Accessibility links

logo-print

სერგეი ლავროვი საქართველოსგან ანტირუსული რიტორიკის შეწყვეტას მოითხოვს


მადრიდში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულუარებში მოეწყო საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაც.

რაზე ისაუბრეს გელა ბეჟუაშვილმა და სერგეი ლავროვმა? როგორც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ესპანეთის დედაქალაქიდან იუწყება, შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების საკითხი. ბეჟუაშვილთან შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობათა სადღეისო მდგომარეობა არ შეიძლება, კმაყოფილებას იწვევდეს.

[სერგეი ლავროვის ხმა]: "ჩვენი ქართველი კოლეგები ხშირად გვეკითხებიან, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ეს ურთიერთობა კრიზისიდან და მას ნორმალური სახე მივანიჭოთ. ჩვენი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა: ამისკენ ერთი გზა არსებობს - უარი ითქვას ანტირუსულ რიტორიკაზე, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელთა გამონათქვამებში უკვე ნორმად არის ქცეული; უარი ითქვას მცდელობებზე, რუსეთში ვეძიოთ ყველა უბედურების წყარო - იქნება ეს საქართველოს საშინაო პოლიტიკა თუ მისი საგარეოპოლიტიკური საქმეები. და დაიწყოს ნორმალური მუშაობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად."

ლავროვმა დასძინა, რომ თბილისი იმას კი არ უნდა ცდილობდეს, შეცვალოს უკვე არსებული შეთანხმებები იმ პირობებისა თუ ფორმატის შესახებ, რომელთა საფუძველზეც კონფლიქტების მოგვარება უნდა მოხდეს, არამედ მკაცრად უნდა იცავდეს ნაკისრ ვალდებულებებს.

ამასთანავე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, თუმცა ერთი პირობით:

[სერგეი ლავროვის ხმა]: "ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, მაგრამ გამუდმებით, და თან ცალმხრივად, ვერ გამოვიჩენთ ინიციატივას. ჩვენ ველით საპასუხო ნაბიჯებს და დღეს ეს კიდევ ერთხელ დაწვრილებით ვუთხარი გელა რობერტის ძე ბეჟუაშვილს."

შეკითხვას, როდის მოხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა, სერგეი ლავროვმა ასეთი პასუხი გასცა:

[სერგეი ლავროვის ხმა]: "ურთიერთობა ეკონომიკურ, სავაჭრო თუ სხვა სფეროებში აუცილებლად იქნება ნორმალური, როგორც კი ნორმალური გახდება საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ."

სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილიც. მისი თქმით, თავის რუს კოლეგას მან გარკვევით განუცხადა, რომ საქართველო აუცილებლად მოაგვარებს საკუთარ ტერიტორიულ პრობლემებს; ხოლო თუ რუსეთს კონფლიქტების მოგვარება სურს, მან უნდა შეწყვიტოს სეპარატისტთა მხარდაჭერა და საქართველოს ნებართვის გარეშე სეპარატისტულ რეგიონებში არჩევნების ჩატარება.
XS
SM
MD
LG