Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნები და ზოგადად პოლიტიკური ვითარება საქართველოში პრესის ყურადღების ცენტრში


საპრეზიდენტო არჩევნები და ზოგადად პოლიტიკური ვითარება საქართველოში პრესის ყურადღების ცენტრში რჩება

თუმცა მიმოხილვას დავიწყებ ”რეზონანსის” პუბლიკაციით, სადაც საუბარია ექსპერტ გია ხუხაშვილზე, რომელმაც ბოლო დროს არაერთი მედიასაშუალებით განაცხადა, რომ მასზე 24-საათიანი თვალთვალია დაწესებული. ”რეზონანსთან” ინტერვიუში ხუხაშვილი ჰყვება, რომ მის მოთვალთვალეთა გამოსავლენად სამართალდამცავებსაც მიმართა, თუმცა მათგან, დაპირების მიუხედავად, გამოხმაურება არ ყოფილა, რაც ხუხაშვილს აფიქრებინებს, რომ 21 ნოემბერს პროკურატურაში მისი დაკითხვის შემდეგ დაწყებული თვალთვალი ოფიციალური უწყების მიერ არის მიჩენილი. გარდა ამისა, ეკონომიკის ექსპერტი იხსენებს 2005 წელს მომხდარ ფაქტს: ”2005 წლის 22 იანვარს, დილით, ქუჩაში ძაღლს ვასეირნებდი. ადამიანმა, რომელიც არ დამინახავს, დამარტყა, რის შედეგადაც ქვედა ყბა მთლიანად დამემსხვრა, ზედა ყბა შენგრეული მქონდა. 6 საათის განმავლობაში ოპერაციას მიკეთებდნენ. როგორც ექიმმა თქვა: ისეთი ძალის დარტყმა იყო, ერთი სანტიმეტრით ზემოთ რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ფატალურად დასრულებულიყოო. რა დამარტყეს, ეს უკვე არ დამინახავს.” ხუხაშვილი დასძენს, რომ იმ პერიოდში, როცა მასზე თავდასხმა მოხდა, ის რუსული ორიენტაციის პრივატიზაციის საწინააღმდეგოდ გამოდიოდა, რადგან ფიქრობდა და ახლაც ასე ფიქრობს, რომ, მიუხედავად რუსეთთან არსებული საომარი რიტორიკისა, საქართველოში დიდი პრივატიზაცია რუსული ნიშნით მიდის, რაც ხუხაშვილს ყოვლად მიუღებლად მიაჩნია. ”ჩემზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება კონკრეტულად რა თემას უკავშირდებოდა, ამაზე ჩემი მოსაზრებები გამაჩნია, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ მაქვს და, გამომდინარე აქედან, ამაზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ”, - ამბობს გია ხუხაშვილი ”რეზონანსთან” ინტერვიუში.

”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ჟან ჟორესის ფონდის წარმომადგენელ, ევროპარლამენტისა და საფრანგეთის ნაციონალური კრების ორგზის დეპუტატ ჟერარ ფუხსთან, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ამბობს: ”საგანგებო მდგომარეობამ ვერ დააახლოვა საქართველო ევროკავშირთან. ჩემი აზრით, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაერთიანება ევროკავშირში უნდა მოხდეს უფრო ნელა და სიფრთხილით”. ფუხსი 7 ნოემბრის მოვლენებში რუსეთის მონაწილეობის ვერსიაზეც აკეთებს კომენტარს: ”ასეთი პოზიცია ახასიათებს იმ მმართველებს, რომლებიც გასაჭირში არიან ჩავარდნილები და სურთ აქცენტი გადაიტანონ გარე სირთულეებზე, რათა შიდა სირთულეები დაიჩრდილოს. ის ხალხი, რომელიც მონაწილეობდა მანიფესტაციებში, გამოთქვამდა პროტესტს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების წინააღმდეგ. ისტორიაში მრავლად არის მაგალითი, როცა ქვეყნის მეთაურები ომს იწყებდნენ სხვა ქვეყნებთან, რათა შიდა პრობლემებიდან აქცენტი გადაეტანათ”, - განუცხადა ჟერარ ფუხსმა ”ახალი თაობის” კორესპონდენტს.

პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი გაზეთ ”ვერსიასთან” ინტერვიუში, საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას, აღნიშნავს: ”კანდიდატებად მოიაზრებიან პოლიტიკური ფიგურები, რომელთაც პოლიტიკური ბიოგრაფია აქვთ და ამ მარათონში მიხეილ სააკაშვილი რომ არ იყოს, ერთმანეთს მხოლოდ ისინი [პრეზიდენტობის რიგ კანდიდატებს გულისხმობს რესპონდენტი- ნ.გ.] უპირისპირდებოდნენ, არჩევანის გაკეთება ძნელი იქნებოდა, მაგრამ ახლა გვაქვს ვითარება, როცა ასპარეზზე ”ა” და ”ჭ” კლასის წარმომადგენლები გამოდიან. ამიტომ ძნელი სავარაუდო არ არის, როგორი შედეგი იქნება”, - ამბობს დეპუტატი გრიგალაშვილი ”ვერსიასთან” ინტერვიუში.

ამავე გაზეთის კორესპონდენტი ესაუბრა დეპუტატ ვალერი გელბახიანს, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის განაცხადი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიიტანა. დეპუტატი აცხადებს, რომ 3 დღის წინ დაბრუნდა ლონდონიდან, სადაც პატარკაციშვილს შეხვდა: ”პატარკაციშვილის ერთადერთი და ძალიან მარტივი არგუმენტი ის არის, რომ იმას, რაც ხელისუფლებამ იკადრა, პასუხი სჭირდებოდა, ანუ ბატონმა ბადრიმ ჩათვალა, რომ ეს სააკაშვილის გამოწვევა იყო, მან გამოწვევა მიიღო”, - ამბობს გელბახიანი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG