Accessibility links

logo-print

არის თუ არა ირანი ძველებურად სახიფათო ამერიკისა და ევროპისთვის


ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოპოვებული სადაზვერვო მასალებიდან ირკვევა, რომ თეირანმა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ შეაჩერა

და ის ნაკლებად მიზანდასახული იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს ვაშინგტონს ეგონა. ანგარიში, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს საერთაშორისო დამოკიდებულებაზე ირანის მიმართ. როგორია მოვლენების შესაძლო განვითარება? რა რეაქცია მოჰყვება ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეების მხრიდან იმის აღიარებას, რომ ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხე ძველებურად სახიფათოდ აღარ გამოიყურება?

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სადაზვერვო ორგანომ, რომელიც 16 სადაზვერვო უწყებისგან შედგება და მათ შეჯერებულ აზრს გამოხატავს, 2005 წელს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მსოფლიოს შემზარავ ამბავს ატყობინებს - კერძოდ, იმას, რომ ირანი გულმოდგინედ ცდილობს შექმნას ბირთვული იარაღი. ანგარიში კი, რომელიც იმავე ორგანომ სულ ახლახან გამოაქვეყნა, 2 წლის წინ გამოქვეყნებულს ეჭვქვეშ აყენებს. ამერიკული სადაზვერვო უწყებების ბოლო კვლევამ დაადასტურა, რომ ირანმა ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა ჯერ კიდევ 2003 წელს შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროცესს კვლავაც განაგრძობს, გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მუჰამედ ელ-ბარადეიმ ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებით უკვე ეჭვი გამოთქვა, რამაც მსოფლიოს პოლიტიკის გარკვეულ წრეებში ერთგვარი გაღიზიანებაც გამოიწვია, თუმცა შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყებათა გაერთიანების ამ ბოლო ანგარიშმა ბარადეის პოზიცია აშკარად გაამყარა, – მიიჩნევს მარკ ფიტსპატრიკი, სტრატეგიულ კვლევათა ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტი:

(ფიტსპატრიკის ხმა) "ეს, შესაძლოა, აღქმული იყოს მტკიცებულებად იმისა, რაც დოქტორმა ბარადეიმ უკვე განაცხადა. მან თქვა, რომ ირანისგან აშკარა ბირთვული საფრთხე არ მომდინარეობს. ამერიკის სახელმწიფო სადაზვერვო ორგანოს დასკვნამ განამტკიცა ბარადეის მოსაზრება. ბუნებრივია, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსა და სადაზვერვო სამსახურებს ინფორმაციის მოპოვების თანაბარი შესაძლებლობები არა აქვთ. ბუნებრივია, ფაქტებზე სადაზვერვო უწყებებს უფრო მიუწვდებათ ხელი... მაგრამ, როგორც ვხედავთ, სადაზვერვო ორგანოს დასკვნა დაემთხვა ატომური ენერგეტიკის სააგენტოს დასკვნას, რომელიც არასაიდუმლო, ღია წყაროების ინფორმაციებს ეფუძნება."

რა გამოდის, რომ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირე, ევროპის ზოგიერთი გავლენიანი ქვეყნის შიში, რისხვა და სადამსჯელო სანქციები, რომელიც მიმართული იყო თეირანის წინააღმდეგ, გადაჭარბებული ყოფილა? დიახ, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსოფლიომ ზედმეტი წნეხის ქვეშ მოაქცია თეირანი... თუმცა სადაზვერვო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ვაშინგტონს საკითხის ამგვარ ჭრილში განხილვის საფუძველს არ აძლევს. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის 2003 წელს შეჩერება სულაც არ ნიშნავს, რომ თეირანმა ამგვარ განზრახვაზე სამუდამოდ აიღო ხელი. მით უმეტეს, რომ ქვეყანა ურანის გამდიდრებას განაგრძობს. თეირანისადმი უნდობლობა იგრძნობა კომენტარში, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ჰედლიმ 3 დეკემბერს გააკეთა. ანგარიშის შინაარსი თეთრ სახლში ასე წაიკითხეს:

(ჰედლის ხმა) "ეს ადასტურებს, რომ ჩვენ მართალი ვიყავით, როცა ვშიშობდით, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდა... მეორე მხრივ, ანგარიში მეტყველებს იმაზე, რომ ბირთვული პროგრამის შესაჩერებელი ჩვენი პრევენციული მცდელობები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მაგრამ ეს ასევე გვაფრთხილებს... – რისკი, რომ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის, ძალიან სერიოზულ პრობლემად რჩება."

სტივენ ჰედლი ამართლებს ამერიკის სტრატეგიას, ამერიკისა, რომელიც თეირანის წინააღმდეგ, მოლაპარაკებათა შეთავაზების პარალელურად, გარკვეული წნეხის ბერკეტებსაც იყენებდა. რამდენად სერიოზულად აღიქმება ამიერიდან ირანისგან მომავალი საფრთხე მოკავშირე ევროპელებისთვის? მეთვალყურეებმა ადვილად შენიშნეს, რომ, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კურსის შეცვლას არ აპირებენ. მათი ამოცანაა დაარწმუნონ ევროპის ქვეყნები და კომპანიები შეწყვიტონ ინვესტირება ირანში. თუმცა განსხვავებული მოსაზრებები მერკელის ქვეყანაშიც არსებობს და საკმაოდ მაღალ დონეზე. მაგალითად, თეირანის წნეხის პოლიტიკას არ იზიარებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. ის ირანთან მეტი დიალოგის მომხრეა.
XS
SM
MD
LG