Accessibility links

logo-print

ტელეკომპანია ”იმედის” სამაუწყებლო ლიცენზიასა და ქონებაზე ყადაღის მოხსნის საკითხს სასამართლო წყვეტს


5 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ”ტელე-იმედის” ქონებასა და სამაუწყებლო ლიცენზიაზე ყადაღის მოხსნის


შუამდგომლობა შეიტანა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ ხელისუფლება მიმართავდა გენერალურ პროკურატურას ტელეკომპანიის ქონებაზე ყადაღის მოხსნის საკითხის განხილვის თხოვნით...

კიდევ უფრო ადრე, გასული კვირის ბოლოს, ცნობილმა პოლონელმა ჟურნალისტმა ადამ მიხნიკმა, რომელიც საქართველოში მედიასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის მისიით ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერით ჩამოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ერთი კვირის ვადაში აღედგინა ტელეკომპანიის მაუწყებლობა და, როგორც ჩანს, მოწოდება სრულდება.. 5 დეკემბერს ”ტელე-იმედის” თანამშრომლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდნენ.

მას შემდეგ, რაც სასამართლო ”ტელე-იმედის” ქონებასა და მაუწყებლობის ლიცენზიაზე ყადაღას მოხსნის, ტელეკომპანიის თანამშრომლებს ტელეკომპანიის შენობაში შესვლის საშუალება მიეცემათ. ამის შემდეგ ტექნიკური ჯგუფი დაადგენს დაზიანების ხარისხს და იმასაც, ტექნიკურად რა ვადაში, რამდენ ხანში შეეძლება ტელეკომპანიას ეთერში გასვლა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 5 დეკემბრამდე მოუხსნა სანქცია ტელეკომპანია ”იმედს”, თუმცა ძალაში დატოვა გაფრთხილება, რომ ტელეკომპანიამ ეთერში გასვლის შემდეგ თავი უნდა შეიკავოს იმ ტიპის მოწოდებებისგან, როგორსაც 7 ნოემბერს ჰქონდა ადგილი ...

მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლო გადაწყვეტილებაც დაემატება, აღარ იარსებებს იურიდიული საფუძველი იმისთვის, რომ ტელეკომპანიას რაიმე დაბრკოლება შეექმნას მუშაობის განახლებაში... თუმცა ხელისუფლება არ ხსნის პირობებს, რომლებიც ”ტელე-იმედის” დროებით მმართველ მხარეს, ”ნიუს-კორპორეიშენს”, ამ რამდენიმე დღის წინ მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე წაეყენა. ეს პირობებია: მოხდეს ტელეკომპანიის ფინანსური შემოწმება კვარტალში ერთხელ, მმართველმა დაიცვას ტელეკომპანიის ერთპიროვნული მმართველობისა და ეთიკის პირობები...

ხელისუფლება მოითხოვს, დაასაბუთონ ვინ არის რეალურად ”ტელე-იმედის” აქციების მფლობელი და რჩება თუ არა მას საიმისო ბერკეტები, რომ ტელეკომპანიის საქმიანობაში ჩაერიოს... ამ მოთხოვნაზე რეაგირებას ”იმედის” ხელმძღვანელობისგან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ელის, ხოლო თუ რეაგირება არ იქნება, ამოქმედდება ადმინისტრაციული ზომები - ჯარიმა.

”ტელე-იმედის” თანამშრომლები კი მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან... ”იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ ”ტელე-იმედი” აპირებს მხოლოდ იმ პირობების გათვალისწინებას, რომლებიც ჩამოყალიბებულია საქართველოს კანონმდებლობაში:

[გიორგი თარგამაძის ხმა} ”ამას არანაირი დამატებითი პირობების ჩამოყალიბება არ სჭირდება - ეს არის ის, რის ჩარჩოებში ტელეკომპანია ”იმედი” მუშაობდა და გააგრძელებს მუშაობას.. ”

სხვა - დამატებითი - პირობების წაყენება ულტიმატუმს ემსგავსება და მას ”იმედის” მმართველი მხარე არ დასთანხმდება, - ამბობს გიორგი თარგამაძე.

მაგრამ ხელისუფლებაში დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ”იმედის” ხელმძღვანელობას მოეთხოვება გამჭვირვალობის შეტანა იმაში, თუ ვინ არის ”ტელეკომპანიის” აქციების სრული პაკეტის მფლობელი და რა ბერკეტები რჩება მფლობელს ტელეკომპანიაში.. გიორგი თარგამაძის პასუხი ამ მოთხოვნაზე ასეთია:

[გიორგი თარგამაძის ხმა] ”ბადრი პატარკაციშვილმა უკვე იურიდიულად და ნოტარიულად თავისი აქციების სრული პაკეტი გადააბარა ”ნიუს-კორპორეიშენს”. ამ დღეებში ეს ვადა 3 წლამდეც გახანგრძლივდა. ამდენად, ბადრი პატარკაციშვილი არის სრულიად დისტანცირებული ”ტელე-იმედისგან” და მის მმართველობაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ’ნიუს-კორპორაცია’. ”

საქმე ისაა, რომ ტელეკომპანია ”იმედის” აქციების სრული მფლობელი არის ჰოლდინგი ”ი-მედია”, რომელშიც შედის ტელეკომპანია ”იმედიც”. ბადრი პატარკაციშვილის წილობრივი მონაწილეობა ტელეკომპანიაში პირდაპირ არ დასტურდება... მაგრამ მან თავად თქვა, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში აქციების სრულ პაკეტს ”ნიუს -კორპორეიშენს” გადასცემდა. ”იმედის” გენერალური დირქტორი ბიძინა ბარათაშვილი ამბობს, რომ ეს მან თქვა და გააკეთა, როგორც ”იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და არა როგორც ”იმედის” აქციების მესაკუთრემ. როგორც ჩანს, ხელისუფლების გეგმაშია გაარკვიოს, სად არის სიმართლე, რეალურად ვინ არის ”ნიუს-კორპისთვის” მართვის უფლებით დროებით გადაცემული აქციების მესაკუთრე, ვისია ჰოლდინგი ”ი-მედია” ან, მოცემულ ეტაპზე, არის თუ არა ”ნიუს-კორპორაცია ” ტელეკომპანიის ერთპიროვნული მმართველი...ამის გარკვევა ტელეკომპანიის ეთერში გასვლას ხელს არ შეუშლის..
XS
SM
MD
LG