Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ბრუნდება გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩაში


გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ, რომელშიც 10-მდე პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელების პარალელურად, ქუჩის აქციების განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის განახლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და სამართლიანი საარჩევნო სისტემის შემოღება - ეს არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებასაც მოითხოვს ოპოზიცა და რისთვისაც მხარდამჭერებს 25 ნოემბრისთვის დანიშნულ საპროტესტო აქციაზე ეპატიჟება. რატომ გადაწყვიტა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ქუჩის აქციების განახლება?

გაერთიანებული ოპოზიცია 2 ნოემბრის მიტინგისთვის მთელი ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდა. მასშტაბური საპროტესტო აქცია 5 დღე გაგრძელდა და 7 ნოემბერს მხოლოდ სპეციალური დანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დაიშალა, თუმცა რუსთაველიდან რიყეზე გადანაცვლებული ოპოზიციის ლიდერები მოსახლეობას მაინც მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „მოდით! მოდით ჩვენთან! მოდით!...“

მაგრამ რამდენიმე საათში პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მიტინგების ჩატარებაც აიკრძალა. ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს ქვეყანა 16 ნოემბერს დაუბრუნდა, ოპოზიციამ კი მიტინგების განახლების გადაწყვეტილება სამი დღის შემდეგ მიიღო. გაერთიანებული ეროვნული საბჭოს წევრები მხარდამჭერებს კვლავ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

[კობა დავითაშვილის ხმა] „კვირას, 14 საათზე, რიყეზე შევიკრიბებით და დავიძრებით პარლამენტის შენობისკენ მშვიდობიანი მანიფესტაციითა და ერთადერთი მოთხოვნით, დაუყოვნებლივ მოიხსნას სიტყვის თავისუფლებაზე ცენზურა და აღდგეს ტელეკომპანია „იმედი“. ბრძოლა გრძელდება, ჩვენ მოვედებით მთელ ქალაქს, ჩვენ მოვედებით მთელ საქართველოს და ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით 5 იანვარს, სადაც გაიმარჯვებს ხალხი, გაიმარჯვებს საქართველო.“


სიახლეს მყისიერად გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. ნინო ბურჯანაძისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიღო ოპოზიციამ ასეთი გადაწყვეტილება, მაშინ როცა დიალოგის რესურსი ბოლომდე არ ამოწურულა, როცა ხელისუფლებამ ბევრი დათმო და, როცა მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცათ:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „მე ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანაში ვითარება იყოს მაქსიმალურად სტაბილური, პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდეს, არჩევნები ჩატარდეს დამოუკიდებლად და სამართლიანად. მე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, დასვით შეკითხვა - რატომ უნდათ ადამიანებს ქუჩის აქციები მაშინ, როცა არჩევნებია დანიშნული.“

ნინო ბურჯანაძის პასუხად დეპუტატი კახა კუკავა ამბობს, რომ ოპოზიცია მზადაა ნებისმიერ დროს განაახლოს მოლაპარაკება, თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები ამისთვის მზად იქნებიან. ცნობისათვის: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 ნოემბერს დანიშნული შეხვედრა იმის გამო ჩაიშალა, რომ ოპოზიის დელეგაციაში სალომე ზურაბიშვილი გოგა ხაინდრავამ შეცვალა. კახა კუკავას კომენტარი:

[კახა კუკავას ხმა] „ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას ახლა მაინც გამოიჩინოს კეთილგონიერება და მიუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას, იმიტომ რომ დაილოგის ერთადერთი ალტერნატივა არის პოლიტიკური პროცესების გადანაცვლება ქუჩაში და ვარწმუნებ, რომ მათთვისაც და ქვეყნისთვისაც ჯობს ეს საკითხები გადაწყდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ქუჩაში.“

საკითხები, რომელთა შესახებაც კახა კუკავა საუბრობს, „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენა, ნოემბრის აქციების მონაწილეთა დევნის შეწყვეტა და სამართლიანი საარჩევნო სისტემის მიღებაა, თუმცა ამ გაცხადებული მიზნების უკან ფილოსოფოსი გიგი თევზაძე ოპოზიციის სხვა გათვლებსაც ხედავს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ბევრი დათმო და ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, გიგი თევზაძის აზრით, ეს ის საკითხი არაა, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს:

[გიგი თევზაძის ხმა] „ესეც დიალოგის სფეროა... ისინი კი, ვინც ამბობდნენ, რომ ხელისუფლება ცუდად მოიქცაო, თანხმდებიან, რომ „იმედი“ იყო პოლიტიკური იარაღი პატარკაციშვილის ხელში, ამიტომ დიალოგი უნდა გაიმართოს „იმედის“ მფლობელებთან. ანუ ეს ადამიანები უნდა შეთანხმდენ საზოგადოების იმ აქტიურ ნაწილთან, რომელიც პრინციპში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ემხრობა, მაგრამ ამბობს, რომ პრობლემაა „იმედის“ ასეთი სახით არსებობა. ქუჩის აქციებით ასეთი საკითხი, ბუნებრივია, ვერ გადაწყდება.“(სტილი დაცულია)

გიგი თევზაძის თქმით, ოპოზიცია ქუჩის ხმაურიანი აქციებით საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულ საბჭოში აცხადებენ, რომ მიტინგებით, გარდა იმისა, რომ ხალხთან მყარდება მჭიდრო კონტაქტი, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეც კეთდება. ლევან გაჩეჩილაძის კომენტარი:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „ის, რომ დღეს ასეთი გულკეთილია პრეზიდენტი სააკაშვილი და ამდენ კარგ რამეს აკეთებს, - დაწყებული მეცნიერებიდან, დამთავრებული ხალხის გათბობით, - ესეც ჩვენი დამსახურებაა. ასე რომ, ხალხთან ურთიერთობა, რაც შეიძლება გულწრფელი და ღია ურთიერთობა, სამომავლოდაც გაგრძელდება.“

ღია და გულწრფელი ურთიერთობა, ლევან გაჩეჩილაძის თქმით, 25 ნოემბრისთვის დანიშნულ მიტინგზეც გაგრძელდება. ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, 2 საათზე რიყეზე შეიკრიბება, საიდანაც მოგვიანებით მიტინგი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, გადაინაცვლებს.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG