Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის გაკეთებას აპირებს ლევან გაჩეჩილაძე არჩევნების მოგების შემთხვევაში


ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ გამოცხადებამდე თითებზე ჩამოსათვლელი დღეები რჩება,

თუმცა, ამის მიუხედავად, პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატები არ ჩქარობენ საარჩევნო პროგრამების გამომზეურებას. თუ მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლის გულის მოგებას, ძირითადად, სოციალური პროექტებისა და ტელეეთერის საშუალებით ცდილობს, მისი ოპონენტები იძულებულნი არიან მოსახლეობა მიტინგებით, უშუალო შეხვედრებითა და ლოზუნგების მსგავსი განცხადებებით მიიმხრონ. არადა, ადგილობრივი მედიისა და ამომრჩევლების გარდა, პრეზიდენტობის კანდიდატების გეგმები ცხოველ ინტერესს იწვევს უცხოეთშიც. სწორედ ამ ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურებოდა ტელეხიდი მოსკოვი-თბილისი, რომელსაც უმასპინძლა საინფორმაციო სააგენტომ „ახალი ამბები - საქართველო“ და რომელშიც გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე მონაწილეობდა.


რუსმა და რუსეთში აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა ლევან გაჩეჩილაძეს, პირველ რიგში, საქართველოში შექმნილი მდგომარეობის აღწერა და შეფასება სთხოვეს.

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „საქართველოში დღეს არის ძალიან რთული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის აქციებით დადასტურდა. დღემდე გრძელდება სერიოზული ტერორი არა მარტო ოპოზიციის, არამედ მოსახლეობისაც. ეს ინფორმაცია მოსახლეობამ არ იცის იმის გამო, რომ საქართველოში აღარ არსებობს თავისუფალი მედია. სააკაშვილი უსამართლოდ და უსინდისოდ აგრძელებს თავის წინასაარჩევნო აქციებს. ბიუჯეტის სახსრებიდან ხელმძღვანელობს თავის საარჩევნო კამპანიას. აი, ეს სიტუაციაა საქართველოში.“(სტილი დაცულია)

ლევან გაჩეჩილაძეს ასევე ჰკითხეს მიხეილ სააკაშვილთან მისი ურთიერთობის შესახებ. შეკითხვას, რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ყოფილი მეგობრები, პრეზიდენტობის მომავალმა კანდიდატმა ასე უპასუხა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც მოატყუა, მაგრამ ჩემ შემდეგ მთელი საქართველო და მსოფლიო მოატყუა. მე, უბრალოდ, ადრე მივხვდი, რომ იყო მატყუარა. აქედან გამომდინარე გავხდი მისი სერიოზული ოპონენტი.“(სტილი დაცულია)

ნიშნავს თუ არა სააკაშვილთან ოპონირება იმას, რომ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო თვისებრივად შეცვლის დამოკიდებულებას როგორც რუსეთთან, ასევე ნატოსთან?

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „საქართველო თავის განვითარების კურსს დასავლეთისა და ნატოსკენ არ შეცვლის, მაგრამ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი არის საქმის გაკეთება და საქმედ ვთვლი სწორედ რუსეთთან კარგი ურთიერთობის აღდგენას, თუ რუსეთმა მომცა ამის საშუალება, იმიტომ რომ რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ საქართველო ზუსტად ისეთივე ქვეყანაა, როგორიც თავად რუსეთი.“

ლევან გაჩეჩილაძეს ასევე მოუწია განმარტებების მიცემა დესეთეში საქართველოს მომავლისა და კონფლიქტების მოგვარების ხედვასთან დაკავშირებით. აპირებს თუ არა საქართველო თანამეგობრობაში დარჩენას?

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „თქვენ თუ გინდათ დარჩეთ სივრცეში, სადაც ლუკაშენკოა, კი ბატონო, დარჩით! ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფლები.“

რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „ეს არის ძირძველი ქართული მიწები. რუსეთსაც აღიარებული აქვს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ვთვლი, რომ პროცესი უნდა იყოს მშვიდობიანი და რუსეთი ამ პროცესში უნდა გამოვიდეს როგორც დაინტერესებული მხარე და არა როგორც შუამავალი.“(სტილი დაცულია)

ლევან გაჩეჩილაძემ, კონფლიქტების მოგვარებისა და საგარეო ურთიერთობების გარდა, ილაპარაკა ასევე ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის იმ მოდელზე, რომლის შემოღებასაც ოპოზიცია 5 იანვრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აპირებს:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ადეკვატური წყობა არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც დასაშვებია, რომ იყოს პრეზიდენტი, ოღონდ აბსოლუტურად შეზღუდული უფლებებით. მთელი ხელისუფლება გადაეცემა ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ დავნიშნო ასეთი არჩევნები.“

რაც შეეხება ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების აღდგენის პერსპექტივებს, ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ძირითადი მიმართულებები აქაც გამოკვეთილი აქვს:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „ჩვენ აღვადგენთ დემოკრატიის იმ ინსტიტუტებს, რაც იყო საქართველოში. გავაკეთებთ თავისუფალი სასამართლოს რეფორმას, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იქნება ის, რომ ხელს შევუწყობთ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას. პირდაპირ ლობირებას გავუკეთებ საქართველოში კონკურენტუნარიან ბიზნესგარემოს.“

საბოლოო ჯამში, ლევან გაჩეჩილაძემ მედიასთან ურთიერთობას 45 წუთზე მეტი დაუთმო. გაერთიანებული ოპოზიციის რჩეულმა ტელეხიდის მსვლელობისას ისიც თქვა, რომ სულ მალე ქართველი ამომრჩევლის წინაშეც წარდგება დასრულებული საარჩევნო პროგრამით.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG