Accessibility links

logo-print

რატომ გრძელდება საქართველოში საპროტესტო აქციები


ბოლო დღეების მანძილზე საქართველოში საპროტესტო მოძრაობა კვლავ გააქტიურდა.

3 დეკემბერს ბათუმში სტუდენტების აქცია გაიმართა, 4 დეკემბერს თბილისში, კანცელარიის შენობასთან, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი შეიკრიბა, ხოლო 5 დეკემბერს ყოფილ რესპუბლიკის, ახლა კი ვარდების, მოედანზე ლეიბორისტული პარტიის საპროტესტო აქცია გაიმართება. რა გახდა ამ აქციების მიზეზი მას შემდეგ, რაც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა და წინასაარჩევნო კამპანიაც დაიწყო?

სახელმწიფო კანცელარიასთან, თეთრი დროშებით, 15-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა და ხანმოკლე მიტინგი გამართა.

[მიტინგის ხმა] ”ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოეშვან ყალბ დაპირებებს...”

აქციის ორგანიზატორები, სიტყვით გამომსვლელები ზურგით კანცელარიისკენ იდგნენ და ცარიელ მოედანს მიმართავდნენ, თუმცა მათი განცხადებების ადრესატები კანცელარიის კაბინეტებში მყოფი ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეები იყვნენ. კანცელარიასთან საპროტესტო აქციის გამართვის მიზანს მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი, დავით ლილუაშვილი, ასე განმარტავს:

[დავით ლილუაშვილის ხმა] ”ეს არის გამაფრთხილებელი აქცია ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ არ მივცემთ არჩევნების გაყალბების უფლებას და არ მივცემთ ძალადობის საშუალებას, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი - აჭარაში სტუდენტები სასტიკად იყვნენ დარბეული.”(სტილი დაცულია)

4 დეკემბერს ბათუმში, მიტინგის ჩატარების მცდელობისას, სამართალდამცველებმა მართლაც აქციის რამდენიმე ორგანიზატორი დააკავეს. ხალხის პარტიისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები აჭარაში პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლას აპროტესტებდნენ. რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი, მერაბ ღოღობერიძე, ასე აღწერს მომხდარს:

[მერაბ ღოღობერიძის ხმა] ”ჩვენ ვიმყოფებოდით რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდობა, როდესაც შემოგვიერთდნენ ხალხის პარტიის წარმომადგენლები. იქ მოვიდა პოლიცია, მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა.”

ბათუმის პოლიცია განმარტავს, რომ აქციის ორგანიზატორები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. ბათუმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ამირან ნაკაშიძის განცხადებით, სწორედ ამის გამო დააკავეს რამდენიმე მათგანი:

[ამირან ნაკაშიძის ხმა] ”ბათუმის რუსთაველის ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, რამდენიმე მათგანი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში და გატარებული იქნება ადმინისტრაციული ზომები.”

კიდევ ერთი მიტინგი, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით, 5 დეკემბერს ვარდების მოედანზე გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, აქცია საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებს, რათა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები არ გააყალბოს.

მმართველი პოლიტიკური ძალა კი მიიჩნევს, რომ ქუჩის აქციებით ოპოზიციური ორგანიზაციები ამომრჩეველთა ყურადღების მიქცევას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG