Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის შეზღუდვები თბილისის უბნების ბუნებრივი აირით მომარაგებაში


აცივებასთან ერთად თბილისის ბუნებრივი აირით მომარაგებაში შეფერხებები დაიწყო.

27 ნოემბრის ღამით გაზის მიწოდება შეუწყდა გლდანის რაიონს, მანამდე იყო სხვა შეფერხებებიც. დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანიის ”ყაზტრანსგაზ თბილისის” განცხადებით, ადგილი აქვს საბოტაჟის შემთხვევებს. კომპანიაში ამბობენ, რომ საკმარისი მოცულობის გაზი შეიძინეს და ზამთრის მანძილზე თბილისის ბუნებრივი აირით სრულფასოვან მომარაგებასაც შეძლებენ. მაშ, რა არის თბილისის უბნების შეფერხებით მომარაგების მიზეზები?

ბოლო დღეებში თბილისის ხან ერთი, ხანაც მეორე ქუჩა თუ უბანი ბუნებრივი აირის გარეშე რჩება. გაზგამანაწილებელ კომპანიაში ”ყაზტრანსგაზ თბილისში” კი ირწმუნებიან, რომ საკმარისი რაოდენობის გაზი შეიძინეს თბილად გამოსაზამთრებლად. ამასვე ადასტურებს დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც:

[გიგი უგულავას ხმა] ”გაზი საკმარისი არის იმისთვის, რომ მთლიანად იყოს მომარაგებული თბილისი და ის რაიონები, რომლებიც გაზიფიცირებულია.”

მიუხედავად ამისა, 27 ნოემბრის ღამით გაზის მიწოდება შეუწყდა გლდანის რაიონს. ამის გამო ”ყაზტრანსგაზ თბილისის” ხელმძღვანელებმა 28 ნოემბრის დილითვე საგანგებო ბრიფინგი მოაწყვეს. კომპანიის დირექტორის მოადგილემ სანჟარ რახმეტჟანოვმა განაცხადა, რომ შეფერხების მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ გახდებოდა, რადგან ამჟამად ყველა სამუშაო დასრულებულია:

[სანჟარ რახმეტჟანოვის ხმა] ”უკვე ორი კვირის მანძილზე ქალაქში ხდება საბოტაჟი. ეს საბოტაჟი დაკავშირებულია იმასთან, რომ როგორც კომპანიის თანამშრომლები, კომპანიის პასუხისმგებელი პირები, ასევე დაუდგენელი პირები, გაზგამანაწილებელი ონკანების მასიურ გამორთვას ახდენენ, აწარმოებენ ჩვენი გაზგამანაწილებელი სისტემის გაზსადენების არალეგალურ ჩაჭრას. ბუნებრივი შედეგი ამ არალეგალური ქმედებებისა არის შეფერხებები მოსახლეობის გაზით მომარაგებაში.”

საბოტაჟის ფაქტს თბილისის მერი გიგი უგულავაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან:

[გიგი უგულავას ხმა] ”მიზანი არის გამოიწვიონ არეულობა, გამოიწვიონ უკმაყოფილება, გამოიწვიონ... მე წამოვედი სამსახურიდან და ახლა იმას გავაფუჭებ. მაგრამ შენი პირადი წყენის გამო შეიძლება უამრავი ადამიანი გაზის გარეშე აღმოჩნდეს სიცივეში - თან, ასეთ სიცივეში. მოტივს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საბოტაჟი არის საბოტაჟი და ყველას მოხვდება ცხვირში.”

ენერგეტიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის აზრით, საქართველოს გაზის საკმარისი მარაგი აქვს შეძენილი და გაზის მიწოდებაში არსებული შეფერხებების მიზეზი დეფიციტი არ არის:

[გია ხუხაშვილი] ”ამ პერიოდში, ალბათ, საბოტაჟზე და ...”

ამჟამად საქართველოს გაზს, ძირითადად, აზერბაიჯანი აწვდის, შედარებით მცირეა რუსეთის წილი და ის ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოიმატებს, თუმცა მთავრობაც და ექსპერტებიც ირწმუნებიან, რომ ამით გაზის შეწყვეტის საფრთხე არ გაიზრდება.
XS
SM
MD
LG