Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის დუმის არჩევნების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდება - ასეთი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა ბოლო დღეების რუსეთის პრესა.

რუსეთის დუმის არჩევნების დასრულებისთანავე, სახელისუფლებო პარტია ”ედინაია როსიას” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბორის გრიზლოვმა, განაცხადა, რომ უკვე იანვარში რუსეთის დუმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს.

დღევანდელი ინტერნეტგამოცემა ”ნიუსრუ” მკითხველს ”ედინაია როსიას” ერთ-ერთი ლიდერის, ბორის გრიზლოვის, განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციას აცნობს. გრიზლოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ახალი შემადგენლობის დუმა უკვე იანვარში იმსჯელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე. გამოცემის ცნობით, ამ განცხადებამ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძეს სურვილი დაუკარგა ”ედინაია როსიასთვის” არჩევნებში გამარჯვება მიელოცა. ნინო ბურჯანაძის თქმით, გრიზლოვის განცხადება ცალსახად აღშფოთებას იწვევს. ”იმედი მქონდა, არჩევნების შემდეგ ჩვენი ურთიერთობა კონსტრუქციულ ხასიათს შეიძენდა. ვიმედოვნებ, რუსეთის ხელისუფლება ბატონ გრიზლოვის განცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს ”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. გრიზლოვის განცხადებას უფრო მკვეთრად გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე, რომლის თქმითაც, საქართველო მზად არის დაიცვას საკუთარი უფლებები აჯანყებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე. გრიზლოვის განცხადება პროვოკაციად შეაფასა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა, თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი განცხადების იქით არ წავა და თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ცნობს, - წერს ინტერნეტგამოცემა ”ნიუსრუ”.
“საქართველოს ხელისუფლება ”იმედს” რთავს” - ამ სათაურით აქვეყნებს დღევანდელი გაზეთი ”კომერსანტი” სტატიას, რომელიც ტელერადიოკომპანია ”იმედის” თემას ეხება. გაზეთის ცნობით, დასავლეთის ზეწოლის შედეგად, ოფიციალური თბილისი იძულებული შეიქნა, მუშაობის განახლების ნება დაერთო საქართველოს ყველაზე გავლენიანი ტელეარხისათვის. ამავე დროს, როგორც”კომერსანტისთვის” გახდა ცნობილი, ხელისუფლება აქტიურად განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ ”იმედი” გადაეცეს რუპერტ მერდოკს, ამის შემდეგ კი თავად გამოისყიდოს ის ნებისმიერ ფასად. ” ’ტელეიმედის’ 49 პროცენტი ”ნიუს კორპორეიშენს” ეკუთვნის, 51 - ბადრი პატარკაციშვილს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაარწმუნებს მერდოკს, მთლიანად შეიძინოს ტელეკომპანიის აქციები, შემდეგ ხელისუფლება თავად შეეცდება მერდოკისგან იმ ტელევიზიის შეძენას, რომელმაც ამდენი უსიამოვნება მოუტანა. ის, რომ ასეთი ვარიანტი განიხილება, რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ და უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ, როცა განაცხადეს, რომ მიესალმებოდნენ ”იმედის” აქციათა 100 პროცენტის მფლობელი ”ნიუს კორპორეიშენი” ყოფილიყო.” ამის მიუხედავად, ”კომერსანტის” თქმით, თავად ტელეკომპანიაში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. როგორც გაზეთს ტელევიზიის ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა აცნობა, სავარაუდოდ, უკვე პარასკევეს ტელევიზია მაუწყებლობას განაახლებს. დამკვირვებელთა აზრით, ნამდვილი წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში სწორედ მაშინ დაიწყება, როცა ტელეკომპანია ”იმედი” მუშაობას განაახლებს.

XS
SM
MD
LG