Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


ნინო გვენეტაძე ჩვენი რადიოს თხოვნით, განვლილი შვიდი დღის მანძილზე

დღიურს წერდა იურისტი ნინო გვენეტაძე.

11 ნოემბერი კვირა
მძიმე კვირა დღეა. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით, ქვეყანაში შეჩერებულია ყველა ტელე- და რადიომაუწყებლის მიერ ინფორმაციის მიღება და თავისუფლად გავრცელება. სული მეხუთება! ადამიანები ნაცემები და შეურაცხყოფილნი არიან! რატომ? ვის სჭირდება ასეთი მოჩვენებითი სიმშვიდე? საზოგადოება აღშფოთებულია და კითხვებზე პასუხს ელოდება. მხოლოდ საზოგადოებრივი არხი მაუწყებლობს, საათში ერთხელ, ხუთწუთიანი საინფორმაციო გადაცემით, რომელშიც ორწუთნახევარი ხელისუფლება ქვეყნის გადარჩენისა და “დამყარებული სიმშვიდის” შესახებ გვაუწყებს, დანარჩენი დრო უცხოეთის ამბებს ეთმობა. რა შეიძლება ამ მართლაც “უქმე” დღეს აკეთო იმედგაცრუებულმა მოკვდავმა?! არადა, დღეს ბავშვებთან ერთად დროის ხალისიანად გატარებას ვგეგმავდი. უსამართლობის გრძნობა მტანჯავს და ეს დღეც, უბრალოდ, უნდა გადავაგორო.

12 ნოემბერი, ორშაბათი
დღეს, დილიდან, ლექციები მაქვს უნივერსიტეტში. ბევრს ვფიქრობ, როგორ დავიწყო სტუდენტებთან ურთიერთობა. ასეთი განცდებით ლექციაზე სიმშვიდის შენარჩუნება ძნელია. წარსულშიც იყო რთული თემები საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრებისა, რაზეც ახალგაზრდობას შენი, როგორც პედაგოგის, პროფესიონალის აზრი აინტერესებდა და მეც ვცდილობდი, ყოველთვის სწორი ორიენტირები მიმეცა მათთვის, ფაქტები ობიექტურად და სამართლიანად შემეფასებინა. მაგრამ რა უნდა ვთქვა დღეს? ალბათ, სტუდენტები დამეხმარებიან. ვფიქრობ, ერთმანეთს სათქმელი ყოველგვარი შელამაზების გარეშე უნდა ვუთხრათ და ამით ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთი გადავარჩინოთ. ღმერთო, მომეხმარე!
ლექცია შედგა, ჩვენ ერთმანეთის გვესმის! საზოგადოებას გათიშვა და სხვადასხვა მხარეს დგომა არ უნდა!
საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში, ბეჭდვითმა მედიამ იმარჯვა და რა ინფორმაციის გავრცელებაც შეიძლებოდა, ორშაბათის გაზეთებში
განათავსა. პრესის კრიტიკულად წაკითხვა ჩემთვის შესანიშნავი თერაპია აღმოჩნდა.

13 ნოემბერი, სამშაბათი
მთელი ქართველი ხალხი და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნენი, ხელისუფლებას საგანგებო რეჟიმის გაუქმებას სთხოვენ. ასევე, მიესალმებიან დიალოგს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. დღეს ტელეკომპანია "იმედის" დარბევის ამსახველი ფოტომასალა აჩვენეს ტელევიზიით. ეს ყველაფერი ამაზრზენია! ხალხს მოუსმინე, ხელისუფალო!
განცხადება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების 2008 წლის 5 იანვარს ჩატარების შესახებ საქმეს ვერ უშველის. თუმცა, ქვეყანას, ხალხს, გაცილებით უფრო რთული პროცესებიდანაც მოუნახავს გამოსავალი. ყველამ უნდა ვიფიქროთ, არ მოვდუნდეთ, ხელი არ ჩავიქნიოთ, იმედგაცრუებამ არ უნდა მოიცვას საქართველო! ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები არასაკმარისია. სამართლებრივი შეფასება უნდა მივცეთ მომხდარს! აქ პროფესიონალებმა თავისი სიტყვა უნდა თქვან.

14 ნოემბერი, ოთხშაბათი
სამუშაო დღეა. დილა არჩევნებზე ფიქრით იწყება. სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის შედეგია. მაგრამ რა პირობებში გვიწვევს ხელისუფლება არჩევნებზე, გასაანალიზებელია. გაერთიანებულ ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს, საკუთარი კანდიდატი წარადგინოს, გამოჩნდნენ სხვა დამოუკიდებელი კანდიდატებიც. მაგრამ საგანგებო რეჟიმში ამაზე ფიქრი წარმოუდგენელია. ისევ პრესას ვუბრუნდები. ჩემეული შეფასებები ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ადეკვატურია პრესის ფურცლებზე სხვადასხვა ჯურისა თუ სოციალური ფენის ადამიანების მიერ გაკეთებული შეფასებებისა. რას წერს პრესა? “მე პირველი ვარ, ვინც გაილახა”, “დასავლეთი უკმაყოფილოა”, “სააკაშვილს ზედმეტი მოუვიდა”, “დამჭკნარი ვარდები”, “ალყაში მოქცეული პრეზიდენტის სვლა”, “ჩურჩხელების დროა!”, “მამი, სად არის ქართული ჯარი?” და სხვა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგებას მოუსმინეთ ხალხო: “ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი”... როგორც პატრიარქი ბრძანებს, ყველაზე საშიშია კატეგორიული აზროვნება. უწმინდესი ერთმანეთის მოსმენისაკენ მოგვიწოდებს, ერთმანეთთან სასაუბროდ გვიწვევს. უფლისგან ბოძებულ მძიმე განსაცდელს მტკიცე რწმენა და სიყვარული უნდა შევაგებოთ.

15 ნოემბერი, ხუთშაბათი
უღიმღამო დღეა. ყოველდღიურობა და გაუსაძლისობა. მედიამაუწყებლობა "იმედისა" და "კავკასიის" სახით ისევ შეწყვეტილია. დენთის სუნი საზოგადოებრივ ვითარებას მაინც მიჰყვება. როდემდე დაითრგუნება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება? ამბობენ, საგანგებო მდგომარეობა ხვალ გაუქმდებაო. მაგრამ "იმედის" მაუწყებლობა კარგა ხანს კიდევ არ იქნება. სატელეფონო მოსმენების შიშის სინდრომით შეპყრობილები, ინფორმაციას ტელეფონის მეშვეობითაც ვეღარ ვცვლით. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უხეში დარღვევა, სახელმწიფოს მხრიდან შენს ყოველდღიურობაში ხელის უკანონოდ ფათური გაოგნებს კაცს და ხვდები, რომ ნივთად იქეცი. ტოტალური მოსმენებია ქვეყანაში, რაც ადამიანებში ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს.
ერთადერთ იმედად ტელეკომპანია "კავკასიის" ამოქმედებაღა მრჩება. ამ ბედნიერ დღეს უნდა დაველოდო.

16 ნოემბერი, პარასკევი
დილიდან უნივერსიტეტში ვარ. ლექციები მაქვს ადვოკატებთანაც. ულებადამცველები ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ, ბევრმა მათგანმა ღიად დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია. შეხვედრის დასაწყისში მოკლედ გავცვალეთ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და შემდგომ სამართლებრივი შეფასებების დროც დადგა. დაღლილობის მიუხედავად, ყველაზე ნაყოფიერი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ჩატარებული ლეექცია აღმოჩნდა. სისხლის სამართლის ჯგუფში ჩატარებული ლექციის მიზანი კანონისადმი ერთგულების ფიცში გამოიხატა. ლირიკულმა გადახვევებმა ლექციას დიდი ეფექტი მისცა და სახლში თითქოს განახლებული ენერგიით დავბრუნდი. ალბათ, ვგრძნობდი, რომ ტელეკომპანია "კავკასია" ეთერში გავიდოდა. დამთავრდა საინფორმაციო ვაკუუმის ბნელი დღეები. ამიერიდან, ჩემს ყოფას გამართლება აქვს. სანამ ტელეკომპანია "კავკასიის" ეკრანი განათებული იქნება, არ დაღამდება.

17 ნოემბერი, შაბათი
ჩემთვის სამუშაო დღეა. ლექციები და ისევ ლექციები. დღეს ბავშვების გასეირნებაც უნდა მოვასწრო. თბილი შემოდგომაა და მთაწმინდის პარკი აუცილებლად უნდა ვნახოთ. ბავშვებს ხომ თავისი სამყარო აქვთ და მეც მათთან ერთად უნდა ვეცადო იქ დაბრუნებას. მინდა ბედნიერი დღე ვუსურვო ჩემს მარიამს და თიკოს.
XS
SM
MD
LG