Accessibility links

დასავლეთის ქვეყნების განსხვავებული როლი საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში


თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს თუ არ ჩავთვლით, 7 ნოემბრის შემდეგ საქართველოში ჩამოსული მეგობარი ქვეყნების ყველა ლიდერი ოფიციალური ვიზიტის დროს, ხელისუფლების გარდა, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ხვდება.

ამ ტრადიციას პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკიც გააგრძელებს, რომლის ვიზიტი 22 ნოემბერს იწყება. რასთან გვაქვს საქმე - უბრალო პროტოკოლურ ვალდებულებასთან, თუ დასავლეთის ლიდერებს სურთ, რომ შუამავლის როლი იკისრონ 7 ნოემბრის შემდეგ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად?

15 ნოემბერს, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა, ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი სერგეი სტანიშევი ესტუმრა. სტანიშევი ამ რანგის პირველი სახელმწიფო მოღვაწე აღმოჩნდა, ვინც ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, შემდეგ - ოპოზიციის წარმომადგენლებს და შემდეგ - საქართველოს პრეზიდენტს. სავარაუდოდ, ასეთსავე ”მაქოსებურ დიპლომატიას” მიმართავს პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელიც საქართველოში 22 ნოემბრის საღამოს ჩამოდის. გაერთიანებული ოპოზიციური ”ეროვნული საბჭოს” წევრ კახა კუკავას აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციასთან შეხვედრის გამართვას შაბათს ლიტვის პრეზიდეტი ვალდას ადამკუსიც გეგმავს. კუკავამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ დასავლეთის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ნელ-ნელა რწმუნდებიან, რომ ქართული ოპოზიცია ანგარიშგასაწევი ძალაა:

[კახა კუკავა] ”მე ვერ გეტყვით, თითქოს ისინი ჩამოყალიბებულნი არიან, რომ მაინცდამაინც უდა მოხდეს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ის პოზიცია, რაც ადრე იყო, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნებოდა სააკაშვილის ხელისუფლებას, ეს პოზიცია შეიცვალა. და ეს არის თავისთავად ძალიან დიდი მიღწევა, რასაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ აგვეხსნა - რომ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ პოლიტიკურ კონსენსუსს და არა რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის მმართველობას.”(სტილი დაცულია)


ოპოზიციის წარმომადგენელთა ასეთ ინტერპრეტაციას გადაჭარბებულს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი ნინო ნაკაშიძე დასავლეთის ქვეყნების ლიდერების ჩამოსვლას და ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათ შეხვედრებს დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობის სურვილით ხსნის. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში დეპუტატმა ახსნა, თუ რა გზავნილით ჩამოდიან მეგობარი ქვეყნების ლიდერები საქართველოში:

[ნინო ნაკაშიძე] ” ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა პრეზიდენტმა, არის კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ დემოკრატიული პროცესები მაინც მიმდინარეობს სახელმწიფოში. და ძირითადი გზავნილი არის ის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიული განვითარება. ამ ეტაპზე მაინც არ არის დემოკრატიული განვითარება ისეთი მკვეთრად ჩამოყალიბებული საქართველოში და მას სჭირდება უამრავი ძალისხმევა. და ამაში ჩვენ ყველანაირი დახმარება გვექნება დასავლეთიდან.”

საქართველოში მიმდინარე პროცესებით დასავლეთის განსაკუთრებულ დაინტერესებას თავისებურად ხსნიან პოლიტოლოგები. დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პროფესორი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდა დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობა, დასავლეთის ის ქვეყნები, რომლებიც ძლიერად ემხრობოდნენ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას, სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგნენ. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლება უფრო მეტად არის დაინტერესებული საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაღრმავებით, მაშინ როცა თურქეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ სტაბილური საქართველო აინტერესებთ. შესაბამისად, ამ ქვეყნების პრეზიდენტები ამიტომ არ შეხვდნენ ქართულ ოპოზიციასო, - უთხრა სოსო ცინცაძემ რადიო ”თავისუფლებას”:

[სოსო ცინცაძე] ”ვთქვათ, ახლა, პოლონეთს, ლიტვასა და მაგათ[ბალტიისპირეთის ქვეყნებს] ერთი სული აქვთ, ჩვენ ნატოში [როდის შევალთ], რადგან მხარდამჭერები ეყოლებათ იქ. და ეგენი[ეს ქვეყნები] გულგრილები ვერ იქნებიან, თუ ჩვენი პერსპექტივები როგორი იქნება ევროსტრუქტურებში. არა მარტო ნატოში, საერთოდ, ევროპაში ჩვენი ავტორიტეტი როგორ იქნება.”(სტილი დაცულია)

გარდა ამის, როგორც ჩანს, პოლონეთის მთავრობამ, საქართველოს შემთხვევაში, საერთაშორისო შუამავლის ფუნქცია იკისრა ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხში, რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის განახლებას ეხება. 21 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ამ მიზნით საქართველოში უახლოეს ხანში ჩამოვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი. თუ რა რეკომენდაციები აქვს ბატონ შიკორსკის, ცნობილი არ არის, თუმცა,პოლონური რადიოს ცნობით, ამ მისიის შესრულება პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ვაშინგტონმა და ევროკავშირმა სთხოვეს.

XS
SM
MD
LG