Accessibility links

logo-print

რა გავლენას მოახდენს საქართველოს ბიუჯეტზე პენსიებისა და ხელფასების ზრდის საპრეზიდენტო ინიციატივა


საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის შესაბამისად, მთავრობამ დეკემბრის თვიდან პენსიები და მასწავლებელთა ხელფასები უნდა გაზარდოს,

ხოლო დასაქმებისა და სხვა სოციალური დახმარების სხვა პროგრამები უკვე მიმდინარეობს. ამ ინიციატივების დასაფინანსებლად წლის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტმა ასობით მილიონი ლარი უნდა დახარჯოს. როგორ აპირებს მთავრობა ხელფასების, პენსიების გაზრდას, სოციალური პროგრამების დაფინანსებას და, ამავდროულად, ამ ინიციატივებით გამოწვეული უარყოფითი შედეგის - ინფლაციის - შეჩერებას?

უკვე წელს, დეკემბრის დასაწყისში, საქართველოს 500 ათასამდე მასწავლებელმა ხელზე უნდა აიღოს 40 ლარით გაზრდილი ხელფასი,ხოლო 800 ათასამდე პენსიონერი 38 ლარიდან 55 ლარამდე გაზრდილ პენსის მიიღებს. მომავალ წელს კი მინიმალური პენსია 72 ლარამდე მოიმატებს, მასწავლებლის ხელფასი კი 200 ლარამდე გაიზრდება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილმა ლადო გურგენიძემ პარლამენტში დამტკიცებამდე გამოსვლისას განაცხადა, რომ სოციალური პროგრამების დაფინანსება ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირების მეშვეობით მოხერხდება:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”რაღაც ასპექტში კიდევ კარგი, რომ ამ ეტაპზე რაღაც საინვესტიციო პაუზა დაგვიდგა ახლა და არა ერთი წლის წინ ან ორი წლის წინ. ამ ეტაპზე ნამდვილად არის იმის საშუალება და იმის სახსრები, აი, გარკვეული გადანაწილებისა და ოპტიმიზაციის საშუალებით ბიუჯეტში, რომ ჩვენ გავამახვილოთ აქცენტები სოციალურ პოლიტიკაზე და გავუწოდოთ ხელი სოციალურად დაუცველ ფენებს.”(სტილი დაცულია)

ლადო გურგენიძის ამ გამოსვლისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ იმყოფებოდა. თუმცა მათი პოზიცია მთავრობის ახალ სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით აქამდეც ცნობილი იყო. ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობა საბიუჯეტო სახსრებით მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. გაცილებით ზომიერი ოპოზიციონერი, ”მრეწველთა” ფრაქციის ლიდერი ზურაბ ტყემალაძე კი ფიქრობს, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდა ინფლაციას აუცილებლად გამოიწვევს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”რას გამოიწვევს, ანალიზი საერთოდ არ არის გათვლილი. გამოიწვევს ინფლაციას, არ გამოიწვევს. რა თქმა უნდა, გამოიწვევს.”(სტილი დაცულია)

სხვაგვარი აზრი აქვს ეკონომიკის ექსპერტს დემურ გიორხელიძეს. მისი განცხადებით, მართალია, ინფლაცია მაღალია, მაგრამ ახალი სოციალური პროგრამების განხორციელებამ, შესაძლებელია, ინფლაციის გაღრმავება არ გამოიწვიოს:

[დემურ გიორხელიძის ხმა] ”ეს იმდენად მიზერული თანხებია, რომ ბიუჯეტში ხარჯების გადაჯგუფებით შეიძლება თითქოსდა მოსალოდნელი უარყოფითი შედეგის თავიდან აცილება. უბრალოდ, პარალელური ხარჯები რაც არის, ძალიან ბევრი არაეფექტური ხარჯი, ის უნდა იქნას შეჩერებული და არავითარი პრობლემა არ იქნება.”(სტილი დაცულია)

საქართველოში ინფლაცია რომ მაღალია, ამას პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძეც აღიარებს. ინფლაციის შეკავების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ფისკალური პოლიტიკის გამკაცრებაა, რაც საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ნიშნავს. პენსიებისა და ხელფასების ზრდის ფონზე კი ეს შეუძლებელი იქნება. ამიტომ, ლადო გურგენიძის აზრით, მთავრობას ისღა დარჩენია, ინფლაცია მონეტარული პოლიტიკით არეგულიროს:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”ამ ფონზე გარდაუვალად მეჩვენება 2008 წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ამას ექნება ასევე უარყოფითი ეფექტი ზრდის ტემპებზე, თუმცა ჩვენ ეს თუ არ გავაკეთეთ, სხვანაირად ჩვენ ვერ მოვხსნით ან ვერ გავაკონტროლებთ იმ ინფლაციურ ფონს, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც საკმაოდ მაღალია.”(სტილი დაცულია)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ პარლამენტში დამტკიცებისას პირობა დადო, რომ მისი კაბინეტის პირობებში გადასახადები არ გაიზრდება, სოციალური პროგრამები გაგრძელდება და ქვეყნის ბიუჯეტიც გაიზრდება.
XS
SM
MD
LG