Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამ მიხნიკი - ”ენდე, მაგრამ გადაამოწმე”


ცნობილი პოლონელი ჟურნალისტი, ”გაზეტა ვიბორჩას” რედაქტორი, წარსულში აქტიური დისიდენტი ადამ მიხნიკი საქართველოში სამიოდე დღის წინ ევროკავშირის,

შეერთებული შტატების მთავრობის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის მიწვევით ჩამოვიდა იმ დაძაბულობის მოსაგვარებლად, რაც ”იმედის” მაუწყებლობის გათიშვას მოჰყვა. მიხნიკმა გამართა არაერთი დახურული შეხვედრა ქართული მედიის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შაბათს საღამოს კი, პრეს-კონფერენცია მოიწვია. მისი პირველივე სიტყვებიდან ცხადი გახდა, რომ მიხნიკმა საქართველოში ჩამოიტანა ის, რაც ”იმედის” მაუწყებლობის განახლებით დაინტერესებულ არც ერთ ევროპელ, თუ ამერიკელ კოლეგას არ ჩაუტანია. ამასთან, მიხნიკი დიდ კმაყოფილებას გამოთქვამს იმით, რომ საქართველოში დაინახა ჟურნალისტთა ერთსულოვნება ”იმედის” მაუწყებლობის განახლებასთან დაკავშირებით. გაგაცნობთ პრეს-კონფერენციის საგულისხმო აქცენტებს.

ადამ მიხნიკს, როგორც თავად ამბობს, საქართველოში წამოსვლამდე მეგობრები ურჩევდნენ, თავი შეეკავებინა აქ ჩამოსვლისგან. ” ეს იქნება შენი დასასრული, შენი სრული კომპრომეტაცია”, - უთქვამთ მათ. თუმცა მიხნიკი ფიქრობს, რომ მამაკაცის ცხოვრებაშიც დგება მომენტი, როცა ის ვერ ამბობს ”არას”.

გასული თვის მიტინგებით დაწყებული, ”იმედის” გათიშვისა და საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ცოტას თუ გაცინებია საქართველოში არსებულ ვითარებაზე. განსაკუთრებით კი, უცხოელ სტუმრებს, რომლებიც დიდი მონდომებით ცდილობდნენ აქ არსებულ ვითარებაში ჯერ გარკვევას, შემდეგ კი გამოსავლის გზების ძიებას. ადამ მიხნიკმა თავისი ამჟამინდელი ვიზიტი იუმორით დაასრულა. თუმცა, თავდაპირველად მთავარზე: ადამ მიხნიკმა დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ძალიან რთული საუბრები ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ჯერ კიდევ ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რა შედეგს გამოიღებს ეს მოლაპარაკებები. ცნობილი პოლონელი მოღვაწე, გამოცდილი დისიდენტი, დღეს კი - ”გაზეტა ვიბორჩას” მთავარი რედაქტორი, რომელიც ცნობილია მოლაპარაკებების წარმართვის დიდი უნარით, დღეს ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს საქართველოს ხელისუფლებას:

[მიხნიკის ხმა] ”თუკი არსებობს სურვილი და თანხმობა ქართველი ჟურნალისტებისა და მთავრობის მხრიდან, მე შევეცდები შევქმნა... არ ვიცი, როგორ ვთქვა... ვიტყოდი - ეგრეთ წოდებული ”ბანდიტთა ხუთეული”, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, კვირაში ერთხელ ტელეეთერში იმსჯელებს ჟურნალისტური ეთიკის პროფესიონალური ნორმების ყველა დარღვევაზე. ჩემი პირობაა, რომ ხუთეულს თავად შევარჩევ. ის არ შეირჩევა ჩემსა და მთავრობას, ან რომელიმე პოლიტიკურ ძალას შორის კომპრომისის შედეგად. მე უკვე ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, მაგრამ მათ გვარებს დავასახელებ იმ დღეს, როცა ჩვენ ვიხილავთ პირველ გადაცემას ”იმედის” ეთერში. რატომ არ დავასახელებ ხუთეულს უფრო ადრე? იმიტომ, რომ მახსოვს ანდაზა - ”ენდე, მაგრამ გადაამოწმე.”

ადამ მიხნიკს ეს ანდაზა აქ გატარებულმა სამმა დღემ გაახსენა:

[მიხნიკის ხმა] ”ყველა ვამბობდით, რომ საჭიროა ”იმედის” განახლება, რომ მთავრობის წარმომადგენლები სხვა არაფერზე ოცნებობენ. თუმცა სამდღიანი საუბრების შემდეგ ”იმედი” არ გახსნილა. დღეს ”იმედის” შენობაში კომპანიის ტექნიკური პერსონალიც კი არ შეუშვეს”.

მედია-საბჭოს მსგავსი ჯგუფის შექმნის იდეა რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გააცნო საზოგადოებას. დღეს ამაზე საგანგებოდ საკითხის მოგვარებისთვის მოწვეული პოლონელი ექსპერტი საუბრობს. ჩემს შეკითხვაზე ვის ეკუთვნოდა ხუთეულის შექმნის იდეა და იტოვებს, თუ არა ის უფლებას მისი შეხედულებისამებრ შეცვალოს მომავალი ჯგუფის რომელიმე წევრი, ადამ მიხნიკმა მიპასუხა, რომ, თუკი ასეთი ცვლილება აუცილებელი გახდება, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იქნება. გარდა ამისა, მან აღიარა:

[მიხნიკის ხმა] ”ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი დიპლომატიური მისიაა. მთელი ცხოვრების მანძილზე ვიყავი რევოლუციონერი, იატაკქვეშა მოღვაწე, კრიმინალი, ტუსაღი, ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეიძლება. მაგრამ, პირველად ვარ დიპლომატის როლში. შედეგები კი, ერთი კვირის შემდეგ თქვენთვის მომინდვია განსასჯელად ”.

რას იზამს ცნობილი პოლონელი ექსპერტი, თუკი ”იმედის” მაუწყებლობა მომავალი ერთი კვირის მანძილზე არ აღდგება და მიხნიკის პირველი დიპლომატიური მისია კრახით დასრულდება:

[მიხნიკის ხმა] ”თუკი ”იმედი” ერთ კვირაში არ გაიხსნება, მე ვალდებული ვიქნები მსოფლიოს ყველა მედიასაშუალებით, რომელზეც კი ხელი მიმიწვდება (და, ამ მხრივ, რაღაც საშუალებები გამაჩნია), ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დაუშვას პლურალიზმი მედიაში. და კიდევ, რომ ეს არის დემოკრატიული წყობისთვის შექმნილი კიდევ ერთი საფრთხე საქართველოში. ვიტყვი აგრეთვე, რომ მთელი ეს საუბრები პირადად ჩემთან იყო მანიპულაცია და სიცრუე და რომ მე მხოლოდდამხოლოდ მთავრობისთვის ალიბის შესაქმნელად მომიწვიეს. მე კი არასდროს ვყოფილვარ და არ ვიქნები რომელიმე მთავრობის ალიბი. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ რაღაც სხვას დავწერ... რომ საქართველოს მთავრობა სწორი გზით წავიდა.”

ადამ მიხნიკმა ქართველ ჟურნალისტებს სთხოვა, დიდსულოვნება გამოიჩინონ ”დებიუტანტი დიპლომატის” მიმართ და დაელოდონ შედეგს - ანუ, ”იმედის” განახლებას მომავალი ერთი კვირის განმავლობაში.

პოლონელ შუამავალს ”იმედის” წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ კომპანიის თანამშრომლებზე მიმდინარეობს ძლიერი ზეწოლა, მათი სხვა კომპანიებში გადაბირების მიზნით და რომ ზეწოლის ქვეშ გატარებული კიდევ ერთი კვირა საზიანო იქნება ”იმედისთვის”. თავისი ქვეყნის ისტორიული მაგალითებიდან გამომდინარე, მიხნიკი არ გამორიცხავს ამგვარი ზეწოლის არსებობას და იმასაც, რომ ზოგიერთი ჩინოვნიკი საკუთარი ინიციატივითაც ცდილობდეს ”იმედის” თანამშრომელთა გადაბირებას. ამასთან, ადამ მიხნიკმა ქართველი ჟურნალისტები ასე დააიმედა:

[მიხნიკის ხმა] ”დემოკრატიისთვის ბრძოლა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, როგორც ჩვენმა დაუვიწყარმა ვლადიმირ ილიას ძე ლენინმა თქვა, ნევის პროსპექტზე გასეირნება არ გახლავთ. პოლონეთის გამოცდილებით ვიცი, რომ ყველაფერი წინ გაქვთ - იქნება ზეწოლა, შანტაჟი. ეს ბრძოლაა. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ვიდრე არის ბრძოლა, არის შანსიც. გარწმუნებთ, უზბეკეთში რომ იკითხოთ, ჟურნალისტებზე არავითარი ზეწოლა არ არის”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG