Accessibility links

logo-print

გაყალბდება თუ არა 2 დეკემბრის არჩევნები რუსეთში


2 დეკემბერს რუსეთში საყოველთაო საპარლამენტო არჩევნები იმართება. დეპუტატობის კანდიდატს ვლადიმირ პუტინს,



რომელიც “ერთიანი რუსეთის” პარტიულ სიაში პირველ ნომრად ირიცხება, ძველებური გავლენის შენარჩუნების იმედი აქვს. პრეზიდენტი ვეღარ იქნება, მაგრამ ამბიციური სადავეების შენარჩუნებას ის პრემიერ-მინისტრის რანგში გეგმავს. ხალხს მან რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით მიმართა, სთხოვა მის პარტიას, “ერთიან რუსეთს”, მისცენ ხმა და ისიც დააყოლა, ხალხის დიდი იმედი მაქვსო. 2 დეკემბერს რუსეთი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას სჯერა – პუტინის “ერთიანი რუსეთი” აუცილებლად გაიმარჯვებს.

როგორი იქნება გამარჯვება - ნამდვილი თუ გაყალბებით მოპოვებული? ბევრს არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ ხელისუფლება ძალ-ღონეს არ დაიშურებს და გამარჯვებისთვის ყველა შესაძლო მექანიზმს აამუშავებს, მით უმეტეს, რომ გარკვეულ შანსს წელს საერთაშორისო დამკვირვებლების სიმცირეც იძლევა. თუკი 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს რუსეთში 1200 უცხოელი მეთვალყურე ესწრებოდა, ხოლო 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 800 უცხოელ მეთვალყურეს ითვლიდნენ, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვლადიმირ ჩუროვის ინფორმაციით, 2 დეკემბრის არჩევნებს მხოლოდ 280 საერთაშორისო ექსპერტი მიადევნებს თვალყურს. რუსეთში მეთვალყურეთა გაგზავნაზე უარი თქვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და მიზეზად მოსკოვის მიერ მისთვის დაწესებული მიუღებელი შეზღუდვები დაასახელა. ერთი სიტყვით, არჩევნების გაყალბების ეჭვი და მოლოდინი საკმაოდ დიდია. ექსპერტები ათასნაირ ვერსიას გამოთქვამენ. Mახლა რამდენიმე მათგანის აზრს გაგაცნობთ.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი ნიკოლაი პეტროვი დარწმუნებულია, რომ რუსეთში არჩევნების გაყალბების აუცილებლობის კიდევ ერთი მიზეზი გაჩნდა. ეს იმიტომ, რომ 2 დეკემბრის არჩევნებმა ვლადიმირ პუტინის პოპულარობის გამოსავლენი რეფერენდუმის სახე მიიღო:

(პეტროვის ხმა) "ამიტომ ის პირადად არის დაინტერესებული, მიიღოს რაც შეიძლება მეტი ხმა. ამიტომ მათი ამოცანაა არა მხოლოდ ის, რომ "ერთიანმა რუსეთმა" ხმების უდიდესი ნაწილი მიიღოს... არამედ ისიც, რომ ამომრჩეველთა აქტივობა იყოს საკმაოდ მაღალი."

ამომრჩეველთაMმაღალი აქტივობის გარანტად პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორი ალექსეი მუხინი “მკვდარ სულებს” ასახელებს. აქ იგულისხმებიან რეგისტრირებული ადამიანები, რომლებიც მართლაც გარდაცვლილი არიან. გადაჭარბებული მონდომება და ციფრებით თამაში, მუხინის თქმით, ზოგჯერ კომიკურ სიტუაციებსაც ქმნის. ექსპერტი წინა არჩევნების მაგალითებს იხსენებს:

(მუხინის ხმა) "ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთ რესპუბლიკაში ხმა მისცა მოსახლეობის 102-მა პროცენტმა, რაც, თავადაც ხვდებით, ფიზიკურად შეუძლებელია. შედეგად, ბიულეტენების ხელახლა დათვლა გახდა საჭირო... გესმით? საქმე კაზუსებამდე მიდის..."

მივა თუ არა საქმე კაზუსებამდე, არავინ იცის, მაგრამ, როგორც ჩანს, მონდომებას რუსეთის რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლება არც 2 დეკემბრის არჩევნებს დააკლებს. ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი ევგენი ვოლკი ერთ სპეციალურ დავალებაზე საუბრობს:

(ვოლკის ხმა) "საიდუმლო არ არის, რომ კრემლმა მითითებები მისცა ადგილობრივ გუბერნატორებს, თუ სად და რამდენმა ადამიანმა უნდა მისცეს ხმა "ერთიან რუსეთს"... და, ცხადია, რომ ბევრი გუბერნატორი, რომელთა პოლიტიკური მომავალიც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რაოდენობის ხმებს მოიპოვებს "ერთიანი რუსეთი" მათ რეგიონებში, ეცდებიან სამთავრობო პარტიას ხმების მაქსიმალური რაოდენობა მიაწერონ."

ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 100 საარჩევნო უბანი გაიხსნება, თუმცა საერთაშორისო მეთვალყურეებს შესვლის უფლება მხოლოდ ნაწილში ექნებათ. სწორედ ამიტომ, როგორც მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი ნიკოლაი პეტროვი ამბობს, გაყალბება არცთუ ძნელი საქმე იქნება. თუმცა ამგვარი ნამოქმედარი საკმაოდ იოლად მჟღავნდება ხოლმე, თუკი ამა თუ იმ საარჩევნო უბანზე მოსახლეობის ზეაქტიურობა აღინიშნა ანდა ზებუნებრივად მაღალი აღმოჩნდა იმ კატეგორიის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რომლებსაც, ავადმყოფობის ან ღრმა მოხუცებულობის გამო, ხმის მიცემა შინ შეუძლიათ. პეტროვი იხსენებს, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისას რუსეთში, რიგ შემთხვევებში, ამგვარი კატეგორიის ამომრჩეველთა მაჩვენებელი 30%-ს აღემატებოდა. ეს კი, მისი აზრით, სავარაუდო გაყალბების აშკარა ნიშანია.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, “ერთიან რუსეთს” გაყალბება არც კი დასჭირდება სამხედრო ნაწილებში. როგორც “ნოვაია გაზეტას” სამხედრო მიმომხილველი პაველ ფელგენჰაუერი ამბობს, ჯარისკაცები, როგორც ყოველთვის, ხმას სწორედ იმ კანდიდატს მისცემენ, რომელზეც ხელისუფლება მიუთითებს. ეს საკმაოდ დიდი კონტინგენტია. ორგანიზაცია “ჯარისკაცთა დედების” ინფორმაციით, ჯერ მარტო ახალწვეულების რიცხვი, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება აქვთ, 600 ათასს შეადგენს. და მაინც, თუკი ვინმემ გაბედა და საკუთარი, განსხვავებული აზრის მიხედვით გადაწყვიტა ხმის მიცემა, ფელგენჰაუერის თქმით, ასეთ შემთხვევაში, სხვა, დამცავი მექანიზმი ამოქმედდება:

[ფელგენჰაუერის ხმა]

ექსპერტი საუბრობს ეგრეთ წოდებული “მეორე ბიულეტენის” ტექნოლოგიაზე. როცა მოგების მსურველი გავლენიანი პოლიტიკური ძალა, როგორც კი თავს მეთვალყურეების გარეშე დაიგულებს, იღებს არასასურველი კანდიდატის სასარგებლოდ შევსებულ ბიულეტენს, უბრალოდ, ანადგურებს მას და სანაცვლოდ ავსებს ახალს, ოღონდ უკვე, ბუნებრივია, – თავისი სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. ფელგენჰაუერი დარწმუნებულია, რომ ხმების გაყალბების ეს ტექნოლოგია მხოლოდ სამხედრო ნაწილებში არ გამოიყენება.

დაბოლოს, ამომრჩეველთა ხმების მიღების გარანტი, როგორც ექსპერტები ამბობენ, პუტინის პარტია “ერთიან რუსეთს” მეზობელი ქვეყნების სეპარატისტულ რეგიონებში ეგულება. სახელდება საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ასევე სახელდება მოლდავეთის დნესტრისპირეთი. საუბარია ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომლის დიდ ნაწილსაც პუტინის რუსეთმა რუსეთის პასპორტები დაურიგა და ყალბ ამომრჩევლებად აქცია. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ესა თუ ის სეპარატისტული ხელისუფლება, რომელსაც მოსკოვი მსუყედ აფინანსებს, მას ამომრჩეველთა ხმებს ნამდვილად არ დაამადლის. ხალხში სასურველი ხმების მოსაგროვებლად, როგორც პეტროვი ამბობს, შესაძლოა მხოლოდ ისიც კი იყოს საკმარისი, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხმამაღლა გამოხატოს სიმპათია “ერთიანი რუსეთის” მიმართ.
XS
SM
MD
LG