Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება და რეალობა ქართული პრესის სარკეში


სამშაბათს გამოსული რამდენიმე ყოველკვირეული გამოცემა აქვეყნებს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის

ნინო ბურჯანაძის პირველი ტელემიმართვის ტექსტს. ”მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიან, სამართლიან, სტაბილურ გარემოში და რომ არჩევნების დემოკრატიულობასა და სამართლიანობაში არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არავითარი ეჭვი არ გაუჩნდეს,” - პირობას დებს ნინო ბურჯანაძე მიმართვაში, რომლის სრულ ტექსტსაც გაზეთი ”24 საათი” ბეჭდავს.

თუმცა, როგორც ჩანს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში ხელისუფლების ბევრ ოპონენტს ეპარება ეჭვი. ”ოპოზიციისათვის ჩაკეტილია დარბაზები”, - ჩივის მანანა ნაჭყებია, პარლამენტის დეპუტატი ”ახალი მემარჯვენეებიდან”. თუმცა დეპუტატს აქვს სხვა საჩივარიც: ”ამ დღეებში ”ნაციონალური მოძრაობის
ოფისში ბიზნესმენებს ეძახიან და, ფინანსური და საგადასახადო პოლიციის თანდასწრებით, ”სთხოვენ” ფულის გადარიცხვას. ამ დღეებში ჩვენ გვქონდა სურვილი რამდენიმე შეხვედრა გაგვემართა სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო სტრუქტურების დარბაზებში, მაგრამ გვითხრეს, რომ ისინი პოლიტიკოსებს არ იღებენ”, - აცხადებს დეპუტატი მანანა ნაჭყებია გაზეთ ”რეზონანსისათვის” მიცემულ ინტერვიუში.

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია კი აპირებს უჩივლოს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და მომღერალ კაბუს - კახა აბუაშვილს - იმ მუსიკალური კლიპის გამო, რომელშიც არის ფრაზა ”ჩვენ დავამარცხებთ აფხაზს.” ადა მარშანიას აზრით, ეს ფრაზა, ”დავამარცხებთ აფხაზს”, ” არის ჩვენი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ფრაზა და იგი ეროვნებათა შორის შუღლის ჩამოგდების მცდელობაა”.

”საქართველოს მთავრობა ახდენს კიდევ ერთი ცნობილი ქართული ბიზნესის კონფისკაციას” - ასეთი სათაურით ქვეყნდება რამდენიმე გაზეთში მიმართვა საინვესტიციო კომპანიისა ”სალფორდ-საქართველო”, რომლის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ ქართულ ბანკ ”სტანდარტ ბანკში” საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები შევიდნენ ”საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიასა” და კომპანია ”ტელენეტში”, რომელთა მართვის უფლება ასევე ეკუთვნის ”სალფორდს”.
”მიგვაჩნია, რომ განვითარებულ მოვლენებს აქვს პოლიტიკური სარჩული და უცხოური ინვესტიციებისთვის ფინანსურ სექტორში ხსენებული მოვლენები წარმოადგენს საკმაოდ შემაშფოთებელ პრეცედენტებს”, -მიიჩნევს საინვესტიციო ჯგუფი ”სალფორდ-საქართველო”.

დღევანდელი გაზეთი ”24 საათი” ბეჭდავს პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გურგენიძის გამოსვლის სტენოგრაფიულ ჩანაწერს. ”ბოლო წლებში გაჩნდა მსოფლიო საინვესტიციო წრეებში იმის რწმენა, რომ საქართველოში შეიძლება წარმატებული ბიზნესის კეთება და ინვესტიციებმაც არ დააყოვნა. მაგრამ ეს რწმენა ძალიან ფაქიზი მატერიაა, მას ყოველი ჩვენგანის მოფრთხილება სჭირდება”,- განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ თავის საპროგრამო გამოსვლაში.
XS
SM
MD
LG