Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები


გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების

დიდი ნაწილი კვირის ბოლოს მოხდა: ჩატარდა მმართველი პარტიის, ”ნაციონალური მოძრაობის”, და ოპოზიციური ”ახალი მემარჯვენეების” ყრილობები. საქართველოს ესტუმრნენ ლიტვისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ხოლო კვირის ბოლო დღეს საქართველოს პარლამენტის საგანგებო სესია გაიმართა, ოპოზიციამ საპროტესტო მიტინგი მოაწყო და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა.


სანამ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის განცხადება შევიდოდა, - როგორც ცნობილია, იგი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მიზნით გადადგა, - მანამდე მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტს უმასპინძლა.

თავდაპირველად საქართველოს თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები აბდულა გიული და ილჰამ ალიევი ესტუმრნენ. სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა მარაბდის ველზე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის დაწყება აღნიშნეს. ამ მაგისტრალით საქართველო და აზერბაიჯანი სტამბულს, ხოლო შემდეგ დანარჩენ ევროპას დაუკავშირდება. გახსნის ცერემონიალზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”გეოპოლიტიკური რევოლუცია...”

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმაც სარკინიგზო მაგისტრალის ალტერნატიულ მნიშვნელობაზე ილაპარაკეს.

მათთან გამომშვიდობების მეორე დღეს საქართველოს ლიტვისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ვალდას ადამკუსი და ლეხ კაჩინსკი, ესტუმრნენ. პრეზიდენტებმა მიხეილ სააკაშვილს ”ვარდების რევოლუციის” იუბილე მიულოცეს და ისიც აღნიშნეს, რომ საქართველოში სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა.



როგორც ლეხ კაჩინსკიმ თქვა, საქართველოში ის ერთი წლის წინ იმყოფებოდა და, მაშინდელ სიტუაციასთან შედარებით, დღეს საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა.:

[ლეხ კაჩინსკის ხმა] ”მინდა მოგილოცოთ წმინდა გიორგის დღესასწაული. დღეს საქართველო განსხვავდება იმისგან, როგორიც იყო წარსულში. ყოველთვის შეიძლება იყოს პრობლემები, როდესაც შეფასებებზეა საუბარი. არასდროს იქნება დემოკრატიაზე უკეთესი სისტემა."

კაჩინსკიმ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა:

[ლეხ კაჩინსკის ხმა] "ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. ხალხი თვითონ გადაწყვეტს თავის ბედს და იმას, ვინ აირჩიოს. ბევრი რამ არის დამოკიდებული ქართველ ხალხზე. მხოლოდ მას შეუძლია სწორი არჩევანის გაკეთება. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ."

მანამდე კაჩინსკიც და ლიტვის პრეზიდენტიც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს. პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებას უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება. ლიტვის პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის კომენტარი:

"მთავარია, არჩევნები ღიად და დემოკრატიულად ჩატარდეს. ამისთვის კი აუცილებელია, რომ ყველა მედიასაშუალება ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს", - აღნიშნა ლიტვის პრეზიდენტმა.

გასულ კვირაში მედიის თავისუფლების საკითხი და, კერძოდ, ტელე-რადიო კომპანია ”იმედის” დახურვის ფაქტი საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენელთა შეკრების მიზეზადაც იქცა. პრესის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას და ”იმედის” მუშაობის აღდგენა მოითხოვეს. ტელეკომპანია ”იმედის” დირექტორის ბიძინა ბარათაშვილის კომენტარი:

[ბიძინა ბარათაშვილის ხმა] ”ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი...”

ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ 5 იანვრამდე დახურულ მედიაკომპანიას მუშაობის განახლების საშუალება მიეცემა.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს მოუსმინა და მასთან ერთად გადახალისებული მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. გურგენიძის განცხადებით, კაბინეტის მთავარი ამოცანა სოციალური პროგრამების განხორციელება და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაუმჯობესება იქნება:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”გაგვიმართლა კიდეც...”

მან ექსპორტის გაზრდის აუცილებლობაზეც ილაპარაკა და 24 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტისგან შექებაც დაიმსახურა.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი ვადის ბოლო მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა წინასაარჩევნო პერიოდში სტაბილურობის შენარჩუნებასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ილაპარაკა. მას უყურადღებოდ არც ზამთრისთვის დაგეგმილი სოციალური პროგრამების განხორციელების პროცესი დაუტოვებია:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენი ამოცანა არის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება..”

სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზეც ბევრი ილაპარაკა საქართველოს გაერთიანებასა და განვითარებაზე. სწორედ ამ ყრილობაზე, 10 ათასამდე დელეგატის წინაშე, ის კიდევ ერთხელ წამოაყენეს პრეზიდენტობის კანდიდატად.

საპრეზიდენტო არჩევნების 5 იანვარს ჩატარების მიზნით მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის განცხადება საქართველოს პარლამენტს 25 ნოემბერს გაუგზავნა. ეს განცხადება პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა ივანე ნონიაშვილმა გაახმიანა:

[ივანე ნონიაშვილის ხმა] ”დღეს, 25 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა...”

ამავე დღეს საქართველოს პარლამენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ საგანგებო სესიაზე იმსჯელა.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა]

საქართველოს პარლამენტმა 148 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს გაიმართება. სხდომას ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია.

კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნებამდე დარჩენილი 40 დღის მანძილზე პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შეასრულებს, ხოლო პარლამენტს ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

გასულ კვირაში, ნაციონალური მოძრაობის ყრილობის გარდა, კიდევ ერთი პარტიული ყრილობა გაიმართა, ამჯერად - ახალი მემარჯვენეების. ამ ყრილობაზე მემარჯვენეებმა, მრეწველებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა თავიანთ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით გამყრელიძე დაასახელეს. გამყრელიძე, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, რეფერენდუმს დანიშნავს საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის ჩამოყალიბების მიზნით.

საპრეზიდენტო ამბიცია გამოთქვეს საქართველოს ლეიბორისტებმაც და პრეზიდენტობის კანდიდატად პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი წამოაყენეს.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] ”მე ვიწვევ ...

შალვა ნათელაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენება მოულოდნელი აღმოჩნდა ოპოზიციის ეროვნული საბჭოსთვის, რომელმაც მანამდე ერთიან კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა.

შალვა ნათელაშვილი 25 ნოემბერს არც ოპოზიციის გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას შეუერთდა, რომელიც რიყეზე გაიმართა. აქციაზე ათასობით ადამიანი ”ტელეიმედის” ამუშავების მოთხოვნით შეიკრიბა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გია თორთლაძის, კომენტარი:

[გია თორთლაძის ხმა]

მოგვიანებით საპროტესტო აქციამ საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლა და, წინასწარი გეგმის მიხედვით, მშვიდობიანად დაიშალა.


XS
SM
MD
LG