოდები სჭირდება. თუ ვინმე ასეთი რამის განხორციელებას ერთ თვეში აპირებს, ეს მთლიანად დაანგრევს ისედაც დანგრეულ ეკონომიკას. ასე სწრაფად ასეთი თანხების ათვისება არ ხდება და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნოდ ირჯება. ამიტომაც ფაქტია, რომ 5 იანვრის შემდეგ, ვისაც დღეს თავს ევლებიან და ვისაც ძალიან დაუტკბნენ, ყველა ფენას ისევ დაივიწყებენ, ისევ დაიწყებენ ამ ხალხის ჩარეცხვას და, ამ ჩარეცხვასთან ერთად, მათი ჯიბეების დაცარიელებას. ეს იმდენად მარტივი რაღაცაა, ამას თუ ვინმე ვერ მიხვდება, თავის თავს დააბრალოს.”

”მოთხოვნილებათა პირამიდა და საარჩევნო ყუთი” – სტატიას ამ სათაურით დღეს გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს. გაზეთის თანახმად, ბოლო დროს ბევრი დაიწერა და ითქვა იმაზე, თუ რაში შეცდა პრეზიდენტი, პარლამენტი, ოპოზიცია, ოღონდ იმის გაანალიზებას, თუ რა შეცდომებს უშვებს საზოგადოება, ძალიან მცირე დრო დაეთმო: „ დემოკრატია უფლებებთან ერთად მოვალეობებსაც ნიშნავს და როდესაც ხელისუფლებას ვუკიჟინებთ მოვალეობის შესრულებას, საკუთარ თავსაც ვკითხოთ, ”აბა, დღეს მე ვის რა ვარგეო“. და თუ ამ გზით სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველთვის იარსებებს ის ყუთი, რომლის საშუალებითაც თითოეულმა ჩვენგანმა შეიძლება ხელისუფლებას ჩვენი სათქმელი ვუთხრათ. ამ ყუთს „საარჩევნო ყუთი“ ჰქვია.“

„ირაკლი წერეთელი თავის კანდიდატურას ნათელაშვილის სასარგებლოდ მოხსნის“, თავის მხრივ კი, „ ნათელაშვილი ოპოზიციას კოალიციურ მთავრობაში ეპატიჟება.“ ამ და სხვა საკითხებს დღეს გაზეთი „ახალი თაობაც“ ეხმიანება. დღესვე გაზეთის ფურცლებზე წაიკითხავთ სტატიას იმაზე, „რატომ დანიშნა სააკაშვილმა ლომაია უშიშროების საბჭოს მდივნად“. „ თუ სიმართლე გვინდა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქციებს ხშირად ლომაია ითავსებდა. ოპოზიციას ეს როგორ გამორჩებოდა და მათ არაერთხელ ურჩიეს პრეზიდენტს–ეგ კაცი უშიშროების სამსახურში გადაიყვანეო. პრეზიდენტმა ეს რჩევა გაითვალისწინა და ლომაია უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა. ნუგზარ საჯაიას შემდეგ საქართველოში ეს პოსტი გაუფერულდა. ამჯერად კი, შესაძლოა, მან თავისი ფუნქციები დაიბრუნოს“, - შენიშნავს გაზეთი „ ახალი თაობა.“
XS
SM
MD
LG