Accessibility links

logo-print

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციის წინ


ვაშინგტონის მახლობლად, მანქანით ერთი საათის სავალზე მდებარე ზღვისპირა ქალაქი ანაპოლისი ხვალიდან მრავალი ქვეყნის ლიდერებს მასპინძლობს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი სტუმრები იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე, რომლის შესახებ ასეთი მასშტაბური კონფერენცია 2000 წლის შემდეგ არ გამართულა.

სამიტის მასპინძელი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში წინასწარაც მართავს შეხვედრებს: თეთრ სახლში ცალ-ცალკე მიიღებს ისრაელისა და პალესტინელების ლიდერებს. პრეზიდენტ ბუშის ეს საუბრები, ერთი მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტთან, მეორე მხრივ კი პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მიჩნეულია მზადების ბოლო ეტაპად სამიტამდე, რომელიც გაცილებით უფრო მეტ ლიდერს მოუყრის თავს. ანაპოლისში შეიკრიბებიან მრავალი არაბული ქვეყნის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები, “დიდი რვიანის”, გაეროს, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები.

ამერიკელი დიპლომატების განსაკუთრებულ წარმატებად სამიტში არაბი ლიდერების მონაწილეობა ითვლება: ეს ეხება, უწინარეს ყოვლისა, სირიასა და საუდის არაბეთს. ორივე, ფაქტობრივად, ბოლო მომენტში დაითანხმეს ანაპოლისში ჩასვლაზე და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნების განხილვა ამ სამიტზე არ იგეგმება. კერძოდ, სირიას სურს მოლაპარაკება ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის - გოლანის მაღლობების დაბრუნებაზე, საუდის არაბეთი კი მოითხოვს მსჯელობას მის მიერვე შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ისრაელის დაბრუნებას 1967 წლამდე არსებულ საზღვრებთან.

ანაპოლისში ჩადიან ეგვიპტის, იორდანიის, ბაჰრეინის, კატარის, მაროკოს, ტუნისის, ალჟირისა და სუდანის უმაღლესი რანგის ოფიციალური წარმომადგენლებიც.
თუმცა, არაბი ლიდერების ჩასვლა კონფერენციაზე არ არის იმის გარანტია, რომ სამშვიდობო კონფერენცია შედეგიანი იქნება. უნდა ითქვას - პალესტინელებისა და ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები რაიმე საყურადღებო წარმატებას არ მოელიან. მათ მხოლოდ იმედი აქვთ, რომ გზა გაიხსნება ნაყოფიერი მოლაპარაკების პროცესისთვის.

პალესტინელების პრეზიდენტის მრჩეველი, ნაბილ შაათი ასეთ შეფასებას იძლევა: [შაათის ხმა] “პალესტინელების საკითხისაკენ ყურადღებისა და ინტერესის მიპყრობა არის მთავარი და უმნიშვნელოვანესი შედეგი, რომელიც ამ შეხვედრას მოჰყვება. ამ შეხვედრის შემდეგ დაუყოვნებლივ გადასვლა მოლაპარაკებებზე, რომლებიც დაეფუძნება უკვე შეთანხმებულ პრინციპებს, როგორც ამაზე პრეზიდენტმა ბუშმა მიანიშნა - არაბული მხარის სამშვიდობო შეთანხმებას, გაეროს საერთაშორისო შეთანხმებებს და ა.შ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ყველაფერი თავიდან კი არ დავიწყოთ, არამედ გავაგრძელოთ იქიდან, რაზეც უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას, მათ შორის მადრიდში (1991 წელს) და პრინციპით “ტერიტორია მშვიდობისთვის” და ა.შ.”

პალესტინელთა ამ წარმომადგენლის მსგავსი შეფასება გამოთქვა ისრაელის საგარეო უწყების პრეს-მდივანმაც - მარკ რეგევმა. მან გუშინ საინფორმაციო სააგენტო “როიტერსთან” ინტერვიუში აღნიშნა: [რეგევის ხმა]
“ვფიქრობ, ანაპოლისის მნიშვნელობა განისაზღვრება არა მარტო იმით, რამდენად კარგი იქნება შეხვედრა, არამედ რა მოხდება მომდევნო კვირებსა და თვეებში ანაპოლისის შემდეგ. ჩვენ იმის იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრის შედეგი იქნება ისრაელსა და პალესტინელებს შორის ენერგიული დიალოგი საკვანძო მნიშვნელობის საკითხებზე.”

საკვანძო მნიშვნელობის საკითხებად კი მიჩნეულია საზღვრები, უშიშროება, ებრაელთა დასახლებები, იერუსალიმის სტატუსი და პალესტინელი ლტოლვილების ბედი: მათ გამო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართული ყველა ძალისხმევა აქამდე წარუმატებლად მთავრდებოდა.
ეს საკითხები რომ ვერც ანაპოლისში მოგვარდება, წინასწარვე ცხადია: სამიტის წარმატება განიზომება იმით, შეთანხმდებიან თუ არა ისრაელი და პალესტინელები საკვანძო საკითხების განსახილველად რეგულარული შეხვედრების დაწყებაზე.

ბოლოს აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სამიტზე არ მიუწვევიათ ირანი. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გააკრიტიკა საუდის არაბეთის დათანხმება სამიტში მონაწილეობაზე.
XS
SM
MD
LG