Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესკონფერენცია ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით


საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ლადო გურგენიძემ, ბრიუსელში ვიზიტის მსვლელობაში რამდენიმე შეხვედრა გამართა ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებთან.

მათ შორის, ოთხშაბათს შეხვდა ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერს, დღეს კი მოლაპარაკება გამართა ევროკომისართან საგარეო ურთიერთობის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერთან.

ფერერო-ვალდნერთან შეხვედრის შემდეგ კი გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელმაც, მართალია 10 წუთიც არ გასტანა, მაგრამ ბევრი საკითხი მოიცვა: ნოემბრის მოვლენები საქართველოში და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, კოსოვოს საკითხი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარება და უცხოური ინვესტიციები.

თავდაპირველად, ევროკომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს ბრუსელში ვიზიტისთვის - შინ, რთული წინასაარჩევნო პერიოდის მიუხედავად. ფერერო-ვალდნერმა შეაქო გურგენიძესთან გამართული მოლაპარაკება, რომელიც, ფერერო-ვალდნერის თქმით, უწინარეს ყოვლისა, საქართველოში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ კრიზისსა და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხო.

[ფერერო-ვალდნერის ხმა] “რასაკვირველია, ვიცით, რომ საქართველო ახალბედა დემოკრატიაა და ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რამდენად სუსტია დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებით ვადევნებდით თვალს ამ მოვლენებს. უნდა ითქვას, რომ საქართველოში მართლაც მოხდა დარღვევები - ეს მთავრობასაც ეხება, განსაკუთრებით ოპოზიციური ტელევიზიის მაუწყებლობის შეწყვეტის გამო. და ჩვენთვის მნიშვნელოვანია - გარდა ვითარების ნორმალიზაციისა და საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა - ის, რომ ახლა მედიის თავისუფლება აღდგეს”.

ევროკომისარმა ფერერო-ვალდნერმა იქვე დასძინა, რომ მისთვის ცნობილია “იმედის” (მისი თქმით, “ოპოზიციის ტელევიზიის”) - ძალიან მალე აღდგენის გეგმის შესახებ, რასაც ევროკავშირი მიესალმება. ამავე პრეს-კონფერენციაზე მან შეაქო საქართველოს მიერ ეუთოს სამეთვალყურეო მისიის მიწვევა საპრეზიდენტო არჩევნებზე.

[ფერერო-ვალდნერის ხმა] “ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მაგრამ, ჩვენ რაც შეგვეხება, გარწმუნებთ, რომ კვლავაც შევეცდებით, მხარში ვედგეთ საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში, იმის ჩამოყალიბებაში, რაც აუცილებელია. და ვილაპარაკეთ სოციალურ სფეროზეც, როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ არჩევნების შემდეგ”.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ფერერო-ვალდნერს შეახსენა ევროკომისიის სტრატეგია სამეზობლო პოლიტიკის განვითარების შესახებ, რაც ე.წ. “გაყინული კონფლიქტების” მოგვარებაში ევროკავშირის გააქტიურებასაც ითვალისწინებს. შეკითხვას, გრძნობს თუ არა ევროკომისარი ამ სფეროში ქართული მხარის მხარდაჭერას, ფერერო-ვალდნერმა უპასუხა: [ფერერო-ვალდნერის ხმა] “ჩვენ ამ საკითხზე მართლაც ვისაუბრეთ. მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევატყობინე, რომ გუშინ წარვადგინე ახალი კომუნიკე სამეზობლო პოლიტიკის შესახებ. განვიხილეთ დოკუმენტის სწორედ ის მონაკვეთი, რომელშიც ნათქვამია, რომ გვსურს უფრო აქტიური როლის შესრულება გაყინულ კონფლიქტებთან მიმართებით, ჩვენ ახლაც უკვე ბევრს ვაკეთებთ საქართველოსთან ერთად. ბოლოხანს ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთში ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ზომებზე. მაგრამ ისიც ვთქვი, რომ, პრინციპში, მზად ვართ, მეტიც გავაკეთოთ - შესაძლოა, აფზახეთის საკითხში. მაგრამ მზად ვართ, ასევე მეტი გავაკეთოთ ყველა სხვა აქტუალურ საკითხთან მიმართებით - თუმცა აქ ინიციატივა საქართველომ უნდა გამოიჩინოს. და ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ ამ საკითხზე აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს”, განაცხადა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ის შეეხო კოსოვოს საკითხასაც - აღნიშნა, რომ კოსოვოს სტატუსზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს რაც შეეხება, არაფერი უნდა შეიცვალოს, დაცული უნდა იყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა.

თუმცა, პრეს-კონფერენცია ერთობლივი იყო და ახლა გურგენიძის გამოსვლას რაც შეეხება. მას (გარდა იმისა, რომ ზოგადად შეაფასა, ძალიან დადებითად შეაფასა ევროკომისართან გამართული მოლაპარაკება) მოუხდა ეპასუხა შეკითხვაზე, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს ეხებოდა. საქმე ის არის, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მოიყვანა ზოგი უცხოელი ინვესტორის კრიტიკა ბოლოდროინდელი კრიზისის დროს მათი უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებით. დასახელდა “სელფორდ ჯგუფი”და “სტანდარტ ბანკი”. შეკითხვას, რისი თქმა შეუძლია ამ საქმეზე და, საერთოდ, შეუძლია თუ არა საქართველოს მთავრობას იმის გარანტირება, რომ უცხოელ ინვესტორთა უფლებები დაცულია, პრემიერ-მნისიტრმა ლადო გურგენიძემ ასე უპასუხა:

[ლადო გურგენიძის ხმა] "უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წელი საქართველოსთვის მეტად წარმატებული იყო. 2006 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილმა ეროვნული შიდა პროდუქტის 13,4 პროცენტი შეადგინა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 2007 წლის მონაცემი, სხვადასხვა შეფასებით, 15-დან 20 პროცენტამდე იქნება, რაც დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. ეს ფენომენური წარმატებაა! ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, ინვესტორთა შორის ფეხი რომ არ მოეკიდებინა რწმენას, რომ ბიზნესგარემო სწორედ ისეთია, როგორიც ბიზნესის წარმოებისთვის არის საჭირო. თქვენთვის, ალბათ, ცნობილია საგადასახადო სისტემაში და სხვა სფეროებში განხორციელებული რეფორმების ამბავი. რაც შეეხება თქვენს მიერ კონკრეტულად დასახელებულ შემთხვევას, რამდენადაც ვიცი, ბანკს, რომელსაც ხსენებული ჯგუფი ფლობს, პრობლემები ჰქონდა ლიკვიდურობის მხრივ. საბანკო დარგის მმართველი ორგანოს - ცენტრალური ბანკის კანონების შესაბამისად, ამოქმედებულ იქნა დროებითი მართვის სისტემა, რათა უზრუნველგვეყო ანაბრების უსაფრთხოება. ამასთან, ბანკის სააქციო მფლობელობის სტრუქტურა უცვლელი დარჩა. ეს გავრცელებული პროცედურაა, რომელსაც მთელს მსოფლიოში მიმართავენ საბანკო სისტემის მმართველი ორგანოები - ისეთ შემთხვევებში, როცა ჩნდება ლიკვიდურობასთან დაკავშირებული პრობლემები; და ვფიქრობ, თუ ამ საქმეს გულდასმით მოვეკიდეთ, ვითარება მოგვარდება."
XS
SM
MD
LG