Accessibility links

logo-print

ოლგა ალენოვა: არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მოვლენებში მოსკოვის კვალი იკითხებოდეს.


ნოემბრის მოვლენების გასაშუქებლად საქართველოში ბევრი უცხოელი ჟურნალისტი ჩამოვიდა, ზოგიერთ მათგანს კი

თითქმის მთელი თვის განმავლობაში მოუხდა მივლინებაში ყოფნა. რუსულ გაზეთ ”კომერსანტისა” და ჟურნალ ”ვლასტის” უფროსმა კორესპონდენტმა ოლგა ალენოვამ, რომელმაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს რამდენიმე რეპორტაჟი მიუძღვნა, საქართველო 26 ნოემბერს დატოვა. გამგზავრების წინ მან საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. ოლგა ალენოვა არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მოვლენებში მოსკოვის კვალი იკითხებოდეს.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი ოლგა ალენოვა მედია-ჰოლდინგ ”კომერსანტ-ვლასტის” სტაჟიანი ჟურნალისტია და საქართველოში მივლინებით წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის. სხვა კოლეგა თანამემამულეებისაგან განსხვავებით, ოლგას ბევრჯერ გამოუხატავს აღფრთოვანება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებით და სწრაფი ეკონომიკური აღმავლობით. ოლგა არ ელოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება 7 ნოემბრის დემონსტრაციის ძალისმიერი დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებდა და არ ეცდებოდა ხალხთან გასულიყო.

[ოლგა ალენოვა] ”მე დღემდე ვერ გავარკვიე ჩემთვის, თუ რამდენად გამართლებული იყო დემონსტრაციის დაშლა, რამდენად გამართლებული იყო სპეცსაშუალებებისა და ხელკეტების გამოყენება. [საქართველოს] ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა ქვეყნის უსაფრთხოებას. თუ ეს მართლაც ასეა და ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო, მაშინ, შესაძლოა, გამართლებული იყოს ასეთი ზომები. მაგრამ, როგორც ჟურნალისტს, არ შემიძლია გავამართლო ძალისმიერი ზომები და მიმაჩნია, რომ ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება და ხალხთან გასვლა. არ ვიცი, რატომ ვერ მოახერხეს ეს ან ბურჯანაძემ, ან საქართველოს პრეზიდენტმა. შესაძლოა, მათ ასეთი ნაბიჯი სისუსტის გამოვლინებად მიიჩნიეს. მაგრამ მე მგონია, რომ ამით შეიძლებოდა ძალისმიერი დაშლის თავიდან აცილება, რადგან არანაირ ძლიერი ხელისუფლების იმიჯზე ფიქრიც არ შეიძლება, თუ ლაპარაკი მიდის ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე.”

ოლგა ალენოვა აშუქებდა 25 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგს, რომელიც ”ტელე-იმედის” დაცვის მოთხოვნით მოეწყო რიყეზე და შემდეგ საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა პარლამენტის შენობის წინ. მიტინგზე გამომსვლელი ზოგიერთი ორატორი ლაპარაკობდა ”პუტინიზაციის” საშიშროებაზე საქართველოში. გაზეთ ”კომერსანტის”ჟურნალისტს ვკითხე, თუ რას ფიქრობს ტელერადიოკომპანია ”იმედის” მუშაობის შეჩერებაზე და ამჟღავნებს თუ არა ვლადიმირ პუტინის მართვის სტილთან მსგავსებას საქართველოს ხელისუფლების ქმედებები.

[ოლგა ალენოვა] ”მე მგონი, რომ ასეთი მსგავსება არსებობს. ჩვენთან, თუ გავიხსენებთ, ელცინის დროს ძალიან ბევრი თავისუფლება იყო - არსებობდა თავისუფალი ტელეარხები, არსებობდა თავისუფალი პრესა. ერთი სიტყვით, ყველანი იყვნენ თავისუფლები და, დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, ქვეყანაში კომფორტი იყო. მაგრამ როდესაც პუტინი მოვიდა, ყველაფერი შეიცვალა. როდესაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდები, მეჩვენება, რომ ეს ზუსტად ის გარდამავალი პერიოდია, რომელიც პუტინის მოსვლას მოჰყვა. მაგრამ აღფრთოვანებული ვარ იმ გამბედაობით, რომლითაც თქვენი ოპოზიცია იცავს დემოკრატიულ თავისუფლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთან კი ოპოზიცია სუსტი იყო და არავინ იცავდა სიტყვის თავისუფლებას, თავისუფალ ტელეარხებსა და პრესას. ამიტომაც გვაქვს ის, რაც გვაქვს. მაგრამ საქართველოში, თქვენთან, 25 ნოემბერს მე დავინახე, რომ ოპოზიციას დიდი მხარდაჭერა აქვს. ვუყურებდი და ვადარებდი, თუ როგორ იქნებოდა რუსეთში.”

[კობა ლიკლიკაძე] ”და როგორ იქნებოდა?”

[ოლგა ალენოვა] ”მე წარმოვიდგინე, რომ ამდენი ხალხი რუსეთში არავითარ შემთხვევაში არ მოვიდოდა, იმიტომ რომ ხალხი თავიდან დააშინეს, მათ აჩვენეს, თუ რა მოუვათ ურჩობის შემთხვევაში. მერე კი დაიწყეს მათი მოსყიდვა - პენსიების, ხელფასებისა და რაღაც დაპირებების მიცემა დაუწყეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მენტალიტეტზე ან პირველი იმოქმედებდა, ან მეორე და, საეჭვოა, რომ ჩვენთან ამდენი ხალხი მოსულიყო მიტინგზე. როდესაც მე მივდიოდი მიტინგზე 25 ნოემბერს, დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ ერთი ან ორი ათასი კაცი მოვიდოდა. მაგრამ როდესაც დავინახე ამხელა მოედანი, ერთი 20 ათასი კაცი მაინც იქნებოდა, გეტყვით, რომ მე, უბრალოდ, აღფრთოვანებული ვიყავი იმ დემოკრატიული რესურსით, რაც ჯერ კიდევ აქვს საქართველოს.”

გაზეთ ”კომერსანტის” კორესპონდენტმა ოლგა ალენოვამ საქართველოში ყოფნის დროს მომზადებულ საგაზეთო რეპორტაჟებში ყურადღება გაამახვილა ასევე ე.წ. რუსული სპეცსამსახურების კვალზე 7 ნოემბრის მოვლენებში. არშემდგარ ქართულ რევოლუციაში რუსეთის როლზე რუსმა ჟურნალისტმა, ცხადია, მკითხველებს მიაწოდა როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებები. მაგრამ მე მაინც ვკითხე მას, თუ როგორი იყო პირადი შეგრძნება, როდესაც რუსულ კვალზე საუბარს ისმენდა.

[ოლგა ალენოვა] ”სამწუხაროდ, მე ხელი არ მიმიწვდება იმ ოპერატიულ ინფორმაციებზე, რასაც თქვენი სპეცსამსახურები - მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო - ფლობენ. ამიტომ მე რეპორტაჟებში ამაზე ვწერ, მაგრამ არა მტკიცებულებითი ფორმით, რადგან არ ვიცი. მაგრამ როდესაც ვიღებ ინტერვიუს ქართველი მოხელეებისგან, რა თქმა უნდა, მათ ინტერვიუებს ყოველთვის წითელ ზოლად გასდევს აზრი, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების უკან დგას მოსკოვი, კრემლი და ლუბიანკა. მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ არსებითად მე ამის მჯერა, რადგან თუ გავაანალიზებთ საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულ ყველა მოვლენას, მათში საკმაოდ მკაფიოდ ჩანს მოსკოვის კვალი. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ ასეთ ვერსიას.”
XS
SM
MD
LG