Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ვახტანგ როდონაია თავის სადღიურო ჩანაწერებს გაგვაცნობს

ფილოლოგი ვახტანგ როდონაია.

25 ნოემბერი, კვირა
მაინცდამაინც დღეს უნდა დავიწყო დღიურების წერა! - ასეთია საშინაო დავალების პირობა.
რა მედღიურება, როცა ლამის ქვეყანა დაიქცეს?
***
მგონი, გადავრჩით! ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. შევუდექი დავალების შესრულებას.
ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა. ჩემი ქალიშვილები მაშინ პატარები იყვნენ. უფროსი, თუ არ ვცდები, მესამე კლასში იყო, შუათანა - მეორეში, უმცროსი კი თაკო იყო და მეტი რაღა უნდა ექნა?! თან საბავშვო ბაღშიც დადოდა.
ერთ დღეს, გონების "პედაგოგიური გასხივოსნების" შედეგად გადავწყვიტე, ჩემი ქალიშვილები წერაში გამეწაფა. ჩანაფიქრი მარტივი იყო - ყოველდღე რაც სურდათ, ის უნდა დაეწერათ. დებს ნელ-ნელა წერა გაუტკბათ. ყველაზე მეტად, ცხადია, თაკო აქტიურობდა. აი, აჯღა-ბაჯღა ასოებით აჭრელებული როგორი ტექსტი წარმომიდგინა მან ერთ მშვენიერ დღეს: "კუ ნელი ცხოველია როცა წვიმს თავს ტანში მალავს კაცი თუ ნელა დადის იტყვიან კუს ნაბიჯით დადისო თაკო"
საბედნიეროდ, ჩემს ქალიშვილებს გამუდმებული წერის ჟინმა მალე გაუარა. კიდევ კარგი, თორემ თანამედროვე უღიმღამო ლიტერატურულ ცხოვრებას შეიძლება ჩემი გვარიდანაც შემატებოდა ერთი, ან ორი გრაფომანი.
ახლა, სიბერეში, მე მიხდება დღიურების წერა.
შინაგანი ხმა მეუბნება: გამაგრდი, ბოლოს და ბოლოს თაკოს მამა ხარ და თავი არ შეირცხვინო!

26 ნოემბერი, ორშაბათი
ზოგჯერ მეჩვენება: სიტყვით სულ უფრო და უფრო ვისწრაფვით ევროპისკენ, საქმით კი სულ უფრო მეტად ვშორდებით მას.
ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე!

27 ნოემბერი, სამშაბათი
უკევ მესამედ ვნახე კინორეჟისორ გელა კანდელაკის ახალი დოკუმენტური ფილმი "ხმელეთის 0,047%", რომელიც მან 30-წლიანი შესვენების შემდეგ თავის მოწაფეებთან - აფხაზეთიდან გამოხიზნულ ახალგაზრდებთან ერთად გადაიღო. (ადრე მათგანვე შექმნა ხელის ჩრდილების თეატრი). რეჟისორს "ხმელეთის 0,047%" ვრცელ ტრილოგიად აქვს მოაზრებული. ეს ორსაათიანი ფილმი, "სოფელი", იმ დიდი, სამ ნაწილად ჩაფიქრებული კინოსურათის მხოლოდ ერთი მონაკვეთია (მისი ნახვა ჯერჯერობით მხოლოდ მაყურებელთა ვიწრო წრეში ხერხდება). ფილმის გმირები სახელდახელოდ გვიმასპინძლდებიან, თავიანთ ფიქრებს გვიზიარებენ, გზას გვიჩვენებენ. ამ გზაზე ერთმანეთის გვერდით ჩარიგებულან ლიხსიქითა და აქეთა, მთისა და ბარის დაბა-სოფლები. არავითარი ზედმეტი დაკონკრეტება! ფილმის უჩვეულო "გეოგრაფია" საქართველოს ნანატრი ერთიანობის იდეით არის განსაზღვრული.
დღეს ეს ფილმი ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას!

28 ნოემბერი, ოთხშაბათი
უკვე წელიწადზე მეტია, რაც უნივერსიტეტში არ ვყოფილვარ. ამჟამინდელი რექტორი, სამწუხაროდ, წამითაც არ დაინტერესებულა უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტების - აფხაზეთიდან გამოხიზნული, უნიჭიერესი ახალგაზრდების ბედით. საუნივერსიტეტო რეფორმამდე ისინი ხელოვნების ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდნენ (პატივი მხვდა წილად, მათთვის ძველი ქართული მწერლობა მესწავლებინა). ამ ახალგაზრდების მიერ შექმნილ შედევრებს (დიახ, ნამდვილ შედევრებს!) - ხელის ჩრდილების თეატრის სპექტაკლებს, კინოფილმებს - ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს დასავლეთ ევროპის ცნობილ სახელოვნებო ცენტრებში. მათ საგასტროლოდ იწვევენ, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალების პროგრამებში ცენტრალურ ადგილს უთმობენ, უმნიშვნელოვანეს ერთობლივ პროექტებში რთავენ. ადრე ნახსენები ფილმის გადამღები ჯგუფიც მათგან შეადგინა რეჟისორმა. მაგრამ უნივერსტეტის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს მათ მიერ დათხოვნილი სტუდენტების ეს წარმატებები, როგორც ჩანს, არაფრად უღირთ. მათ ვერც ის გაუთავისებიათ, რომ ამ წარმატებული ჯგუფის არსებობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალიცაა.
უკევ წელიწადზე მეტია, რაც პატრიარქის საერთაშორისო ფონდთან არსებულ ტრადიციული ქართული გალობისა და სიმღერის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში ძველ ქართულ მწერლობას ვასწავლი. ჯგუფში ყველაზე უფროსი 30 წელს არის გადაცილებული, უმცროსი მხოლოდ 17 წლისაა. ასაკობრივი სხვაობა არანაირ პრობლემას არ ქმნის. ყველაფერს გალობის წრფელი სურვილი, სულიერი თანხმიერება აწესრიგებს. შესვენებისას მოსწავლეები აუდიტორიაში რჩებიან, რათა კვლავაც იმღერონ და იგალობონ. ზოგჯერ ფეხს ვითრევ, გარეთ მდგარი, რამდენიმე წუთით კიდევ ვიხანგრძლივებ მათი სიმღერით განცდილ ნეტარებას. ლექცია გრძელდება... ახლა მომავალი მგალობლები ისმენენ ძველი ტექსტების განუმეორებელ მუსიკას.
ძალიან მინდა, ჩემი ყოფილი და ამჟამინდელი სტუდენტები დავაახლოვო. დარწმუნებული ვარ, მათ აუცილებლად აღმოაჩნდებათ საერთო მიზნები

29 ნოემბერი, ხუთშაბათი
ამ ერთი დღის განმავლობაში იმდენი უსიამოვნო ამბავი შევიტყვე, რომ ყველაფრის სურვილი დამეკარგა. ვერაფერიც ვერ დავწერე. მაშინ თაროდან, რაც ხელში მომხვდა, ის ორი წიგნი გადმოვიღე და ერთიცა და მეორეც ალალბედზე გადავშალე. რომელ აბზაცსაც პირველად წავაწყდები, გადმოვწერ, დავაკვირდები და ვნახავ, რა გამოვა-მეთქი. ამგვარად ნაკოწიწები ტექსტი, ცხადია, დღიურად არ გამოდგებოდა, მაგრამ რაღაც მაინც ხომ იქნებოდა.
პირველი ფრაგმენტი: "808 წელს ოთხი ქართველი ბერი ცხოვრობდა ზეთისხილის მთაზე, ხოლო ქართველი განდეგილი - გეთსიმანიაში".
მეორე ფრაგმენტი: "აღაპი განწესებულია გიორგი მჭედელა ქართველისათვის, რომელიც სიცოცხლეში 'დიად ემსახურა' ეკლესიას. ცნობები მჭედელა გიორგის შესახებ, არ მოგვეპოვება."
არავითარი ზებუნებრივი დამთხვევა! უბრალოდ, იმ თაროზე ერთი დარგის წიგნები აწყვია. თემატური გადაძახილიც ამან განაპირობა. მთავარი კი ისაა, რომ ამ კრიზისულ დღეს მაინც მოხერხდა მცირე ტექსტის შედგენა.
ისე, ნეტავი გამაგებინა, მაინც ვინ იყო ზეთისხილის მთაზე დამკვიდრებული ის ოთხი ქართველი ბერი, ან გეთსიმანიელი განდეგილი, ან გიორგი მჭედელა ქართველი?

30 ნოემბერი, პარასკევი
გამუდმებული ხმამაღალი დაპირისპირებების ფონზე, ყოველდღიურ ყაყან-გნიასში მინდა თავის თავში ჩაღრმავებულ, უკვე იშვიათობად ქცეულ ადამიანებს ხმადაბლა ვუთხრა, გავაგონო სულ ახლახან გამოცემული რამდენიმე წიგნის სახელწოდება:
"გელათი - 900";
"ქართული ხალხური სიმღერები. უძველესი ფონოჩანაწერები (1901-1914)";
"გიორგი მთაწმიდელის თვენი (სექტემბერი)".

1 დეკემბერი, შაბათი
"დაილოცოს შემოდგომა, გიორგობისთვეო, რეიზა არ გამეიარე, მე რომ დაგიბარე..." - გულით მღერიან საქართველოში. ეს გიორგობაც მიილია. ქრისტეშობის თვე დადგა. მახსენდება ერთი ბრძენკაცის გამონათქვამი, რომელშიც უდიადესი საიდუმლო მშვენიერებად, პოეზიად არის გარდასახული: "ყოველი თვეს თავისი მწიფობის ჟამი აქვს; გაზაფხულის ნაყოფი ყვავილებია, ზაფხულისა - თავთავები, შემოდგომისა - ვაშლი, ხოლო ზამთრისა ნაყოფი სიტყვაი არს".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG