Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა


რუსეთი უმაღლესი სათათბიროს ყოფილი სპიკერის, ”ედინაია როსიას” ლიდერის განცხადებამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაართულა საქართველო-რუსეთის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა.

სამაგიეროდ, მეტი დამაჯერებლობა შესძინა სეპარატისტული რეგიონების ელიტებს. ინტერვიუში, რომესაც გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს, თვითაღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, აფხაზეთი კოდორის ხეობაზე შეტევას განახორციელებს. ” კოდორის ხეობის აღება ჩვენი ამოცანაა და ჩვენ ამას ნებისმიერ შემთხვევაში განვახორციელებთ. მაგრამ ამას გავაკეთებთ მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლით, რათა ეს ისე მოხდეს, რომ დანაკარგი და მსხვერპლი იყოს მინიმალური”,- აცხადებს სერგეი შამბა ინტერვიუში, რომელსაც გაზეთი ”რეზონანსი” ბეჭდავს.

გრიზლოვის განცხადების მიმართ პანიკურ დამოკიდებულებას არ ურჩევს მკითხველს პოლიტოლოგი კახა კაციტაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის უფრო სახიფათოა ამერიკის ინტერესებთან დაპირისპირება, რისი ტენდენციაც 7 ნოემბრის შემდეგ გამოიკვეთა. ”სააკაშვილი რომ ამერიკის ინტერესებს დაეჯახა და რომ ამერიკის მოთხოვნა არ იყო მომიტინგეების დარბევა, ამაში, ალბათ, დამეთანხმებით.” როდესაც ჩნდება ბზარი საქართველოსა და ამერიკის ინტერესს შორის, რასაკვირველია, რუსეთი ყოველთვის შეეცდება, ხეირი ნახოს აქედან”, - აცხადებს პოლოტოლოგი კახა კაციტაძე ”რეზონანსისათვის” მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ გაუმკლავდეს ნებისმიერ საფრთხეს რუსეთის მხრიდან და ასევე აღადგინოს დემოკრატიული იმიჯი საერთაშორისო საზოგადოების თვალში. გელა ბეჟუაშვილთან ინტერვიუს გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს. რუსეთისადმი ბეჟუაშვილის გზავნილი კი ასე გამოიყურება: ” ურთიერთბრალდებების ნაკადის ნაცვლად ჩვენ რუსეთს კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებულ პარტნიორობას ვთავაზობთ. საქართველოს ხელისუფლების ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ქვეყანა. ჩვენ სხვის საქმეებში არ ვერევით, ვაშენებთ ჩვენს საკუთარ ქვეყანას საკუთარ საზღვრებში, რომელიც აღიარებულია რუსეთის მხრიდან, და ამ წითელი ხაზის გადაკვეთის ნებისმიერი მცდელობა ნიშნავს რუსეთთან მთელი ქართველი საზოგადოებისა და ხალხის კონფრონტაციას”, აცხადებს გელა ბეჟუაშვილი გაზეთ ”24 საათთან” ინტერვიუში.

ამავე გაზეთში გამოქვეყნებულია პოლიტოლოგ გია ნოდიას პუბლიკაცია, სათაურით ”ურთიერთვერდაჩმორება”. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ 7 ნოემბრის შემდეგ შეიქმნა პრეცედენტი ქართულ პოლიტიკაში, როდესაც ვერც ოპოზიციამ და ვერც ხელისუფლებამ ერთმანეთი ვერ დაამარცხეს, ანუ ვერ ”დააჩმორეს”. ” ინგლისში პირველი ასეთი პრეცედენტი იყო 1215 წელს, როცა მეფემ და დიდგვაროვნებმა ერთმანეთი ვერ ”დააჩმორეს” და იძულებულნი გახდნენ შეთანხმება გაეფორმებინათ (მას ”მაგნა კარტა” დაერქვა). ჩვენ ჯერ არ ვიცით, რის პრეცედენტად იქცევა იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები. თუმცა ერთი რამის თქმა ახლავე შეგვიძლია: ეს პირველი საპრეზიდენტო არჩევნებია, სადაც გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ ყველასთვის ცხადი არ არის. სწორედ ამიტომ ეს ძალიან სახიფათოა და ვიცი, რომ ბევრს ამ გაურკვევლობის ეშინია. მაგრამ დემოკრატია ყოველთვის გაურკვეველია და ამდენად - სახიფათო. ამას კი უნდა შევჩვეოდით ამდენ ხანს”, - წერს პოლიტოლოგი გია ნოდია გაზეთ ”24 საათში”.


XS
SM
MD
LG