Accessibility links

ვის ინტერესებში შედის არჩევნების პერიოდში საომარი პროვოკაციები სეპარატისტულ რეგიონებში


საქართველოში ბევრი ლაპარაკია

არაკონტროლირებად ტერიტორიებზე სამხედრო პროვოკაციების განახლების რეალურ საფრთხეზე. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ზოგიერთი ექსპერტი თარიღსაც ასახელებს. თუმცა გასულ კვირაში პირველად განცხადდა, რომ, საერთო საფრთხის მიუხედავად, ხელისუფლებისა და მისი ოპონენტების პოზიციები სამხედრო პროვოკაციის მოსურნე ძალების შეფასებისას სულ უფრო განსხვავებული, ურთიერთგამომრიცხავი და დამაბნეველი ხდება. ვის ინტერესებში შედის საომარი დაძაბულობის ესკალაცია წინასაარჩევნო პერიოდში?

გასულ კვირაში კავკასიის ჟურნალისტთა ქსელმა სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ექსპერტები სადისკუსიოდ მიიწვია ინტერნეტფორუმში. განსახილველი საკითხი იყო ნატოში ინტეგრაცია და ეთნიკური უმცირესობის როლი. თუმცა საქართველოში შექმნილმა ახალმა რეალობამ დღის წესრიგში კორექტივები შეიტანა. 14 ნოემბერს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის უკანასკნელი ბაზა დაიხურა, მაგრამ ზუსტად იმავე დღეს რუსეთმა დამატებითი კონტინგენტი და სამხედრო ტექნიკა შეიყვანა გალის რაიონში. როცა ამ ფაქტს აანალიზებდნენ, ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლების” დირექტორის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა ექსპერტებმა თურმე ასეთი პარალელი გაავლეს:

[ირაკლი სესიაშვილი] ”აზერბაიჯანლებმა თქვეს, ეს გვაგონებსო იმ პერიოდს, როდესაც რუსეთმა დაჩქარებულად გაიყვანა თავისი შეიარაღებული ძალებიო და სულ რაღაც 5-6 დღეში მოხდაო თავდასხმა სომხეთის მხრიდან.”(სტილი დაცულია)

ყველა შედარება მოიკოჭლებს. 17 წლის წინანდელი უსაფრთხოების დისკურსიც განსხვავდება. თუმცა ირაკლი სესიაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ ვადაზე ადრე სამხედრო ბაზის დახურვა და, იმავდროულად, აფხაზეთის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანა არ არის დამთხვევა. ირაკლი სესიაშვილი აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არჩევნების პერიოდში ყურადღებიდან არ გამორჩეს ზემო აფხაზეთი, კოდორის ხეობა, რომელსაც 2007 წლის მარტში სერიოზული სამხედრო აგრესია დაემუქრა. ირაკლი სესიაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ დეკემბრის თვეში სტრატეგიული ხეობა იმავე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და იქვე განმარტა, თუ რა შეიძლება იყო ასეთი ჩანაფიქრის მიზანი:

[ირაკლი სესიაშვილი] ”რუსეთი შეეცდება ეს ყველაფერი პრეზიდენტ სააკაშვილს დააბრალოს, იმ მოტივით, რომ ვითომდაც სააკაშვილს არა აქვს საკმარისი რეიტინგი იმისათვის, რომ მან 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.”

საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში აფხაზეთში სამხედრო პროვოკაციის საფრთხეს რეალურს უწოდებს ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრი ირაკლი კაკაბაძეც, რომელიც გასულ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭიროს ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერს დავით გამყრელიძეს. თუმცა, როგორც მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, მას სარწმუნო წყაროებისგან მოეპოვება ინფორმაცია, რომ პროვოკაციას არაკონტროლირებადი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა, თემურ ალასანია, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებით გეგმავენ:

[ირაკლი კაკაბაძე] ”რა თქმა უნდა, კავშირები პუტინსა და სააკაშვილს შორის ხდება თემურ ალასანიას მეშვეობით და ისინი ხანდახან გეგმავენ ასეთ ლიმიტირებულ კონფლიქტებს, როგორიც იყო გაფუჭებული ყუმბარების ჩამოვარდნა, რომლის შემთხვევაშიც ორივეს - პუტინისა და სააკაშვილის - რეიტინგი იმატებს; ხან, თუ სააკაშვილისა და პუტინის რეჟიმებს საფრთხე დაემუქრა, მაშინ გეგემავენ ომებს, რადგან ასეთი შეიარაღებული შეტაკებები, სოციოლოგიური შესწავლების მიხედვით, ორივე ამ დიქტატორულ რეჟიმს სასწრაფოდ უმაგრებს პოლიტიკურ პოზიციებს.”(სტილი დაცულია)

”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი წყაროებისგან აქვს მიღებული ეს ინფორმაცია. ირაკლი კაკაბაძის -ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის - მიერ ჩამოტანილი ამ სკანდალური ინფორმაციით, ჯერჯერობით არ დაინტერესებულა საქართველოს ხელისუფლება. თუმცა 23 ნოემბერს ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზოგადად გამოეხმაურა იმ ადამიანებს, რომლებიც მას სამხედრო ხასიათის პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ:

[მიხეილ სააკაშვილი] ”ეხლა ხშირად ამბობენ ჩვენი ოპონენტები: აი, ესენი ამზადებენ პროვოკაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; რამდენჯერ გაიმეორეს ამ დღეებში ტელევიზორში - ძაბავენ სიტუაციას, ამზადებენ პროვოკაციას. ერთმა ქალბატონმა პოლიტიკოსმა თქვა: თუ ისინი წავლენ აფხაზეთში ტანკებით, მე დავუწვები ამ ტანკებს წინ.”(სტილი დაცულია)

ამ ადგილას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პაუზა გააკეთა. ყველას ეგონა, რომ უმაღლესი მთავარსარდალი იტყოდა, რომ ეს არის ოპონენტთა მორიგი ცილისწამება მისი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ყრილობაზე, რომელსაც, პარტიის დელეგატებისა და ხელისუფლების გარდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თხრობა სხვა მიმართულებით განაგრძო:

[მიხეილ სააკაშვილი] ” მე მინდა გითხრათ, თუ რა არის ყველაზე მარტივი გზა პროვოკაციების თავიდან აცილებისა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. არსებობს ძალიან მარტივი და მოკლე გზა - დავნებდეთ, შევუერთდეთ რუსეთის ფედერაციას, ვაღიაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, უარი ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე და მაშინ არ იქნება პროვოკაცია; იქნება სიწყნარე და სიმშვიდე და, შესაძლოა, ბევრმა ვიღაცამ შეგვაქოს. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ”ნაციონალური მოძრაობა”, ამ გზაზე ვიაროთ? ”

[დარბაზი] ”არა, არა!”

[მიხეილ სააკაშვილი] ”მაშინ, წინ, გამარჯვებებისკენ!”

როგორ გაიგეს პრეზიდენტის შეძახილი ”წინ, გამარჯვებებისკენ” მისმა პოლიტიკურმა თანამებრძოლებმა? რას ფიქრობენ ისინი ოპონენტების ბრალდებაზე, თითქოს სამხედრო პროვოკაცია სამხრეთ ოსეთსა თუ აფხაზეთში მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში შედის? ამ შეკითხვაზე პასუხისთვის რადიო ”თავისუფლება” დაუკავშირდა დავით კირკიტაძეს, ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს.

[დავით კირკიტაძე] ”ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის არანაირი პროვოკაცია. ჩვენს ინტერესებში არის სტაბილურობა, რათა განვითარდეს ქვეყანა სტაბილურ გარემოში. ბუნებრივია, თუ იქნება აქ პროვოკაციები და არეულობა, მაშინ ქვეყანა ვერ განვითარდება და ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება აგებს.”(სტილი დაცულია)

სტაბილურობის შენარჩუნებას, მმართველი პარტიის გარდა, ქვეყნის განვითარების აუცილებელ პირობად მიიჩნევენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მაგრამ, როგორც მოვლენათა განვითარება აჩვენებს, მათ სტაბილურობა შესაძლებლად მხოლოდ უერთმანეთოდ წარმოუდგენიათ.
XS
SM
MD
LG