Accessibility links

logo-print

გასული კვირის ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


გასული კვირა ეკონომიკური მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის

საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის დასაწყებად საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ. გაიმართა საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი და კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი დაამტკიცა. მინდა ამ და სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენების შესახებ გაუწყოთ.

გასული ეკონომიკური კვირა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სათბობი შეშის ვაუჩერების დარიგებით დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის დავით ჩანტლაძის განცხადებით, 5 კუბური მეტრი შეშის ვაუჩერი 900 ათასამდე მოქალაქეს დაურიგდება და გამოუყენებელი ვაუჩერი ძალაში იქნება 2012 წლამდე:

[დავით ჩანტლაძის ხმა] ”ვაუჩერები დარიგდება საქართველოში, 5 დიდი ქალაქის გარდა. თითოეულ მოსახლეს ვაუჩერი მიუვა სახლში. მინდა აღვნიშნოთ, რომ მათ, ვისაც არ აქვს მომარაგებული სათბობი შეშა, შეუძლიათ უკვე გამოიყენონ ეს ვაუჩერი. ხოლო ვისაც მომარაგებული აქვს შეშა, შეუძლია ეს ვაუჩერი გამოიყენოს მომავალ წლებში.”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტის პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი დაიწყეს თბილისის ბაზრობებზე სიარული და იქ დარიგება ბუკლეტების, რომლებშიც განმარტებულია, თუ ვისი ინიციატივით და რატომ გაუქმდა სალაროს აპარატების აუცილებლობა. დეპუტატ ელდარ კვერნაძის კომენტარი:

[ელდარ კვერნაძის ხმა] ”მოვაჭრეებს ჩვენ გავაცანით ის პროექტი, რომელზეც პარლამენტი იმსჯელებს და, ვფიქრობთ, პარლამენტი დადებითად გადაწყვეტს ამ საკითხს.”

გასული კვირის მეორე ნახევარში ხელისუფლების ახალ სოციალურ პოლიტიკაზე უფრო კონკრეტულად საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით,
უკვე წელს, დეკემბრის დასაწყისში, საქართველოს 500 ათასამდე მასწავლებელმა ხელზე უნდა აიღოს 40 ლარით გაზრდილი ხელფასი, ხოლო 800 ათასამდე პენსიონერი 38 ლარიდან 55 ლარამდე გაზრდილ პენსიას მიიღებს. მომავალ წელს მინიმალური პენსია 72 ლარამდე მოიმატებს, მასწავლებლის ხელფასი კი - 200 ლარამდე. ლადო გურგენიძის თქმით, სოციალური პროგრამების დაფინანსება ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირების მეშვეობით მოხერხდება:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”რაღაც ასპექტში კიდევ კარგი, რომ ამ ეტაპზე რაღაც საინვესტიციო პაუზა დაგვიდგა ახლა და არა ერთი წლის წინ ან ორი წლის წინ. ამ ეტაპზე ნამდვილად არის იმის საშუალება და იმის სახსრები, აი, გარკვეული გადანაწილებისა და ოპტიმიზაციის საშუალებით ბიუჯეტში, რომ ჩვენ გავამახვილოთ აქცენტები სოციალურ პოლიტიკაზე და გავუწოდოთ ხელი სოციალურად დაუცველ ფენებს.”(სტილი დაცულია)

გასულ კვირაში ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გამარტივდა სადავო მიწისა და უძრავი ქონების დაკანონებაც. მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლების ასეთ ნაბიჯებს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს.

[მოქალაქეთა ხმა]

ოპოზიციის დიდი ნაწილიც ხელისუფლების გააქტიურებას წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ მთავრობა საბიუჯეტო სახსრებით მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. მეორე ნაწილი კი აცხადებს, მთავრობის ახალი პროგრამები ინფლაციას გამოიწვევსო.

სხვა აზრისაა ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე. მისი განცხადებით, მართალია, ინფლაცია მაღალია, მაგრამ ახალი სოციალური პროგრამების განხორციელებამ, შესაძლებელია, ინფლაციის გაღრმავება არ გამოიწვიოს:

[დემურ გიორხელიძის ხმა] ”ეს იმდენად მიზერული თანხებია, რომ ბიუჯეტში ხარჯების გადაჯგუფებით შეიძლება თითქოსდა მოსალოდნელი უარყოფითი შედეგის თავიდან აცილება. უბრალოდ, პარალელური ხარჯები რაც არის, ძალიან ბევრი არაეფექტური ხარჯი, ის უნდა იქნეს შეჩერებული და არავითარი პრობლემა არ იქნება.”

საქართველოში ინფლაცია რომ მაღალია, ამას პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძეც აღიარებს. ინფლაციის შეკავების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ფისკალური პოლიტიკის გამკაცრებაა, რაც საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ნიშნავს.
პენსიებისა და ხელფასების ზრდის ფონზე კი ეს შეუძლებელი იქნება, ამიტომ, ლადო გურგენიძის აზრით, მთავრობას ისღა დარჩენია, ინფლაცია მონეტარული პოლიტიკით არეგულიროს:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”ამ ფონზე გარდაუვალად მეჩვენება 2008 წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ამას ექნება ასევე უარყოფითი ეფექტი ზრდის ტემპებზე, თუმცა ჩვენ ეს თუ არ გავაკეთეთ, სხვანაირად ჩვენ ვერ მოვხსნით ან ვერ გავაკონტროლებთ იმ ინფლაციურ ფონს, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც საკმაოდ მაღალია.”(სტილი დაცულია)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ პარლამენტში დამტკიცებისას პირობა დადო, რომ მისი კაბინეტის პირობებში გადასახადები არ მოიმატებს, სოციალური პროგრამები გაგრძელდება და ქვეყნის ბიუჯეტიც გაიზრდება.

გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყებაა. 30 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის აშენების შემდეგ ბაქო და თბილისი თურქეთის ქალაქ ყარსს და შემდეგ სტამბულს რკინიგზით დაუკავშირდება.

მისი მშენებლობის დაწყება სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა მარაბდის ველზე აღნიშნეს.

საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს ჩიხიდან გამოიყვანს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ დღეს აქ ვხსნით რკინიგზის მშენებლობას. ეს არის საუკუნის პროექტი. და ეს არის პროექტი, რომლის ფუნქციაც არის თბილისი და მთელი საქართველო დაუკავშირდეს პირდაპირი რკინიგზით, ბოსფორის გავლით, ევროპას.”

რკინიგზა, ევროპასთან დაკავშირების გარდა, საქართველოს უამრავ სამუშაო ადგილს მოუტანს და სამცხე- ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციასა და განვითარებასაც წაადგება. გარდა ამისა, პროექტს აქვს უფრო გლობალური მნიშვნელობაც. ფრაგმენტი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩინეთის ტვირთები, რომელიც რუსეთის გავლით მიდის ევროპაში, ახლა ამ მაგისტრალით ისარგებლებენ... ეს არის ძალიან დიდი გეოპოლიტიკური რევოლუცია.”(სტილი დაცულია)

თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ ყურადღება, ძირითადად, სწორედ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთაშორისო მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, პროექტის რეალიზებაში დიდი წვლილი შეიტანა ყაზახეთმაც, რომელმაც გადაწყვიტა 10 მილიონი ტონა ტვირთი სწორედ ამ რკინიგზით გადაიტანოს.

[აბდულა გიულის ხმა] ”ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო საფუძველი ჩაგვეყარა კიდევ ერთი დიდი ახალი პროექტისთვის, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც, იმედი მაქვს, ახლო მომავალში განხორციელდება.”

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც პროექტის რეგიონალურ მნიშვნელობასა და აზერბაიჯანელი, ქართველი და თურქი ხალხის მეგობრობის გაძლიერებას გაუსვა ხაზი.

ბაქო-თბილისი-ყარსი-სტამბულის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება 2010 წლისთვის იგეგმება.

ამ პროექტის გახსნაზე ჩამოსული თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული, თავის ქართველ კოლეგასთან ერთად, საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმსაც დაესწრო. პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობისა და ორმხრივი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის კომენტარი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ჩვენთვის ეს არის უზარმაზარი ბაზრის გახსნა და, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი სტიმული ჩვენი მეწარმეებისთვის, ჩვენი ბიზნესისთვის, რომ აწარმოოს ძალიან შეღავათიანი ვაჭრობა თურქეთის უზარმაზარ ბაზარზე. ეს ერთია, მეორეა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება.”(სტილი დაცულია)

თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მომავალ წელს თურქეთის ბიზნესი საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.
XS
SM
MD
LG