Accessibility links

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის პრესა კვლავ დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

თბილისური რეპორტაჟების გარდა, რუსეთის გაზეთებში მრავლად იბეჭდება ანალიტიკური სტატიები, რომლებიც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო შედეგის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენის თემას ეხება. რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.

თავდაპირველად, ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შესახებ, რომელიც რუსეთში ფონდმა ”საზოგადოებრივმა აზრმა” ჩაატარა და რომლის შედეგებსაც 26 ნოემბრის ”ვრემია ნოვოსტეი” აქვეყნებს. 1 500 გამოკითხულიდან ნახევარი აცხადებს, რომ რუსეთს სწორი პოზიცია უკავია საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ და რომ რუსეთი არ უნდა ჩაერიოს ამ მოვლენებში. გამოკითხულთა 34 პროცენტი საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილია, 17 - საქართველოს მტრულ სახელმწიფოდ აღიქვამს, 39 პროცენტი კი აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ გულგრილია. მიხეილ სააკაშვილი მოსწონს გამოკითხულთა 3 პროცენტს, 30 პროცენტი მის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, 46 პროცენტი გულგრილია. კითხვაზე, რით დასრულდება კონფლიქტი მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციას შორის, 9 პროცენტმა ივარაუდა, რომ გამორიცხული არ არის შეიარაღებული გადატრიალება; 8 პროცენტის აზრით, ოპოზიცია არჩევნების გზით მივა ხელისუფლებაში; 6 პროცენტი იმედოვნებს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება; გამოკითხულთა 60 პროცენტზე მეტს უჭირს თქვას, რით დასრულდება მოვლენები საქართველოში. - შეგახსენებთ, ფონდ ”საზოგადოებრივი აზრის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს 26 ნოემბრის ”ვრემია ნოვოსტეი” აქვეყნებს.
”ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადი შეიტანა იმუნიტეტზე” - ასეთი სათაურით აქვეყნებს დღევანდელი გაზეთი ”კომერსანტი” სტატიას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა თემას შეეხება. გაზეთის შენიშვნით, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პატარკაციშვილის გადაწყვეტილება, კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან აქამდე ბიზნესმენი აცხადებდა, რომ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვეტდა, თუ გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის ვინაობაზე ვერ შეთანხმდებოდა: ”გასულ კვირას გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიან კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა, თუმცა ოლიგარქმა მაინც გადაწყვიტა პირადად დაპირისპირებოდა მიხეილ სააკაშვილს, რომელთანაც მისი ურთიერთობა ბოლო ხანს დაუფარავ მტრობაში გადაიზარდა.” ”კომერსანტის” ვარაუდით, გამორიცხული არ არის, პატარკაციშვილი არჩევნებზე არ დაუშვან: ”საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტობის კანდიდატი რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის, ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. მართალია, პატარკაციშვილი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ის საქართველოში მუდმივად არ ცხოვრობს.”

დაბოლოს, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ კიდევ ერთ პუბლიკაციას, რომელსაც ინტერნეტგამოცემა ”პოლიტკომი” აქვეყნებს. გამოცემის აზრით, გასაკვირი არ არის, რომ დღეს დაბალი რეიტინგი აქვს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ოპოზიციასაც. ეს იმის ნიშანია, რომ ქართულ საზოგადოებაში უნდობლობის დონე მაღალია. თუმცა პოლიტკომს არ ეეჭვება, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს: ”მიხეილ სააკაშვილის აქტივშია ძლიერი ადმინისტრაციული რესურსი, ქარიზმა, განხეთქილება მოწინააღმდეგეების რიგებში და ერთი ძლიერი ლიდერის არარსებობა.” - ამავე დროს, პოლიტკომის პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ ნიშნავს გამარჯვებას ოპოზიციასთან ბრძოლაში, რომელიც, როგორც ჩანს, ხანგრძლივი იქნება.
XS
SM
MD
LG