Accessibility links

logo-print

”მეპი” არც დაფნის გვირგვინია და არც პოლიტიკური გამარჯვება. ეს გახლავთ


”მეპი” არც დაფნის გვირგვინია და არც პოლიტიკური გამარჯვება. ეს გახლავთ რეფორმების განსხვავებული პროგრამა

- უფრო მკვეთრი, ვიდრე ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, რომლის უდიდესი ნაწილიც საქართველომ უკვე შეასრულა”, - წერს ”24 საათში” ამერიკელი პოლიტოლოგი დევიდ სმიტი და დასძენს: ”იქნება თუ არა 7 ნოემბერი საქართველოსთვის ნატოს გზაზე გაჩენილი წინაღობა, დამოკიდებულია იმაზე, მოახერხებენ თუ არა ქართველები და მათი დასავლელი პარტნიორები ერთად მუშაობას ”მეპის” მიმართულებით”, - წერს სმიტი, რომლის აზრითაც, ”ნატოს ოცდაექვსივე წევრი-სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია, რომ დაჩქარდეს ის დღე, როცა საქართველო ალიანსს შეუერთდება. საქართველოს, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიაზე სტრატეგიული გასასვლელის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უნიკალური სტრატეგიული პოზიცია უკავია”. სმიტი ფიქრობს, რომ, ”თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებასაც უნდა ეყოს სიმამაცე და აღიაროს, რომ კრიზისის მისეული მართვა სასურველისგან საკმაოდ შორს დგას; ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს ”იმედის” მაუწყებლობა, შესაბამისი სამართლებრივი და დემოკრატიული გარანტიებით; პატიოსნად გამოიძიოს სამართალდარღვევების ყველა გამოვლინება და 5 იანვარს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს”, - წერს ”24 საათში” ამერიკელი ავტორი.

”ნინო ბურჯანაძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომ ირაკლი ბათიაშვილი ახალ წელს სახლში შეხვდება, შეიძლება არ შესრულდეს”, - წერს ”რეზონანსი”: ”როგორც ბათიაშვილის ადვოკატი აცხადებს, მსჯავრდებულისგან კვლავ შეწყალების წერილს ითხოვენ, რაც ბრალის აღიარებას ნიშნავს და ბათიაშვილი ამაზე არ წავა. მისი მეუღლე ამბობს, რომ ბურჯანაძემ თავიდანვე იცოდა, ბათიაშვილი შეწყალებაზე ხელისმომწერი რომ არ იყო და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან პირობის შესრულებას მოითხოვს.” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლალი ფაფიაშვილს კი ”რეზონანსისთვის” განუცხადებია: ”ზუსტად არ ვიცი, რა სტადიაშია ბათიაშვილის საქმე და რას აპირებენ, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ცხადია: ირაკლი ბათიაშვილის საქმე ჯერ არ დამთავრებულა, ჯერ კასაციაც არ არის დასრულებული, საქმე გასაჩივრებულია და განხილვა არ დასრულებულა. საერთოდ, შეწყალება მსჯავრდებულებს და იმ პატიმრებს ეხებათ, რომლებსაც სასჯელის ნახევარი აქვთ მოხდილი. ბათიაშვილის საქმე კი დასრულებულიც არ არის და როგორ უნდა მოხდეს შეწყალება, ჩემთვის გაუგებარიაო”.

”ახალ თაობასთან” ინტერვიუში რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას ასე აღწერს: ”ტელეკომპანია ”იმედი” არ არის ჩართული და დღემდე ამბობენ ჩავრთავთო, ან ისეთს ჩავრთავთ, როგორც ჩვენ გვინდაო. მედიაზე ზეწოლაა, თან საშინელი ტერორია აქტივისტებზე. თანაც ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ხელისუფლება უამრავ ფულს ხარჯავს ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო კამპანიისთვის. საერთოდ, პრეზიდენტობის კანდიდატი მოქალაქე სააკაშვილი სად ცხოვრობს და რას აკეთებს, ეს არავინ იცის. ის კვლავ სარგებლობს სახელმწიფო მომსახურებით. ასე რომ, თანაბარ პირობებზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პირობები მეტ-ნაკლებად გამოვასწოროთ და არჩევნებამდე მივიდეთ, იმიტომ რომ იმედი გვაქვს, ჩვენ ამ პირობებშიც შეგვიძლია არჩევნების მოგება”, - განუცხადა დავით ზურაბიშვილმა ”ახალ თაობას”.
XS
SM
MD
LG