Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ - მითი თუ რეალობა?


"საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო 7 ნოემბერს სერიოზულ საფრთხეს გადაურჩა: ხელისუფლებამ აღკვეთა სახელმწიფო შეთქმულება, რომელიც ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარით ხორციელდებოდა" - ასეთია ოფიციალური ვერსია

7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით. სახელმწიფო შეთქმულებას გენერალური პროკურატურა იძიებს, ხალხი კი ხელისუფლებისგან უფრო მეტ და დამაჯერებელ არგუმენტებს ელოდება იმ ამბის ასახსნელად, რაც ქვეყანაში მოხდა... ვინ როგორ აღიქვამს ოფიციალურ ვერსიას, ვის სჯერა და ვის არა, ან რატომ სჯერათ, ან რატომ არ სჯერათ იმისა, რომ ყველაფერი ცუდი, რაც საქართველოში ხდება, რუსეთის და მისი ინტერესების გამტარებელი ქართველების ბრალია?

”ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ” - აღარ მახსოვს როდის, მაგრამ თქვა თავის ერთ საჯარო გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა. იმ შემთხვევაში პრეზიდენტი მიღწევებს აჯამებდა და ტელეეკრანიდან ნიჰილისტებს ეკამათებოდა - იმათ, ვისაც ხელისუფლების მიღწევების დანახვა გაუჭირდა, ვინც ვერ დაიჯერა, რომ ”ვარდების რევოლუციით” ქვეყნის სათავეში მოსულმა ენერგიულმა ლიდერმა საქართველოში სხვა სახელმწიფოს შენება დაიწყო და, საერთო ჯამში, წარმატებულადაც. მიხეილ სააკაშვილისთვის მთავარი იყო ის, რომ მის წარმატებებს დასავლეთი აღიარებდა; ის, რომ ჯორჯ ბუშმა საქართველოს ”დემოკრატიის შუქურა” უწოდა; ის, რომ დასავლეთმა რუსეთისგან შევიწროებულ პატარა სახელმწიფოში ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობისგან გათავისუფლების მოსურნე მოდელი სახელმწიფო დაინახა... მაგრამ 7 ნოემბრის შემდეგ მოდელი სახელმწიფოს ლიდერმა უნდა ახსნას ბევრი რამ და, რაც მთავარია, საქართველოთი იმედგაცრუებულ დასავლეთს უნდა დაანახვოს, რომ შეუძლია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მაშინაც კი, როცა იძულებულია წავიდეს დათმობებზე 7 ნოემბერს ნაცემი ხალხის გულის მოსაგებად და შემოსარიგებლად.

”რომ არა რუსეთის ფაქტორი და რომ არა კონკრეტული ოლიგარქის ფაქტორი, საქართველოში მოვლენები განვითარდებოდა ზუსტად ისე, როგორც ვითარდებოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. თავის დროზე იქაც იყო უკმაყოფილება, იქაც იყო მიტინგები, მაგრამ პროტესტის გამოხატვა ჯდებოდა კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში, პროტესტი იქ არ იწვევდა რყევებს. საქართველოში მოვლენები განვითარდა აგრესიულად, გამომდინარე იმ მიზნებიდან, რაც რუსეთს აქვს, და გამომდინრე კონკრეტული ადამიანების ამბიციებიდან”, - ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მაგრამ არსებობს შეკითხვა, რომელსაც სვამს ბევრი და, მათ შორის, საზოგადოებრივი გაერთიანება ”9 აპრილის”თავმჯდომარე ვახტანგ ძაბირაძე - შეკითხვა იმის შესახებ, რა გააკეთა ხელისუფლებამ მისთვის ცნობილი რუსული ფაქტორის გასანეიტრალებლად:

[ვახტანგ ძაბირაძის ხმა] ”რუსეთს რომ აწყობდა და რუსეთი რომ ამას გამოიყენებდა, უნდა გაეანალიზებინა თუ არა ხელისუფლებას მანამდე, სანამ 7 ნოემბერს მიტინგს დაარბევდა? ან თუ გააანალიზა, რა დასკვნამდე მივიდა? რომ პატარკაციშვილი არის რუსი! მე არ ვიცი, ასეა თუ არა, მაგრამ თუ ასეა, სატელეფონო საუბრის გარდა, სხვა დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს?!”

”საქართველოში აღკვეთილ იქნა სახელმწიფო შეთქმულება, რომლის სცენარიც დაიწერა ქვეყნის გარეთ და რომლის განხორციელებასაც სათავეში ბადრი პატარკაციშვილი ედგა. სცენარი ხელისუფლებისთვის ჯერ კიდევ 2007 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. ის გულისხმობდა სააკაშვილის ხელისუფლებაზე განაწყენებულების - პატარკაციშვილისა და ოქრუაშვილის - ინტერესების გაერთიანებას, ამასთან, რუსეთის რეზიდენტების საქმეში ჩართვას, ოპოზიციის ლიდერების გამოყენებას სოციალური პრობლემებით უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად, ტელეკომპანია ”იმედის”, როგორც პროპაგანდისტული იარაღის, სრულად ამუშავებას, ვითარების უკიდურესად დაძაბვას და არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლას” - დაახლოებით ასეთია ოფიციალური ვერსია. ამ ვერსიის დამამტკიცებელ ყველაზე თვალსაჩინო საბუთად ხელისუფლებას მართლაც ფარული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოაქვს და როცა მის წარმომადგენლებს ვეკითხებით, ”თუ სცენარის შესახებ ცნობილი იყო 2007-ის აგვისტოში, რატომ მივიდა საქმე 7 ნოემბრამდე”, პასუხი ასეთია:

[გივი თარგამაძის ხმა] ”საფრთხე იყო საკმაოდ დიდი და მოკლე პერიოდში პრევენციული ზომებით განეიტრალება იყო ძალიან რთული. გათვლა იყო საერთაშორისო თანამეგობრობაზე. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის პრევენციული ზომების ახსნა იქნებოდა ძალიან ძნელი.”

ამიტომ, გივი თარგამაძის თქმით, ხელისუფლებამ წინასწარი ზომების გატარებას მზადება არჩია, მზადების შედეგად კი შეძლო საფრთხის თავიდან აცილება. სახელმწიფო გადატრიალება არ შედგა და, რაც ყველაზე მთავარია, თავიდან იქნა აცილებული მსხვერპლი.

რუსეთში მომზადებული სცენარით საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებისა საზოგადოების ნაწილს სჯერა, ნაწილს - არა. ოქტომბრის ბოლოს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე ვახტანგ ძაბირაძე ერთადერთი იყო, ვინც ეწინააღმდეგებოდა პერმანენტული საპროტესტო აქციების იდეას. ის 2 ნოემბერს ერთჯერადი დიდი მიტინგის ჩატარების წინადადებით გამოდიოდა, ვინაიდან შიშობდა ხელისუფლებას არ გადაედგა ისეთი ნაბიჯი, რომლის შედეგითაც საქართველოს მტრული ძალები ისარგებლებდნენ. დღეს ვახტანგ ძაბირაძე ვერ ხედავს ლოგიკას ოფიციალურ ვერსიაში და ფიქრობს, რომ ამ ვერსიის დასაბუთების მცდელობა ხელისუფლებას სასაცილო მდგომარეობაში აგდებს.

ასე არ ფიქრობს პოლიტოლოგი თემურ იაკობაშვილი. მას ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველოში განვითარებულ პროცესებში რუსეთი აქტიურად იყო ჩართული, უშვებს რუსეთთან ბადრი პატარკაციშვილის კავშირსაც, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ პატარკაციშვილისთვის ამ კავშირზე მაღლა პირადი და ფინანსური ინტერესები უნდა იდგეს. პატარკაციშვილის და ოქრუაშვილის ურთიერთობა ცნობილია; ფაქტია, რომ პატარკაციშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა ოპოზიციის საპროტესტო კამპანიის დაფინანსებაც. ამ და სხვა დეტალების გათვალსწინებით, იაკობაშვილი ოფიციალურ ვერსიაში სიმართლეს და ლოგიკას ხედავს, მაგრამ ფიქრობს, რომ არ შეიძლება რუსეთის ფაქტორის გაფეტიშება:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”როცა ქვეყანაში რაღაც ხდება, პირველ რიგში, პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. ოპოზიციამაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, როცა მას ხალხი ქუჩაში გამოჰყავს და იცის, რაზე მიდის. ეს ყველაფერი მთავრობას აჰკიდო ან მთავრობამ რუსეთს აჰკიდოს, ასე არ არის. რუსეთის ინტერესები იყო, მაგრამ ხალხს მიზეზი რომ არ ჰქონოდა, ქუჩაში არ გამოვიდოდა. რატომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში? რატომ მოუწია ოპოზიციას უცნაურ გაერთიანებებში შესვლა? მე ვიცი, რომ იყო სერიოზული პრობლემა ოპოზიციის დაფინანსების. ”

ამდენ ”რატომზე” ხელისუფლებას პასუხის გაცემა მართებს უფრო დამაჯერებლად... მისი წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აღკვეთეს რუსეთის სცენარით სახელმწიფო გადატრიალება და ახლა მარტო საერთაშორისო საზოგადოებას კი არა, საკუთარ მოსახლეობას უნდა დაუდონ ამის დამამტკიცებელი საბუთები, თორემ ის პროპაგანდა, რასაც საქართველოს ტელევიზიები 7 ნოემბრის შემდეგ ეწევიან, საზოგადოების დიდ ნაწილს საბჭოთა პროპაგანდას აგონებს, ნოემბრის აქციების ორგანიზატორებს კი აძლევს მიზეზს, პოლიტიკურ ტერორზე ილაპარაკონ:

[თინა ხიდაშელის ხმა] ”ჩვენ ყველანი ან ვართ ბრალდებულები სამშობლოს ღალატში და შპიონაჟში, ან არ ვართ. ვინაიდან ჩვენ სამართლებრივად ბრალდებულები არ ვართ, მაშინ ის, რასაც ეკრანებზე ვუყურებთ, არის პოლიტიკური ტერორი.”

ამბობს თინა ხიდაშელი. 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ისიც მიმართავდა სიტყვებით: ”მოდით და დავამთავროთ ეს ხელისუფლება!”, მაგრამ განმარტავს, რომ ასეთი მოწოდება მისი და მისი თანამებრძოლების მხრიდან არ გულისხმობდა ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლას. გარისკეს თუ არა მან და ოპოზიციის სხვა ლიდერებმა საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსებთან ერთობაში შესვლით? თემურ იაკობაშვილი ფიქრობს, რომ გარისკეს, და ისევე, როგორც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც მოხდა, ოპოზიციის ლიდერებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა რისკის გაწევის გამო. მთავარია, რომ 7 ნოემბერს არ იყო მსხვერპლი. მაგრამ, თემურ იაკობაშვილის სიტყვებით, ეს არც ხელისუფლების დამსახურებაა და არც ოპოზიციის - 7 ნოემბერს დიდ ტრაგედიამდე ერთი ნაბიჯი იყო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG