Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


,,პირობას გაძლევთ პოლიტიკოსების საუბარს არავინ მოუსმენს”- მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვები, რომელიც


პრეზიდენტმა კახელ მევენახეებთან შეხვედრაზე წარმოთქვა, სათაურად აქვს გამოტანილი ორშაბათის ,,ახალ თაობას”. მოსმენების თემის წამოწევა ამ სიტყვაში პასუხი იყო იმ პრობლემაზე, რომელსაც ბოლო ხანს ფართოდ განიხილავს ქართული პრესა. ორშაბათის ,,კვირის პალიტრაში”, მაგალითად, ამ პრობლემასთან დაკავშირებით ლაპარაკობს პეტერ სემნები, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. ,,იმისათვის, რომ მოსმენის ნებართვა გაიცეს, უაღრესად რთული სისტემაა გასავლელი და ეს ევროპაში ძალიან იშვიათ, ერთეულ შემთხვევაში ხდება”, - განაცხადა პეტერ სემნებიმ.

იმავე ინტერვიუში იგი ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენის პრობლემასაც შეეხო: ,,ვხედავ შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილება ორივე მხარისათვის მისაღები იქნეს და ”იმედის” მაუწყებლობა აღდგეს”, - უთხრა პეტერ სემნებიმ ”კვირის პალიტრას”.
მიმდინარე კვირის განმავლობაში ამ პრობლემაზე ბევრი დაიწერა. გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებულ საავტორო წერილს ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ასე ამთავრებს:,,მე მეყურება არგუმენტები ეროვნული უსაფრთხოების შესახებ და ვიცი, რომ ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელისუფლების პირველი ვალდებულებაა. და მაინც ჯობს ”იმედმა” იმაუწყებლოს. ეს თითქმის აუტანელს გახდის დემოკრატიას, მაგრამ შეუძლებელს გახდის ავტორიტარიზმს”, - წერს ავტორი ”24 საათში” გამოქვეყნებულ სტატიაში ,,კითხვები უიმედოდ”.

უკვე კვირის ბოლოს კი ქართული პრესა წერდა ქართული მედიის წარმომადგენელთა საგანგებო მიმართვაზე, ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენის მოთხოვნით, რომელზეც ხელი საქართველოში მოქმედმა ყველა საინფორმაციო საშუალებამ მოაწერა. „სიტყვის თავისუფლება თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია. შეუძლებელია ავაშენოთ თანამედროვე, ლიბერალურ–დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო, თუ არ იქნება აზრისა და სიტყვის თავისუფლების სრული გარანტია“, - ნათქვამია მიმართვაში.

შაბათს ”რეზონანსი” ამ თემას უბრუნდება და ბეჭდავს ინტერვიუს ”ტელეიმედის” გენერალურ დირექტორ ბიძინა ბარათაშვილთან. ,,მიმაჩნია, რომ გიორგის დაჭერის რეალური საფუძველი არ არსებობს, - უპასუხებს ბიძინა ბარათაშვილი ”რეზონანსის” შეკითხვას გიორგი თარგამაძის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე.” და კიდევ ერთი ამონარიდი ამ ინტერვიუდან: ,,ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ ”იმედის” საინფორმაციო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული, რისთვისაც ბოიკოტის მოხსნაა საჭირო”, - უთხრა ბიძინა ბარათაშვილმა ”რეზონანსს”.

შაბათსვე ”რეზონანსი” გიორგი თარგამაძესთანაც აქვეყნებს ინტერვიუს. გაზეთი მას უცხოეთში დაუკავშირდა. გიორგი თარგამაძე ინტერვიუში ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას ”იმედიდან” წასვლის თემასაც ეხება და ამბობს: ,,ინგას და ეკას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათი გადაწყვეტილება მცდარია.” იგი ასევე აცხადებს, რომ დარწმუნებულია,”იმედის” მაუწყებლობა მალე აღდგება.

ამასობაში კი საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა და სამშაბათს ეს იყო პრესის მთავარი თემა. ”რეზონანსი” წერდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, თანამდებობას კახა ბენდუქიძეც დატოვებს, ხოლო ის, ვისაც არაფერი ემუქრება, ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაურია.

”რეზონანსს” მოჰყავს ეკონომიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის სიტყვები: ”ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნოდ ირჯება. ამიტომაც ფაქტია, რომ 5 იანვრის შემდეგ, ვისაც დღეს თავს ევლებიან და ვისაც ძალიან დაუტკბნენ, ყველა ფენას ისევ დაივიწყებენ, ისევ დაიწყებენ ამ ხალხის ჩარეცხვას და, ამ ჩარეცხვასთან ერთად, მათი ჯიბეების დაცარიელებას. ეს იმდენად მარტივი რაღაცაა, ამას თუ ვინმე ვერ მიხვდება, თავის თავს დააბრალოს.”

”ახალი თაობა” კი იმის გარკვევას ცდილობს, „რატომ დანიშნა სააკაშვილმა ლომაია უშიშროების საბჭოს მდივნად“. „ თუ სიმართლე გვინდა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქციებს ხშირად ლომაია ითავსებდა. ოპოზიციას ეს როგორ გამორჩებოდა და მათ არაერთხელ ურჩიეს პრეზიდენტს, ეგ კაცი უშიშროების სამსახურში გადაიყვანეო. პრეზიდენტმა ეს რჩევა გაითვალისწინა და ლომაია უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა“, - წერს „ ახალი თაობა.“

პარასკევის ”24 საათი” კი საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის, საპროგრამო გამოსვლას აანალიზებდა.

პარასკევს ნაციონალური მოძრაობის ყრილობა იყო და შაბათის პრესა ამ ყრილობის შესახებ წერდა. გაზეთი ”ალია” მკითხველს უყვება, თუ რა ხდებოდა ,,ნაციონალების ყრილობის დროს სპორტის სასახლის კულუარებში”. გაზეთში ასევე საუბარია ყრილობაზე პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ერთ ფაქტზე. და ”ალია” ცდილობს გაარკვიოს, ,,ვინ არის ის ოროსანი, ვინც სააკაშვილი ორჯერ დაჭრა”. - ასეთია პირველ გვერდზე გამოტანილი სტატიის სათაური. და კიდევ ერთი შეკითხვა ”ალიას” პირველ გვერდზე: ,,ნაციონალების მეორე საპრეზიდენტო კანდიდატი - ივანიშვილი?”

გაზეთ ”ახალი თაობის” შაბათის ნომრის მთავარი თემა კი სახალხო დამცველია. ,,სოზარ სუბარს პროკურატურაში იბარებენ”, - წერს გაზეთი. ,,მართლა ისე მოხდა, რომ სამჯერ დამიბარეს - ხან წერილობით, ხან ზეპირად. რამდენჯერმე გადამედო ეს მისვლა. ვთხოვე, რომ იქნებ თვითონ მოსულიყვნენ. რატომღაც ეს არ ინებეს. მივალ და მივცემ ჩვენებას”, - უთხრა სოზარ სუბარმა გაზეთ ”ახალ თობას”.
XS
SM
MD
LG