Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


„პუტინის ფარსი – სჭირდება კი რუსეთს დემოკრატია“– გაზეთ ”24 საათის” მოწინავე სტატია დღეს რუსეთის დუმის არჩევნების შედეგებსა და არჩევნების პროცესის ერთგვარ შეფასებას შეეხება.

ამ შეფასების თანახმად, ვლადიმირ პუტინი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არ იქნება, შეინარჩუნებს მართვის ყველანაირ ბერკეტს, დარჩება რუსული პოლიტიკის „რუხ კარდინალად“ და 5 წლის შემდეგ კვლავაც პრეზიდენტობისთვის მოემზადება. როგორც „24 საათი“ შენიშნავს, ეს არის შედეგი პუტინისა და მისი გარემოცვისთვის. რუსეთისათვის კი შედეგი სავალალოა: „ რუსეთში დემოკრატიის განვითარება უკვე შორეული პერსპექტივა გახდა, რაც ბადებს ლოგიკურ კითხვას: სჭირდება კი მას დემოკრატია?” პრეზიდენტობის ქართველი კანდიდატების დასავლეთისადმი მიმართვას კი დღეს გაზეთი „მთელი კვირა“ აქვეყნებს. მიმართვას ხელს აწერენ: ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე, შალვა ნათელაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი. მათი ადრესატები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, არიან: გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, ამერიკელი სენატორი რობერტ ბერდი, კონგრესის სპიკერი ნენსი პელოსი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მიგელ ანხელ მორატინოსი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ჰანს გერტ პოტერინგი და ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი. პრეზიდენტობის ქართველი კანდიდატები ითხოვენ 7 ნოემბრის აქციაში მონაწილე პოლიტიკური ლიდერების, ოპოზიციური პარტიების აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების დევნის შეწყვეტას, საქართველოში სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვას და, აქედან გამომდინარე, ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის დაუყოვნებლივ აღდგენას, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის თანაბარ პირობებში ჩაყენებას, მათ მიერ მიღებული ხმების დაცვას როგორც უშუალოდ არჩევნებისას, ისე არჩევნების შემდეგ და, ბოლოს, საარჩევნო პროცესზე სრულმასშტაბიან საერთაშორისო მონიტორინგს.
„არსებობს თუ არა არჩევნების გაყალბების საშუალება“ –ამ საკითხზე უმრავლესობისა და ოპოზიციის მოსაზრებებს ასევე გაზეთი „მთელი კვირა“ აჯერებს. კერძოდ, ოპოზიცია, უცხოელი დამკვირვებლების გამო, გამორიცხავს რა არჩევნების გაყალბების ტრადიციული მეთოდების გამოყენებას, ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამომრჩეველთა ხმების მოგროვებას დაშინებით, ცემითა და შანტაჟით შეეცდება. თუმცა არჩევნების გაყალბების ერთ–ერთ ფორმად კვლავ დარჩება გაბერილი საარჩევნო სიები, დამატებითი სიები და ეგრეთ წოდებული კარუსელი. რაც შეეხება უმრავლესობას, მათი ერთ–ერთი წარმომადგენელი, პალიკო კუბლაშვილი, შენიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების წინასწარმეტყველებით ოპოზიცია დიდ შეცდომას უშვებს. მისი თქმით, არსებული კანონმდებლობით არჩევნების გაყალბება თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი.

„გერმანია ოქრუაშვილის გადმოცემაზე უარს იტყვის“–ეს ადვოკატ ლია მუხაშავრიას მიერ გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებზე გამოთქმული მოსაზრებაა. იგი ფიქრობს, რომ ბრალდების ის დასაბუთება და მოთხოვნის ის დასაბუთება, რომელიც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გერმანიას და გერმანიის სასამართლოს წარუდგინა, დამაჯერებლობისა და სარწმუნოების თვალსაზრისით, ვერ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ასეთი მძიმე დანაშაულის ბრალდების დასასაბუთებლადაა საჭირო. რაც შეეხება ოქრუაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნას– დარწმუნებული ვარ, ამბობს ლია მუხაშავრია, გერმანიის სასამართლო საქართველოს მთავრობას უარით უპასუხებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მაჩვენებლები ძალიან ცუდი აქვს. „ საქართველოს ხელისუფლება ვერანაირ გარანტიას ვერ მისცემს გერმანიის ხელისუფლებას იმის შესახებ, რომ პატიმარი ოქრუაშვილი საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ არ გახდება დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი“, - უთხრა გაზეთ „ახალ თაობას“ ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ.
XS
SM
MD
LG