Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დღეს გამოსული ქართული გაზეთების უმრავლესობა აქვეყნებს ქართული მედიის წარმომადგენელთა საგანგებო მიმართვას ტელეკომპანია „იმედის“ დახურვასთან დაკავშირებით.

„სიტყვის თავისუფლება თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია. შეუძლებელია ავაშენოთ თანამედროვე ლიბერალურ–დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო, თუ არ იქნება აზრისა და სიტყვის თავისუფლების სრული გარანტია“, - ნათქვამია მიმართვაში, რომლის ხელისმომწერი ჟურნალისტები ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვენ. რაც შეეხება სხვა თემებს, მათ შორის წარმმართველია საქართველოს მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცებისა და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების საკითხები. ამ უკანასკნელსა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გარნიზონის ყაზარმულ მდგომარეობაზე გადასვლას შორის, გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით, შეიძლება კავშირიც არსებობდეს. „რეზონანსი“ განიხილავს სამ სავარაუდო ვარიანტს. „ ძალოვანი სტრუქტურების ასეთი მობილიზება, შესაძლოა, 25 ნოემბერს ზემო აფხაზეთში დაგეგმილ რუსი სამშვიდობოების წვრთნებს, ამავე დღეს თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგს და წინასაარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომას უკავშირდებოდეს.“
პუბლიკაციაში კი, სათაურით „რუსები აფხაზებს კოდორზე თავდასხმისათვის ამზადებენ“, რომელსაც ასევე გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, რუსეთიდან საქართველოზე მოსალოდნელი აგრესიის სავარაუდო სცენარია დახატული. მოვლენები სტატიის ავტორის, სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის, აზრით, შემდეგნაირად შეიძლება განვითარდეს: დეკემბრის შუა რიცხვებში რუსეთის პოლიტიკოსები დააყენებენ საკითხს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე, რასაც აფხაზეთის მხრიდან, რეალურად კი - რუსეთის დაკვეთით, ზემო აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაციის დაწყება მოჰყვება, რათა აფხაზეთი გათავისუფლდეს ქართველებისაგან. თუკი ამ აგრესიას საქართველო შეიარაღებული ძალებით დაუპირისპირდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ფართომასშტაბიან ომში ჩაერთვება მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო ციებ–ცხელება ზენიტში იქნება, - ნათქვამია პუბლიკაციაში. ირაკლი სესიაშვილის აზრით, დღეს და მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს უახლოესი 10 წლის ბედი წყდება და დროა ხელისუფლებამ, მოსალოდნელი ომის თავიდან აცილების მიზნით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართოს.

გაზეთი „24 საათი“ კი მკითხველს დღევანდელ ნომერში სთავაზობს „ხედვებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის შესახებ.“ სტატიის თანახმად, ნოემბრის მოვლენების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი კვლავაც ინარჩუნებს ინტერესს საქართველოს მიმართ და ამის გამო ოფიციალურ მოსკოვთან კონფრონტაციას არ ერიდება. ”24 საათი” შენიშნავს, რომ ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა, თუ რამდენად უზრუნველყოფს ის დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას 5 იანვარს. დღესვე გაზეთში ქვეყნდება ვრცელი პუბლიკაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 20 ნოემბერს ნაჩვენებ ფილმზე “ ნოემბრიდან ნოემბრამდე“. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, ნათქვამია სტატიაში, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფში გაჩნდა იმედი, რომ ხელისუფლება თვალს აღარ აარიდებს სინამდვილეს და ისევ სუბიექტურ რეალობას არ შეაფარებს თავს. ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“კი, პუბლიკაციის ავტორის აზრით, სწორხაზოვანი პროპაგანდისტული საინფორმაციო პოლიტიკის კულმინაციაა და, ძირითადად, იმას ამტკიცებს, რომ ხელისუფლება 7 ნოემბრის მოვლენების გამო თავის მართლებას კვლავ არაადეკვატური და გაუმართლებელი ფორმითა და შინაარსით ცდილობს.
XS
SM
MD
LG