Accessibility links

logo-print

რას ფიქრობენ თბილისელები „ვარდების რევოლუციაზე“?


ნალექიანი ამინდის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ „ვარდების რევოლუციის“ ოთხი წლისთავი მაინც საზეიმო ვითარებაში აღნიშნა.

23 ნოემბერს დედაქალაქის მერიისა და მმართველი პარტიის მესვეურებმა თბილისელები პარლამენტისა და მერიის შენობების წინ ქართველი და უცხოელი მომღერლების კონცერტზე მიიწვიეს, მანამდე კი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლონელმა კოლეგამ ლეხ კაჩინსკიმ ასევე თბილისში, თამარ მეფის ხიდთან, ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის - პრომეთეს - ძეგლი გახსნეს. როგორ აღნიშნეს „ვარდების რევოლუციის“ მორიგი წლისთავი საქართველოში და როგორ აფასებენ თბილისელები გასულ ოთხ წელიწადს?


ტრადიციულად, ყოველი წლის 23 ნოემბერს, ანუ „ვარდების რევოლუციის“ წლისთავზე, ხელისუფლება წინა წლისა და, საზოგადოდ, ”ვარდების რევოლუციის” მონაპოვარს აჯამებს ხოლმე. გამონაკლისი არც 2007 წლის 23 ნოემბერი ყოფილა, თუმცა პირველად, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებებში თვითკრიტიკის ელემენტებიც გაჩნდა:

[გიგი წერეთლის ხმა] „ეს გაცილებით ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ და შეიძლება იმაზე მეტიც მოხდა, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით. რა თქმა უნდა, იყო ბევრი სირთულე, მტკივნეული რეფორმები, დანაკარგები და ტრაგიკული მოვლენები ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ეს იყო სვლა წინ.“(სტილი დაცულია)

გიგი წერეთლის - საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის - ამ ნათქვამს ბევრი თბილისელი იზიარებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ შვიდი ნოემბრის მოვლენებმა ”ვარდების რევოლუციის” მონაპოვარი მნიშვნელოვნად დააკნინა.

[მამაკაცის ხმა] „რეპრესიები არ მომწონს. მილიცია გახდა დაუნდობელი. მაგრამ კარგიც კეთდება. მომწონს ამდენი რამ რომ შენდება.“

[მამაკაცის ხმა] „შადრევნებიც კარგია, მშენებლობაც კარგია, მაგრამ ცოტა ხალხს უნდა მიხედონ.“

[ქალბატონის ხმა] “ბევრი რამე გააკეთეს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ამ შეღებილი ფასადების მიღმა ისევ ის თბილისი იმალება, რაც იყო. შიგნიდან არაფერი შეცვლილა.“

ირკვევა, რომ, ამ მოქალაქეების მსგავსად, „ვარდების რევოლუციის“ ავკარგიანობაზე ქართველი ისტორიკოსებიც მსჯელობენ. მეტიც, მათ მიერ აღწერილ „ვარდების რევოლუციას“ საშუალო სკოლებში ასწავლიან. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბონდო კუპატაძე განმარტავს:

[ბონდო კუპატაძის ხმა] „მოცულობა არის A-4 ფორმატის ორი გვერდი და ცოტა პომპეზურ სტილშია დაწერილი. უნდა ითქვას, რომ ეს თავი იმ ავტორებმა დაწერეს, რომლებმაც, როცა შევარდნაძის პერიოდზე წერდნენ, ასლან აბაშიძე და ედუარდ შევარდნაძე ღია ფერებში ჰყავდათ გამოყვანილი, მაგრამ როცა დრომ მოითხოვა, ეს ყველაფერი შეცვალეს.“

ამ შეცვლილ, ანუ „ვარდების რევოლუციით“ გამდიდრებულ, საქართველოს ისტორიას სწავლობს 14 წლის მიშიკო ხომასურიძე, რომელიც მეცხრე კლასის მოსწავლეა.

[მიშიკო ხომასურიძის ხმა] „ოპოზიციის ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილის წინამძღოლობით, შეძლეს უსისხლო რევოლუციის განხორციელება, რომელიც ისტორიაში ”ვარდების რევოლუციის” სახელით შევიდა.“

თუმცა ირკვევა, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს მსგავსად, ცვილება განიცადეს თვით თანამედროვე ისტორიულმა პერსონაჟებმაც. მიხეილ სააკაშვილი ოთხი წლის წინ სწორებას დავით აღმაშენებელზე აკეთებდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ეს თქვენი იდეა, რომ პირველი ფილმი გაკეთდეს საქართველოს ყველაზე დიდ მმართველ დავით აღმაშენებელზე და მის ეპოქაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა დავავალო კულტურის მინისტრს, რომ სახელმწიფო დაფინანსება გამოიყოს.“

მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას არ გაუღიზიანებია ოპოზიცია. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა, პრეზიდენტისთვის კომპლიმენტიც კი გაიმეტა:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] „სააკაშვილს არა აქვს ულვაში და ეს კარგია. ხედავთ საით აძლევს ნიშნებს? მას უნდა იყოს არა სტალინი, არამედ აღმაშენებელი, ანუ მონანიებას აპირებს ბოლოს, რაღაც შეცდომები აქვს დაშვებული.“(სტილი დაცულია)

თუმცა საქართველოს პრეზიდენტს, ოპონენტების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ჯერჯერობით არ მოუნანიებია. შესაბამისად, პოზიცია შეიცვალა ლევან ბერძენიშვილმაც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა მსოფლიო დემოკრატიის ნდობა:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] „სააკაშვილმა კი არ მოუშვა ულვაში, სააკაშვილს ულვაში მიახატა მსოფლიო დემოკრატიამ, რომელიც ამას ძალიან ნანობს. სააკაშვილმა ჩათვალა, რომ მთავარია ააშენო პოლიცია და არმია და მთავარია გაანულო პარლამენტის ადა სასამართლოს მნიშვნელობა. მას სახელმწიფო ასე ესმის. სხვათა შორის, დავით აღმაშენებელსაც, ალბათ, ასე ესმოდა, მაგრამ იმ დროიდან ამ დრომდე დიდი ხანია გასული და ახლა სულ სხვა რამ ითვლება სახელმწიფოს პრეროგატივებად.“

იმაზე, თუ რა ითვლება სახელმწიფოს პრეროგატივად და როგორია პრეზიდენტის ხედვა, ბევრი ითქვა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, რომელიც 23 ნოემბერს სპორტის სასახლეში გაიმართა, თუმცა მანამდე მიხეილ სააკაშვილმა გიორგობის დღეს თამარ მეფის ხიდთან ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის - პრომეთეს - ძეგლი გახსნა. შეკითხვას, რატომ პრომეთე, მიხეილ სააკაშვილი ასე უპასუხებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „პრომეთე არის სიმბოლო საქართველოსი, პრომეთე არის სიმბოლო იმისა, რომ ვერაფერი გააჩერებს თავისუფლებისმოყვარე ქართველ ერს. პრომეთე არის ასევე სიმბოლო ქართველი ერის ტანჯვისა, დიდი გამოცდისა, მაგრამ პრომეთე ასევე არის სიმბოლო გამარჯვებისა და საბოლოო გაძლიერებისა, ისევე როგორც წმინდა გიორგი.“
XS
SM
MD
LG