Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არჩევნები საქართველოს ტერიტორიაზე


რუსეთის სახელმწიფო დუმის საარჩევნო კამპანია საქართველოს კონფლიქტურ ზონებშიც ისეთივე წარმატებით მიმდინარეობდა პუტინის პარტიისთვის,

როგორც რუსეთის ტერიტორიაზე. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერი ედუარდ კოკოითი პირადად მოუწოდებდა კონფლიქტური ზონის მოსახლეობას ”ერთიანი რუსეთისთვის” დაეჭირათ მხარი. რუსეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის - სახელმწიფო დუმის დეპუტატთა არჩევნების - დღეს დუმის თავმჯდომარემ საჭიროდ მიიჩნია საქართველოს კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეთა პოლიტიკური ინტერესების მნიშვნელობაზე საუბარი.

2 დეკემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები გასაგებ მიზეზთა გამო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო. დუმის თავმჯდომარე ბორის გრიზლოვს კი აღმოაჩნდა მიზეზი ამ დღეს საქართველოს კონფლიქტური რეგიონები გაეხსენებინა და, მეტიც, იმაზე ესაუბრა, თუ რა ადგილს დაიკავებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთში ინტეგრაციის საკითხის განხილვა მომავალი დუმის დღის წესრიგში:

[გრიზლოვის ხმა]
”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტებმა ხელისუფლების სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით ჩაატარეს თავ-თავიანთი რეფერენდუმები. მათ რეფერენდუმის შედეგები გამოგზავნეს სახელმწიფო დუმაშიც. მათი წინადადებები მეც მაქვს. ისინი ეხება როგორც ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას, ასევე მათ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. ეს არის მოქალაქეთა ნების გამოხატულება. ჩვენ, რასაკვირველია, ინტერესით შევხედავთ იმას, თუ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა როგორ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. ესეც საინტერესოა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ დროულად მივუბრუნდებით ამ საკითხებს. ეს ოდნავ მოგვიანებით მოხდება, როცა უკვე ჩამოყალიბდება სახელმწიფო დუმა, შევქმნით პროფილურ კომიტეტებს. ვფიქრობ, ამ საკითხზე მსჯელობა იანვარში უფრო მართებული იქნება.”

გრიზლოვის ამ გამოსვლას მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის პასუხი. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის - დავით ბაქრაძის - განცხადება:

[ბაქრაძის ხმა]
”იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი რეალურად დაიწყებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის მზადებას, სამწუხაროდ, ის ჩვენ აღარ გვიტოვებს არჩევანის საშუალებას. ამიტომ მე მოვუწოდებ ჩვენს რუს კოლეგებს, გამოიჩინონ ელემენტარული საღი აზრი, გონიერება და არ დაიწყონ პროცესი, რომელიც იქნება მათთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი.”

ოდნავ მოგვიანებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემაც, რომელიც იმედს იტოვებს, რომ რუსეთის ხელისუფლება გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას ბორის გრიზლოვის კომენტართან დაკავშირებით.

რატომ უნდა იყოს რუსეთისთვის - 145 მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის - საინტერესო ის, თუ რა პოლიტიკური მისწრაფებები აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ ზონათა რუსეთის პასპორტების მქონე მოსახლეობას, დიდ განმარტებას არ საჭიროებს. აქვე გეტყვით, რომ, თავად დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებს თუ დავეყრდნობით, მაგალითად, სამხრეთ ოსეთში რუსეთის პასპორტების მფლობელთა - იმავე ”რუსეთის მოქალაქეთა” - რაოდენობა მაქსმიმუმ 40 ათასი ადამიანი შეიძლება იყოს. სხვა საკითხია და საერთაშორისო ფორმატში განსახილველი ის, თუ როგორ მოხერხდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს რუსეთის პასპორტებს ფლობს და რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ამ რეგიონებისადმი ინტერესს, უკვე რა ხანია, იქ რუსეთის მოქალაქეებზე ზრუნვით ხსნიან. თავის დროზე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს ვკითხე - ვინ არიან, რომელი ქვეყნის მოქალაქეები, ადამიანები, რომლებიც კონფლიქტურ ზონებში ცხოვრობენ და რუსეთის პასპორტებს ფლობენ-მეთქი. პეტერ სემნებიმ მაშინ მიპასუხა:

[სემნების ხმა]
”ეს სერიოზული საკითხია, რომელიც ასევე უნდა იყოს ნებისმიერ მოლაპარაკებათა საგანი. პრობლემატური გახლავთ ის, რომ ამ რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობისთვის რუსეთის მოქალაქეობის, რუსეთის პასპორტების მიცემით, ძირითადი პრობლემის ნებისმიერი სახით გადაჭრის ანდა ნებისმიერი მოლაპარაკებების ბედი წინასწარ არის განსაზღვრული.”

რუსეთის მთავრობა კვლავაც იხსენიებს კონფლიქტური რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების პრეზიდენტებს. რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსნები ხშირად მოსკოვში იბარებენ და ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ როგორც კოკოითისთან, ისე ბაღაფშთან. საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი კი კვლავაც აცხადებს, რომ რუსეთი ”გახსნილია” საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG