Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


გია ბუღაძე რადიო "თავისუფლების" თხოვნით, განვლილ

კვირაში დღიურს წერდა სამხატვრო აკადემიის რექტორი, მხატვარი გია ბუღაძე.

18 ნოემბერი, კვირა
დილით გავიღვიძე იმ სიახლის შეგრძნებით, რომ ჩემი ვაჟი ლაშა გამთენიისას ამსტერდამიდან ჩამოფრინდებოდა და ეს მახარებდა. ძალიან მომენატრა. საოცრად... ალბათ იმიტომაც არის, რომ გუშინწინ ჩემს უკვე მრავალრიცხოვან სერიაში, "ორკესტრი" რომ ჰქვია, როდესაც ვხატავდი ორკესტრანტთა ჯგუფს თუ გუნდს, ეს ბიჭუნათა, ყმაწვილთა გუნდი, ძირითადად სულ ლაშებით ავავსე. ე.ი. ჩემს მიერ დახატული ყველა ბიჭის, ან თითქმის ყველა ბიჭის სახე ამ გუნდში ლაშას ჰგავდა. აი, რა იცის მონატრებამ! ისიც მიხაროდა, რომ ლაშამ ჩვენი ქვეყნისათვის ეს რთული პერიოდი, გარკვეულწილად, "მშვიდად" გაატარა ამსტერდამში - საქართველო-ჰოლანდიის საზოგადოების მიერ მიწვეული იყო ქართული თანამედროვე ლიტერატურის შესახებ ლექცია-მოხსენების წასაკითხად. სხვათა შორის, შარშან ამავე კონფერენციაზე მეც მომიწია ქართულ მხატვრობაზე საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი.
ასე რომ, ლაშა დაბრუნდა საკუთარ ათუხთუხებულ და გადარეულ სამშობლოში. მიხარია, რომ შევხვდები. შევეცდები, ჩემი აზრი - შეძლებისდაგვარად ობიექტური აზრი - გავუზიარო. მაგრამ ეს მერე იქნება... მანამდე ვდგები, მსუბუქად ვსაუზმობ და კლასიკური მუსიკის - ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის - ფონზე ვიწყებ წუხანდელ კომპოზიციაზე მუშაობას.
ვფიქრობ, რთულ კომპოზიციას შევეჭიდე, ერთდროულად არის რიტმიც და ჰარმონიაც. ვცდილობ, კომპონირებით გავხსნა მუსიკალობა. თვით სერია ხომ გულისხმობს მუსიკას – უკვე წელიწადია, ყოველდღე პარალელურად ორ სერიაზე ვმუშაობ.
პირველი - "ორკესტრი", მეორე - "აეროპორტი". ისეთი გრძნობა მაქვს, ვერასოდეს ამოვწურავ ამ საკითხებს, თან იმასაც ვგრძნობ, რომ გარკვეული დროის შემდეგ მე თვითონ შინაგანად შევწყვეტ მასზე მუშაობას. უცნაურია ის, რომ თვით ორკესტრის ხატვისას, უფრო სწორად, ორკესტრის განლაგების სხვადასხვა რაკურსით ხატვისას, მართლაც მეუფლება ხოლმე შეგრძნება სამყაროს ამოუწურავობისა, მუდმივი ცვალებადობისა – ალბათ ეს, გარკვეულწილად, ბედნიერებაც არის - თან არ მასვენებს, არ მეშვება.
ახლაც ვცდილობ, დავხატო დირიჟორის ფიგურა, რომელსაც ხელის მტევნები თითქოს სილუეტში, მხრებთან, ფრთებივით ამოეზარდა და მის წინ ჩამწკრივებული ვაჟთა გუნდი გარკვეულ ვარსკვლავურ ან მოზაიკურ შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს. დღეს ვჯახირობ ამ სურათზე და თან ახალ "თავხედურ" კომპოზიციას ვიწყებ. მოკლედ, თავს ვირთობ. დღეს ხომ კვირააა და შეიძლება აკადემიაში არც წავიდე, ამიტომ ვცდილობ, ცოტა მეტი დრო გავატარო სახელოსნოში ჩემს ტილოებთან და საღებავებთან.
უცებ მირეკავს მეგობარი ლონდონიდან. უკვე თითქმის წელიწადია, მოლაპარაკება მიმდინარეობს ჩემი ნამუშევრების გამოფენის შესახებ ლონდონის პრესტიჟულ სივრცეში. რამდენიმე წელია, ევროპისკენ მასშტაბური საგამოფენო პრაქტიკა არ მიწარმოებია, სამხატვრო აკადემიამ და იქ მთელი ჩემი ძალისხმევის მობილიზებამ, ჩემს საერთაშორისო კარიერას, როგორც მხატვრისა, გარკვეული დაღი დაამჩნია, თუმცა, არცთუ ისე მძაფრი, რადგან ამ ოთხ წელიწადში უცნაური და განსაკუთრებულად ჩახლართული გამოცდილება მივიღე, რომელიც, ვფიქრობ, მაინც აისახება ნამუშევრებში.
იმავე ლონდონელი კოლეგისგან მივიღე წინადადება, მონაწილეობა მივიღო გერმანიაში, ფრანკფურტში, კლასიკური მუსიკის მოყვარულთა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ აქციაში - ჩემი სერიის, "ორკესტრის" რამდენიმე მოზრდილი ფერწერული ნამუშევრით. აღმოჩნდა, რომ ეს თემა და ჩემს მიერ შეთავაზებული ინტერპრეტაცია მათთვისაც მისაღები ყოფილა – მესიამოვნა. ამან ჩემი მომავალი გეგმების განხორციელებას გარკვეული სტიმული უნდა მისცეს.
დავრეკე ლაშასთან. აი, უკვე გაიღვიძა თურმე – წუხელ მაწონი, ხაჭო და ქადა ვუყიდე, დავუტოვე და ვუთხარი, რომ სანამ მივალ, შეუძლია პირი ჩაიტკბარუნოს. უფრო გემრიელ რამეებს მოგვიანებით მოგიტან-მეთქი. ლაშამ მითხრა, რომ არ ღირს, რადგანაც ურჩევნია დიეტაზე იყოს. წინააღმდეგობას ამ საკითხზე როგორ გავუწევ? ოღონდ გახდეს და თუ უნდა, საერთოდ არაფერს ვაჭმევ...
ფეხით გავისეირნე ქუჩაში და ლაშასთან მივედი. უკვე სამი საათია – შუადღისა. ვხედავ, მშვენივრად გამოიყურება, არ გასუქებულა, დასვენებული სახე აქვს, ენერგიულია. ჩემთვის ქურთუკი უყიდია, ზუსტად ჩემს ხასიათში ჯდება, ტილოს ფაქტურისაა. ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? მთავარია, რომ არ დავავიწყდი, ვახსოვარ და ჩემთვის თავი შეიწუხა. ეს უკვე კარგია! ლაშამ ამოალაგა და ამოალაგა კომპაქტდისკები, დამშოკავი ვაგნერის "ნიბელუნგების ბეჭედი", 12-დისკიანი კომპლექტი. 150 ევრო მიუცია მაგ გადარეულს, რა ამბავია! ასევე ვერდი, მალერი და, რაც მთავარია, მოცარტი და ჩემთვის საჩუქრად - შოსტაკოვიჩის მეათე სიმფონია ჰერბერტ ფონ კარაიანის დირიჟორობით, "ბერლინერ ფილარმონიკერთან" ერთად. ძალიან მადლობელი ვარ!
მერე მე და ლაშა ქეთუშასთან წავედით – ქეთუშა ჩემი გამზრდელი დეიდაა და ლაშას და ნინოს, ჩემი შვილების თავდადებული ბებია.
ვინ არ იცის, რას ნიშნავს მეგრული დედმამიშვილობა? ეს საოცრებაა! თუ უერთგულა მეგრელმა დამ თავის დას, ისე, როგორც დეიდაჩემმა დედაჩემს და თუ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, ამაზე დიდი ერთგულება სამყაროში არ არსებობს. ასეთია ქეთუშა...
მივედით ქეთუშასთან, ლაშამ მასაც ნორმალური საჩუქარი ჩამოუტანა, თბილი ჟაკეტი. ე.ი. თავი არ შეურცხვენია და შემდგომ ჩვენი გზები გაიყო. ლაშა დედამისის სანახავად წავიდა, მე კი გია ქემოკლიძესთან - გუშინ აკადემიაში სხდომის დროს დახატული გრაფიკული ფურცელი ჩავიტანე ჩარჩოში ჩასასმელად. გიამ მთლად ვერ მოასწრო დასრულება, მაგრამ არა უშავს, ტყუილად არაფერი ხდება - სანამ გია ჩარჩოს კრავდა, მოვიდა დათო აკრიანი, მრავალმხრივი კაცი, მაძიებელი კაცი, მოუსვენარი ადამიანი და დავიწყეთ საუბარი მეტერლინკის შესახებ. დათო ინტენსიურად თარგმნის მეტერლინკს. ვუთხარი, რომ ერთი პერიოდი ძალზე დაინტერესებული ვიყავი მეტერლინკის დრამატურგიით და რამდენიმე სურათიც მაქვს დახატული მისი გავლენით თუ ინსპირაციით. კონკრეტულად შევეხე მის ადრეულ პიესებს, მე ვიტყოდი ჯადოსნურ, იდუმალ პიესებს "პრინცესა მალენ" და "პელეას და მელისანდა". მე და დათო შევთანხმდით, თუმცა ბოლომდე კი ვერა, რომ იგი ჩემს "ღამის საუბრებში" მოვა მეტერლინკზე სასაუბროდ.
მეტერლინკზე საუბარმა ჩემთვის უფრო ახლობელი არნოლდ შონბერგის სიმფონიური პოემა "პელეას და მელისანდა" გამახსენა. ამ შეგრძნებით და დათოს ორი თარგმნილი წიგნით დავბრუნდი შინ.
ახლა სახლში მარტო ვარ. ვცდილობ, თან ტელევიზორს თვალი შევავლო, თან ვწერო, თან ვხატო და თან ხვალინდელი დღე დავგეგმო. ხვალინდელი დღე კი მართლაც ძალზე დატვირთული მექნება.

19 ნოემბერი, ორშაბათი
წუხელ ღამის 2 საათამდე ვმუშაობდი ახალ ციკლზე, რომელიც თავში ამ სამი კვირის წინ მომივიდა. როდესაც თეირანში ვიჯექი ჩემს ნომერში და საკმაოდ დაძაბულად ვფიქრობდი შინაგანი აქტივობისა და მისი მხატვრული გამოხატვის შესაძლებლობის შესახებ. მე მგონი, ცოტა გავართულე... მაგრამ ასე იყო. ამ ციკლს თუ, ალბათ, მიკროსერიას "კათარზისი" თუ "განბანვა" შეიძლ;ება ვუწოდო. არ ვიცი, ვნახოთ.
ეს არის "თავბანვა", "ხელთბანვა" და "ფეხთბანვა" – სიმბოლო, მე მგონი, თავისთავად ჩანს. დღეს დილითვე, 8 საათიდან, ხატვა გავაგრძელე ორ ტილოზე ერთდროულად. სასიამოვნოა ფანქრისა და ტილოს იმ შესაძლებლობების მოსინჯვა, რომლის ექსპერიმენტის განხორციელებას ამ ტილოებზე ვცდილობ. ძალიან მომწონს თვით ფანქრის, გრაფიტის ტონი, შტრიხის ფერადოვნებისა და მისი ტონალური მრავალფეროვნების ეფექტი, დიაპაზონი.
მთელი დილა ამ ტილოების "ჯღაბნას" მოვანდომე და შემდგომ ღრმად ჩავისუნთქე, პირჯვარი გადავიწერე, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და აკადემიაში წავედი.
კინაღამ დამავიწყდა: დღე, რა თქმა უნდა, საქართველოს ჰიმნით და ვაგნერ-მალერის რამდენიმე ფრაგმენტით იწყება. მით უმეტეს, ორშაბათს. ასე რომ, საინტერესო და დაძაბულ კვირას ვიწყებ.
აკადემიამდე ტილო და ქვეჩარჩო შევუკვეთე. სამი ახალი ტილო მექნება 4 საათისათვის, ეს კი ძალიან მახალისებს.
აკადემიაში მივედი. სწრაფად შევედი ჩემს კაბინეტში, ჩანთა დავდე და სახელოსნოში ავირბინე, სადაც ჩემი სტუდენტები არიან. 20 ბავშვი დამხვდა. აქვეა ჩემი ასისტენტი, მშვენიერი მხატვარი გია ლორიაც, ის ჩემი მეგობარი და კურსელია, ვენდობი, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტებთან მუშაობა გამიჭირდებოდა. ბავშვები ნატურმორტზე მუშაობენ - ახალი მოცემულობა მივეცი პარასკევს. ეს არის ნატურმორტი ინტენსიური ფერებით და კონტრასტებით, მინდა დამატებით ტონების შესახებ მივცე და დავუსახო ამოცანები – წინა ლექციაზე მათივე თხოვნით ნიუტონის ფერთა თეორიის შესახებ ვიმსჯელეთ. ჟორჟ სერას ხელოვნებას შევეხეთ, მე მგონი დაინტერესდნენ, თუმცა ისიც ვუთხარი, ნამდვილი ხელოვნება თეორიულ შეზღუდულობას ვერ იტანს-მეთქი.
ვცდილობ, ბავშვებს ავუხსნა, რომ მხატვარი პირველ რიგში მოაზროვნეა, ოღონდ ისეთი მოაზროვნე, რომელიც საკაცობრიო სახელოვნებო მდინარის ემოციურ ნაკადში მიცურავს. და რაც უფრო ბევრი რამ იცის, მით უფრო თავისუფალი იქნება, როდესაც ამ ცოდნათა და მანერათა გადაფასების პერიოდი დაუდგება.
ლექციის შემდეგ დავიარე სართულები. ვცდილობ, დისციპლინის საკითხი მოვაგვარო, ვცდილობ, პრინციპულიც ვიყო და მეგობრულიც. არქიტექტურის პირველკურსელებს ლექციაზე "შევეჭერი". წელს განსაკუთრებულად ბევრი არქიტექტორი პირველკურსელი გვყავს – 140, ამიტომ მათგან ერთგვარ თანადგომას და დისციპლინას ვითხოვ. ამავე დროს, ავუხსენი კრედიტების საკითხი და მეორე პროფესიის არჩევანზეც შევაჩერე მათი ყურადღება.
დავბრუნდი კაბინეტში და მქონდა რამდენიმე შეხვედრა სტუმრებთან, ჩემს ძველ მეგობრებთან. ტელეფონით ვესაუბრე ჩემს კოლეგას, გოგი მარგველაშვილს, შემდგომ კი ესპანეთში, მადრიდში ოფიციალური ვიზიტის მომზადების საკითხზე ვიმსჯელე ასისტენტებთან ერთად.
აკადემიას ვტოვებ. ვყიდულობ სამ ახალ ტილოს, გზაზე ვყიდულობ ფერწერის ლაქს და გრაფიკის ფიქსაჟს და მივდივარ ქეთუშასთან. იქ ვისვენებ და ვუყურებ ტელევიზირს.
გავიგე, რომ კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო საქმის სფეროში მომუშავე ადამიანებს პრეზიდენტი შეხვდა. ანიც ყოფილა და მშვენიერი სიტყვითაც გამოსულა, უფრო მეტიც, ჩვენი რესტავრაციის ფაკულტეტისთვის ქიმიური ლაბორატორიის დაფინანსების პირობაც კი მიუღია პრეზიდენტისგან.
დღეს შეხვედრა მაქვს მინისტრთან, ვსხდებით და ვსაუბრობთ კულტურულ მემკვიდრეობასა და, საერთოდ, კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების გაშუქებაზე. ამ შეხვედრაზე ჩემთვის ძვირფასი ბევრი ადამიანია, თითქმის ყველას აღელვებს ინფორმაციის ნაკლებობის საკითხი.
საღამოს მე და ნინიმ ვისაუბრეთ იმაზე, რომ არქიტექტორისთვის აუცილებელია მრავალმხრივი განათლება. მეთანხმება, ოღონდ, მგონი, ენერგია არ ჰყოფნის ყველაფრის ერთად საკეთებლად. ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგოა, არქიტექტურის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს. იმედი მაქვს, თავის საქმეს კარგად გააკეთებს.
ვხვდები მეგობარს, რომელიც საერთაშორისო საგამოფენო პრაქტიკის განხორციელებაში მეხმარება. ვთანხმდებით, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და შეხვედრას ხვალისთვის ვგეგმავთ.
სახლში ვბრუნდები. მოდიან მოდელირების "გოგოები" – პროფესორები მაკა, ნანა და ეკა. ისინი ცდილობენ, რომ აკადემიაში საერთაშორისო სტუდია გავხსნათ "ფეშენის" სფეროში. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუკი ამის იურიდიულ და ფინანსურ საფუძვლებს ერთობლივად გამოვძებნით.
მერე შევდივარ სახელოსნოში და ვცდილობ, ხელის სწრაფი მოძრაობით ამ ახალ ტილოზე კომპოზიციის მონახაზი "დავსვა". ხვალ დილით ადრე მივუბრუნდები.

20 ნოემბერი, სამშაბათი
მართლაც, ბოლომდე უთქმელი უფრო გიპყრობს და აღგაგზნებს. აგინთებს წარმოსახვას და შეიცავს თავის თავში მდიდარ მრავალფეროვან შინაარსებს, ვიდრე ის აზრი, რომელიც ძალიან ერთფეროვნად და ზუსტად არის ჩამოყალიბებული.
ამ განცდით დილის 7 საათიდან დავიწყე ხატვა წუხელმონახაზგაკეთებულ ორ ახალ ტილოზე, თან თავში გამიელვა გრასიანეს აზრმა - "იდუმალება დაავადებულია შინაარსებით". ამ გრძნობით და გლიუკით დავიწყე ფანქრით და სეპიით ტილოზე "ჯღაბნა". სანამ ოფლი არ მომივიდა, მინდოდა, სპონტანურობით მივწვდომოდი სამყაროს...
"კმარა" – ვამბობ, ახლა დროა, ცოტა წავივარჯიშო და ჰერი-ჰერი აკადემიისაკენ! წავედი აკადემიაში...
გზაზე შევიარე გარიკას მაღაზიაში. მასთან CD-ებს ვყიდულობ ხოლმე. სამწუხაროდ, სერიოზული ვერაფერი ვნახე. ამ ბოლო დროს გარიკას რაღაც აპათიას, პასიურობას ვამჩნევ.
აკადემიაში პირველი, რაც გავაკეთე, ავედი ჩემს სახელოსნოში და სტუდენტებთან შევეცადე, მათ მიღწევებზე გამემახვილებინა ყურადღება. ვისაუბრე ნახევარტონებზე და ინტენსივობაზე, შევეცადე ამეხსნა, რომ რაც უფრო დახვეწილია ადამიანი, მით უფრო მეტ გრადაციას გრძნობს ფერში. ამავე დროს, ინტერპრეტაციას თემატურ-შინაარსობრივი მაგალითების მოხმობითაც შევეცადე, რადგანაც ჩამოვაგდე საუბარი ველასკესზე, მისი ფერწერის სილაღეზე და ინტერპრეტაციის წარმოუდგენლად მახვილგონიერ სვლებზე. თემის გახსნისას, მაგალითად მოვიხმე ველასკესის გენიალური ტილო "ბრედის დაცემა", რაც არა მარტო ისტორიულ-პროპაგანდისტული, "კონიუნქტურული" შედევრია, არამედ განასახიერებს იმ დროისათვის ახალ ზნეობას და კანონმდებლობის მანიფესტაციას, სწორედ 30-წლიანი საშინელი ომების ფონზე რომ შეიქმნა.
ვისაუბრეთ ჯარჯი ბალანჩივაძის არაჩვეულებრივ მცენარეთა ეტიუდებზე, ჯარჯი ხომ ძალიან ცოცხალ და საყვარელ მცენარეებს ხატავს, რაც ძალზე რთული გასაკეთებელია თვით ძალიან დიდი პროფესიონალისათვის. მე საათობით ვაკვირდებოდი მის მცენარეთა ყლორტებს, ფოთლებს, და მე მგონი, რაღაც ვისწავლე – ასე მგონია.
დავბრუნდი კაბინეტში. დაიწყო ტვინის გამომშრობელი აუტანელი მუშაობა მძიმე საკითხებზე, თუმცა კი აუცილებელ საკითხებზე. ეს, პირველ რიგში, ეხებოდა ე.წ. პერ კაპიტას – ფაკულტატური თვითდაფინანსების საკითხებს, ამავე დროს, გადავწყვიტეთ უმაღლესი პროფესიული პროგრამების ამ პრინციპით სრულად განხორციელება; რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ფაკულტეტებმა ფინანსურ დამოუკიდებლობას მიაღწიონ და ურთიერთშეთანხმებით მოხდეს მათი ადმინისტრაციული მართვა. ვფიქრობ, ამით შევძლებთ, ცოტა მაინც ვუწამლოთ გარკვეულ უკმაყოფილებას, რომელიც დაფინანსების სფეროში გვაქვს.
შევიარე ხატვის სახელოსნოებში და მერე ისევ ქეთუშასთან წავედი. ცოტა დავისვენე, საღამოს ისევ რთული და მეტად საგულისხმო შეხვედრა მქონდა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრიდან ფეხით წამოვედი. სასიამოვნო გრილი, ნისლიანი საღამო იყო. მშვიდად მივუყვებოდი ქუჩას და ახალ გეგმებს ვიგონებდი. მიყვარს მარტო სიგრილეში სიარული. ის კი არა, დღეს ჩემმა მოხუცმა დარაჯმა, ჯუღამ, მითხრა: კაცო, არ გამიგია, კაცს ორი მანქანა ემსახურებოდეს და არც ერთს არ იყენებდესო!

21 ნოემბერი, ოთხშაბათი
დილა ისევ ხატვით და კითხვით დაიწყო. წუხელაც და დღესაც თავი მტკივა, ეტყობა ცოტა დავიღალე, ტრადიციულად ცოტა მძინავს და თან ამინდიც შეიცვალა. თუმცა, ეს ნისლიანი ამინდები ულამაზეს ტონალობებს და გრადაციებს მთავაზობს ფერში, იძლევა რა რუხ-მოვერცხლისფრო გამას და ამით განსაკუთრებულ ცოტა ნაღვლიან, მაგრამ აზროვნებისკენ მიმართულ იმპულსებს მანიჭებს.
ვხატე – ისევ და ისევ ახალი ციკლი. ახლა იმ ფრაგმენტზე ვმუშაობდი, რომელსაც "პირთბანვა" ჰქვია. ვცდილობდი, სათქმელი ლაკონურად ემოციური შტრიხებით და მონასმებით მომეტანა, ვერცხლისფერი ფანქრის და ტემპერის ნაზავი სასიამოვნო ემოციურ ზედაპირს მაძლევს. ვნახოთ, რა გამოვა...
აკადემიაში მეჩქარება. უცებ მახსენდება, რომ ნინის ჯერ კიდევ ძინავს - ესე იგი, აგვიანებს. შევედი, გავაღვიძე. არ უყვარს, როცა აღვიძებენ. ჩავკოცნე, ვუთხარი, სასწრაფოდ უნდა წახვიდე აკადემიაში და ლექციებს დაესწრო-მეთქი. ისიც დამპირდა, ახლავე ავდგებიო.
წავედი აკადემიაში... მართლაც გულწრფელად მაწუხებს ჩემი ქვეყნის ამბავი. არ მინდა არეულობა, არ მინდა თავპირის მტვრევა, არ მინდა ომი, არ მინდა სიბნელე, არ მინდა ხულიგნების და კრიმინალების თარეში... ჩემზე არ ვფიქრობ, რადგან თანამდებობა თუ რაღაც პოსტი, რომელიც მიკავია, ჩვენს გადარეულ დროში წარმავალია (თუმცა მართლაც საპასუხისმგებლო). ძალიან რთულია, დააჯერო ოპონენტი იმაში, რომ სტაბილურობა იმიტომ კი არ მსურს, რომ თანამდებობა და რაღაც პრივილეგიები მინდა, არამედ იმიტომ, რომ მინდა თვით ქვეყანა და ჩემი ხალხი, საქართველო იყოს მშვენიერი. ბევრი ყოფილი მინისტრი მინახავს, ბევრი ყოფილი დირექტორი, ბევრი ყოფილი პროფესიონალიც კი, მაგრამ ყოფილი მხატვარი არასოდეს შემხვედრია. ასე რომ, გულით მსურს სტაბილური ქვეყანა, მტრული ზეგავლენის გარეშე, რაც ძალზე რთული მისაღწევია ამდენი ამბიციური ადამიანის წრეში.
აკადემიაში მისვლამდე ზემელზე გავიარე და საშუალო ზომის ხუთი ტილო შევუკვეთე. კმაყოფილი ვარ, შემიძლია საღამოს ახალი კომპოზიციები მოვხაზო.
აკადემიაში ცოტა შემაგვიანდა, ამიტომ ვერ მოვასწარი სახელოსნოში ასვლა, ბავშვებს ყურადღება ვერ მივაქციე, თან წარმომადგენლობითი საბჭოსთვის უნდა მოვემზადო. კონსულტაციები გავიარე იურისტთან, ხარისხის მართვის უფროსთან, საფინანსო სამსახურთან. შევხვდი ჩემთვის ძალიან ძვირფას მხატვარს დიმა ერისთავს, რომელსაც სრულიად გაურკვეველი მიზეზებით ის პატივი ვერ მივაგეთ, რასაც იმსახურებს. აღმოჩნდა, რომ დაბალი ხელფასი ჰქონია. პირობა დავდე, რომ ამ დანაშაულს გამოვასწორებ. დიმა ერისთავის მხატვრობა ხომ განუმეორებელი სახე-ხატებაა მე-20 საუკუნის 60-70-იანი წლების. იგი ცოცხალი ლეგენდა და არაჩვეულებრივი პედაგოგია!
სხდომაც დაიწყო... 3 საათზე. გავიტანე გრიბოედოვის ქუჩის ერთი მონაკვეთის სახელის შეცვლის საკითხი – სერგო ქობულაძის სახელით. უკვე თამამად შემიძლია მთელი აკადემიის სახელით მერიაში ამ წინადადებით შევიდე. ასევე ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აკადემიისთვის პირველი სახელის დაბრუნების თემა.
განვიხილეთ პერ კაპიტას ის მოდელი, რომელიც მაგისტრატურისთვის შევიმუშავეთ და რომელსაც უმაღლეს პროფესიულ პროგრამებშიც აუცილებლად განვახორციელებთ.
საბჭოს წარვუდგინე "ტაშენის" გამომცემლობის 30 ახალი დიდი ალბომი, რომელიც ბიბლიოთეკისათვის შევიძინეთ.
ასევე ჩემი თვალით ვნახე იოსებ შარლემანის მიერ შესრულებული სქემები "ცხოველთა ექსტერიერის" შესახებ და მისივე ტექსტი თუ ტრაქტატი იმაზე, თუ როგორ უნდა დახატო ცხოველი. ეს მასალები სრულიად მივიწყებული და დაკარგული იყო და ბიბლიოთეკის საცავის განახლებისას ვიპოვეთ, რაც ამ ერთი კვირის წინ დავიწყეთ.
წლევანდელი ბავშვებით პრინციპულად კმაყოფილი ვარ. ბევრად უფრო მოწადინებული და ინტელექტუალური ახალგაზრდები მოვიდნენ. მარტო ხელოვნებათმცოდნეობა-რესტავრაციის ფაკულტეტზე 60 ბავშვი მოვიდა და მათგან 48 ვაუჩერიანია. ეს პასუხისმგებლობაც არის.
სამუშაოს მერე ქეთუშასთან წავედი. ვიფიქრე, დავისვენებ და მერე ლაშას მივაკითხავ-მეთქი. მაგრამ ანიმ დამირეკა და შემახსენა, რომ მეგობრის დედის პანაშვიდზე ვიყავით წასასვლელი. წავედით. გზად გია ქემოკლიძესთან ჩარჩოში ჩასასმელად დატოვებული გრაფიკული ნამუშევარი წამოვიღე. უნდა ვაღიარო, რომ ეს ნამუშევარი საერთოდ აღარ მომეწონა.
ამ განცდის ფონზე შევხვდი ჩემს ძველ მეგობრებს, როგორც ხდება ხოლმე პანაშვიდებზე... ძირითადად ჩემი თაობის უკვე ასაკში შესული ლამაზი "გოგონები" არიან.

22 ნოემბერი, ხუთშაბათი
დილა ისევ ხატვით დავიწყე, შევეცადე, ტილოზე წინა ღამის მონახაზი ტონალობებით და ენერგიული მონასმებით დამემუშავებინა. შემდეგ გადავინაცვლე სხვა ნამუშევარზე და უკანა პლანის ფიგურა გავაფუჭე. პირდაპირ სამარცხვინოა! ყბა გამომივიდა უაზროდ დიდი და ფერში, ცოტა არ იყოს, ამიტალახდა. უშუალობა დამეკარგა, მაგრამ მაინც იხტიბარი არ გავიტეხე: ანის გავყევი აუცილებელი ნივთის საყიდლად. ბაზრობაზე გავედით, ეს ნივთიც შევიძინეთ და ანიმ, მიუხედავად არანორმალური საცობებისა, საკმაოდ სწრაფად და მშვიდობიანად მიმიყვანა აკადემიაში.
სწრაფად ავირბინე კიბეები, შევედი ჩემს სახელოსნოში. ბავშვები კარგად მუშაობდნენ, უკრავდა საკმაოდ კარგი ბაროკალური მუსიკა და დავიწყე საუბარი ხელოვანის საწყის მაიმპულსირებელ ძალებზე, ფერითი და სტრუქტურული აზროვნების სქემებზე, შევეცადე გასაგები ენით ამეხსნა მათთვის თუნდაც კლასიკად ქცეული შპენგლერისეული სქემა დიონისურის, აპოლონურისა და ფაუსტურ-მაგიურის შესახებ. არ ვიცი, როგორ გამიგეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ შევეცადე ამეხსნა ძირითადი მიმართებების საკითხი.
შემდეგ მოვიკითხე ერთი სტუდენტი. ძალიან კარგი ბიჭი, სახელად ლაშა. მასზე მითხრეს, რომ გული აწუხებს და ძალიან შევწუხდი. ეს ბიჭი განსაკუთრებით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.
მქონდა საუბარი და კამათი უფროსი თაობის ორ მხატვართან, რომელთაც ვერაფრით ვაგებინებ, რომ რეპეტიტორთა არაოფიციალური ე.წ. ინსტიტუტის მოშლა და მათი ფუნქციის გადაცემა გაძლიერებული სამხატვრო სკოლებისა და საჯარო სკოლებისათვის საშველი იქნებოდა ახალგაზრდების სახელოვნებო აღზრდის თვალსაზრისით და, ამავე დროს, ბავშვებს ლეგალური გზით მოამზადებდა აკადემიისათვის.
დღეს ასევე ჩატარდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული "ქართველთა და ოსთა მეგობრობის მემორიალის” საკონკურსო ნამუშევრების კომისიის სხდომა და პირველი განხილვა. ათი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ჩემდა საუბედუროდ, ისევ მე ვიყავი კომისიის თავმჯდომარე. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში ჩემი კარგი მეგობარი მონაწილეობდა და მისი ნამუშევარი სხვებისას სჯობდა, მაინც ჩავთვალე, რომ ის არ შეესაბამებოდა მოთხოვნას; რადგან საქმე მხოლოდ ხელოვნების ქმნილებასთან კი არ გვაქვს, არამედ პოლიტიკურ აქტთანაც. ამიტომ ამოცანას უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და გავითვალისწინოთ მრავალი ფაქტორი: როგორც წმინდა ესთეტიკური, ისე ადამიანური და პოლიტიკურიც.
მეგობარს ვაწყენინე და ძალიანაც ვაწყენინე. რა ვქნა, არის ასეთი ფასეულობა და თუ იგი ჩემი ქვეყნის პრესტიჟს ეხება, ნამდვილად ვერ წავალ დათმობაზე. ეს დათომ უნდა გაიგოს და შეეცადოს, თავიდან მოემზადოს. ერთ თვეში კონკურსი კიდევ გაიმართება.
პატარ-პატარა შეხვედრების შემდეგ წავედი ქეთუშასთან. ცოტა დავისვენე და შემდგომ მივადექი ჩემს ლაშასაც. 4 დღეა არ მინახავს, ძალიან მომენატრა. ერთად ვუყურეთ შესანიშნავ ჩანაწერებს: ტიტო სკიპა, ჯილი, კარუზო – დიდი სიამოვნება მივიღე. ჯონ ვიკერსის ვოკალი ბეთჰოვენის "ფიდელიოში"... რა ლამაზი არიაა!

23 ნოემბერი, პარასკევი
დღეს გიორგობაა. პირველი, რასაც ვაკეთებ, ვსვამ წყალს, ვჭამ ვაშლს და ვიწყებ კითხვას. ეს ყოველდღე მაქსიმუმ ერთ საათს გრძელება და დავიწყე ხატვა ისე, რომ ვერც პირის დაბანა მოვასწარი ხეირიანად და ვერც ნორმალურად ჩაცმა.
ხატვამ ჩამითრია. ახალი სანგინი მაქვს. მუქი ყავისფერი, ასევე ძალიან კარგი აგურისფერი ფაბრიანის სეპია. ასევე ვიყენებ აკრილის თეთრას და იმდენს ვუქლასუნებ და ვხეხავ ზედაპირს თითებით, რომ თითებზე კანიც კი მიღიზიანდება. ვცდილობ, ფაქტურით და რიტმული ენერგიული მონასმებით (რაშიც თითქმის მთელი სხეულით, მხრებით და თითებით ვმონაწილეობ) გადმოვცე ქაოსის მოძრაობის, რხევის და, ამავე დროს, სიმყარის შეგრძნება. ვხატავ სიმბოლურ თუ ალეგორიულ ფანტასმაგორიას: მანქანები სწრაფად მოძრაობენ, გარშემო ხეებს ქარი არხევს, შუა ქუჩაში სხედან სიმებიანი საკრავებით კლასიკური მუსიკის შემსრულებელნი, წრიულად და - მიუხედავად გარშემო არსებული გიჟური დინამიკურობისა და ქარტეხილისა - უკრავენ.
ეს ორკესტრი სამყაროს სტაბილურობის კუნძულს უნდა ქმნიდეს. დინამიკური და სტატიკური იმპულსების თავმოყრა მინდა მოვახერხო ერთ სივრცეში. ნამდვილად არ ვიცი, რა გამოდის – ცოტა ისევ მაღალფარდოვანი ვარ – რა ვქნა, ალბათ ჯობია, საერთოდ არ ვწერო და არც ვილაპარაკო, მხოლოდ ვხატო.
სოციალურ-პოლიტიკური თუ ადამიანური განცდების ჭიდილმა ხომ ლამის არის, მთლიანად მოიცვას ჩემი ცხოვრება, თან მადლობას ვეუბნები ღმერთს, ბედს, ახლობლებს, რომ მომცეს ხატვის საშუალება. ეს რომ არ იყოს, ალბათ დეპრესიით და უკმარისობის გრძნობით დავიხრჩობოდი.
მორის ვლამინკი ამბობს: "მხატვარი რომ არ ვყოფილიყავი, ტერორისტი ვიქნებოდიო" – საინტერესო აზრია. მახსენდება, მტაცებლური შინაგანი აგრესიის ვერშემდგარი ხელოვანები როგორ აქტიურობდნენ პოლიტიკაში. მარტო ჰიტლერი რად ღირს! ქართველი "ტერორისტებიც" გვყავს - არშემდგარი ხელოვანები...
გავიგე და ვნახე, რომ სანაპიროზე პრომეთეს ძეგლი გაუხსნიათ. ძალიან არ მინდა ვინმეზე ან რამეზე ცუდი ვთქვა, ახლა ამის დრო არაა, მაგრამ რაც ვნახე, კოშმარი და დიდი სირცხვილია! ამის დადგმა თავის მოჭრა მგონია! მოვისმინე ავტორის ინტერვიუ - ინტელექტუალურად საკმაოდ დაბალ დონეს წარმოაჩენს... მომავალში აუცილებლად სერიოზულად უნდა შემუშავდეს პროექტი ხელოვნების სფეროში კომისიის შექმნის შესახებ. ადრე იყო და დაიშალა. დღეს კი აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
ვუყურე პრეზიდენტის გამოსვლას. ვფიქრობ, რომ სტაბილურობა აუცილებელია. არ მინდა რუსული ჩექმა, არც მისი მათრახი და არც მისი თაფლაკვერი. მინდა მართლაც დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობდე...
გარკვეული დრო წვიმაში ვიხეტიალე, თან ათასგვარი ფიქრი მიტრიალებდა თავში, გამახსენდა, რომ დღეს ქეთუშასთან ვერ წავალ და სწრაფად სახლში დავბრუნდი. ანის ჩემი საყვარელი ყველნარევი მჭადი გამოუცხვია. ნინიკოც სახლშია და ლაშაც თავის სახლში. შვილიშვილიც რომ მყავდეს, კარგი ბაბუა ვიქნებოდი. ენერგიული, გიჟი, გადარეული, ყურადღებიანი და ბევრ კარგ საჩუქარს გავუკეთებდი. მაგრამ არა ვარ...
ამ გრძნობით ისევ შევედი სახელოსნოში და სანამ საღამოს საინფორმაციო გადაცემებს ჩავუჯდები, ენი ლენოქსის ცნობილი ჰიტის ფონზე, სამი დღის წინანდელი შეწყვეტილი და გაფუჭებული ნამუშევრის მოდელირებას შევუდექი.
გარეთ წვიმს, სახელოსნოში სასიამოვნო სიგრილეა, მუსიკა უკრავს, მე ფუნჯს ვიქნევ, ენერგიულად ვუბაგუნებ ტილოს და ისიც სასიამოვნო ხმას გამოსცემს. თან ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. ხვალ ტელევიზიაში "ღამის საუბრების" ჩაწერა მაქვს – შინაგანად და შინაარსობრივად, მე მგონი, თითქმის მზად ვარ. მაქვს შეკიხვები და ძირითადი მიმართულების ერთგვარი მონახაზი.
დღეც ასე დაილია... ჰო მართლა, ქეთუშას უნდა დავურეკო და ლაშასთან წუხანდელი ვიზიტის შესახებ ვუამბო. პოლიტიკაზეც უნდა ვიქოთქოთოთ.
ჩემს დასთანაც სასაუბრო მაქვს. ვცდილობ, დავეხმარო. ყოფით საკითხებში რთულია, მაგრამ რას იზამ. მგონია, რომ ლია ცოტა დამეჩაგრა, ორშაბათს აუცილებლად შევხვდები. ლიას შემდეგ ვესაუბრე ჩემს დისშვილ ქეთინოსაც. იგი ჩვენთან, ხელოვნებათმცოდნეობაზე, 1 პირველ კურსზე სწავლობს. რაიმე ხომ არ გიჭირს-მეთქი. მაინტერესებს, პირველკურსელები რას ამბობენ, კმაყოფილები არიან თუ არა ლექციების მიმდინარეობით.
მითხრა, ერთი ლექტორი ცოტა ჭირვეულობს, ხშირად ბავშვივით იბუტება და გარბისო. აღმოჩნდა შესანიშნავი პროფესიონალი და კარგი სპეციალისტი, მრავალმხრივი და მართლაც ბავშვივით გულუბრყვილო პიროვნება, რომელიც ძლივს დავაბრუნე აკადემიაში და ამით ძალიან ვამაყობ. მის თავს არავის დავაჩაგრინებ.

24 ნოემბერი, შაბათი
დილიდანვე რაღაცნაირად მოდუნებულმა გავიღვიძე. თუმცა, იმის შეგრძნებით, რომ საინტერესო დღე მექნება. ეს მახალისებდა. იაკიმოვიჩის წიგნს ჩავუჯექი, ძალზე საინტერესო პასაჟი ამოვიკითხე რემბრანდტზე.
სახელოსნოში შევედი და დავიწყე "ჯღაბნა" – ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი, რაღაც გამომდის და რაღაც - არა. მთავარი სწორედ ის რაღაცაა, რასაც ვერ ვიჭერ. ამავე დროს, ბავშვობიდან მაოცებდა და დღესაც მაოცებს, რატომ არის დაუხატავი ცარიელი ტილო უფრო დიდი, ვიდრე დახატული. თითქოს ახსნაც მაქვს: იმიტომ, რომ დახატვამდე ტილო განუსაზღვრელი და უსაზღვრო პოტენციაა, ხოლო მასზე გამოსახულების დატანისთანავე, ეს პოტენციალი "იჭმუჭნება" იკეცება გამოსახულების გისოსებში და, წესით, სხვა შინაარსი უნდა "აკრიფოს". 100 შემთხვევიდან 98-ში იგი ამას ვერ ახერხებს და ამიტომაც საბოლოოდ ასე "დაჭმუჭნულ" მდგომარეობაში რჩება.
ცოტას ვვარჯიშობ, ენერგიულ მუსიკას ვრთავ "ჩიკაგოს" ბოლო ცოცხალი კონცერტიდან და მივდივარ ჩაწერაზე – არ უნდა დამაგვიანდეს.
ნიკა ვაჩეიშვილს ვწერ ჩემს "ღამის საუბრებში" – კულტურული მემკვიდრეობა და სამომავლო გეგმები.
მივედი სტუდიაში. ნიკა უკვე იქ არის. "გაპუდრვას" თავს ვარიდებ და პირდაპირ ვჯდები ჩემს ადგილზე. სათქმელი ბევრია... თუნდაც ის რად ღირს, ოშკის, ბანას და ხანძთის რესტავრაცია რომ იწყება ტაო-კლარჯეთში!
ჩაწერის დასრულების შემდეგ ქეთუშასთან წავედი. ლაშა დამხვდა. ბევრი ვისაუბრეთ. ქეთუშა პოლიტიკაზე ქოთქოთებს, საუბარს არ გვაცდის...
ფეხით წამოვედი სახლში. ცივა, მაგრამ მსიამოვნებს. გზად ვიღაც ქალბატონები შემხვდნენ. მთხოვეს, შევსულიყავი და მენახა მათი განახლებული სასტუმრო. მართლაც შთამბეჭდავად გაუკეთებიათ, ბევრი რამ მომწონს.
მოვედი სახლში, თინიკო კლდიაშვილი დამხვდა, ჩვენი აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დეკანი. ვსაუბრობთ შარდენის გალერეის თუ მუზეუმის შესახებ, რომელიც უწინ გივი ყანდარელს და თინას ჰქონდათ დროებითი ხელშეკრულებით აღებული. ახლა კი საბოლოოდ დავიმკვიდრეთ. თინიკოს ჩემთან შეთანხმება უნდა, რომ ერთდროულად ტექსტილის მუზეუმიც იყოს და გალერეაც. ცოტა შეუთავსებლად მეჩვენება, მაგრამ ალბათ შეიძლება. ისე კი, შარდენის გასტრონომიულ-გასართობი გარემო სერიოზული ხელოვნების აღსაქმელად ვერ განგაწყობს.
სახელოსნოში ვრჩები და ვცდილობ ვხატო. მაგრამ ვგრძნობ და ვხედავ, რომ დაღლილი ვარ და ისე არ გამომდის, როგორც მინდა. ტელევიზორთან ვჯდები. მეორე არხზე 60-იანი წლების შედევრია ბრიჟიტ ბარდოს მონაწილეობით. მაგრამ დაღლილობა თავისას შვრება – დასაძინებლად მივდივარ...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG