Accessibility links

logo-print

სტაბილიზაცია ერაყში: დროებითი, თუ გრძელვადიანი?


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ოთხშაბათს ბაღდადში ვიზიტისას გამოთქვა შეფასება, რომ ერაყი შორს აღარ არის სტაბილურობისა და დემოკრატიულობისაგან.

ის, რომ ვითარება ერაყში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, გაუმჯობესებულია, ამას მართლაც ვერავინ უარყოფს, მაგრამ ძნელია იმის თქმა, საქმე მართლაც სტაბილიზაციის მყარ პროცესს ეხება, თუ ძალადობის დროებით შემცირებას.

[რობერტ გეიტსის ხმა] “ბოლო თვეებში დრამატული ცვლილება მოხდა ერაყში უსაფრთხოების თვალსაზრისით - ძალადობა შემცირდა ისეთ დონემდე, როგორიც არ ყოფილა სამარის მეჩეთში თითქმის ორი წლის წინ მოწყობილი აფეთქების შემდეგ. ამის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა შინ დაბრუნებული ლტოლვილების რიცხვი, იზრდება ერაყში უცხოური ინვესტიციების მოცულობა და 70 000-ზე მეტმა ერაყელმა გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს თავისი სამეზობლოების დაცვაში. ერაყის ბევრ რეგიონში ამ პოზიტიური განვითარების შედეგია ნორმალიზაციისა და იმედის განცდა”.

ძნელია, შეედავო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ამ შეფასებას. ბოლო წლების მანძილზე პირველად, ერაყელები თავისუფლად გადაადგილდებიან ბაღდადის და სხვა ქალაქების ქუჩებში, არ ერიდებიან ბაზარში წასვლას. ქუჩები ისევ გამოცოცხლდა და, როგორც ჩვენი კორესპონდენტები იუწყებიან, ოპტიმისტურად განწყობილებიც მომრავლდნენ.

მაგრამ ექსპერტები მაინც ფრთხილობენ - ბოლომდე არ იზიარებენ ამ ოპტიმიზმს და არც შეფასებას, რომ ერაყში სტაბილიზაციამდე შორი აღარ არის. გამოთქვამენ შეფასებას, რომ ექსტრემისტები ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან - იმ მომენტს, როცა აშშ შეამცირებს ერაყში თავის სამხედრო კონტინგენტს.

[იოსტ ჰილტერმანის ხმა] “კი, ერთი მხრივ, სახეზეა სტაბილიზაციის პროცესი, ყოველ შემთხვევაში უსაფრთხოებას რაც შეეხება, ბაღდადსა და მიმდებარე რაიონებში. ეს კი, რასაკვირველია, ძალიან პოზიტიური ცვლილებაა, რომლისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთ. მაგრამ მას არ ახლავს ასეთივე პროგრესი პოლიტიკის სფეროში და აღმოვჩნდით ისეთ ვითარებაში, როცა, მართალია, ყველაზე აგრესიულ ელემენტებს უკან დაახევინეს, მაგრამ არ იზრუნეს სხვადასხვა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების მოგვარებაზე”, განმარტავს ბრუსელში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, “კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის” ექსპერტი ერაყის საკითხებში, იოსტ ჰილტერმანი.

ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი სიახლე, რაც ბაღდადში შეინიშნება, არის ის, რომ გამოჩნდნენ კბილებამდე შეიარაღებული სუნიტი მებრძოლები, რომლებიც იცავენ ძირითადად სუნიტებით დასახლებულ უბნებს. მათ ფულს უხდიან ამერიკელები - თან აქებენ მათ მეამბოხე სუნიტებთან დაპირისპირებისთვის და სტაბილიზაციაზე ზრუნვისთვის.

მაგრამ, მეორე მხრივ, სუნიტებს პოლიტიკური მოთხოვნებიც აქვთ: მათ სურთ მონაწილეობა ცენტრალური მთავრობის უსაფრთხოების სტრუქტურებშიც. ეს კი - გონივრული, გააზრებული ფორმით - აქამდე არ მომხდარა. გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსის” ინფორმაციით, ქუჩებში პატრულით დაკავებული 77 000-მდე სუნიტი მებრძოლიდან ამჟამად სულ 5 პროცენტია დასაქმებული ერაყის უშიშროების ძალებში.

თუ ინტეგრაცია უკეთ არ განხორციელდა, ამჟამად სტაბილიზაციაზე მზრუნველმა სუნიტმა მეომრებმა, შესაძლოა, ზურგი შეაქციონ ცენტრალურ მთავრობას, რომელშიც, როგორც ცნობილია, შიიტები დომინირებენ. ამ ვარაუდს გამოთქვამს ექსპერტი იოსტ ჰილტერმანი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ძალაზე ერაყში: ეს არის რადიკალი შიიტი სასულიერო პირი მუყტადა ალ-სადრი და მისი შეიარაღებული ჯგუფი “მაჰდის არმია”. წელს აგვისტოში მან თავის მეომრებს დაავალა ნახევარწლიანი ზავის დაცვა. ამან ხელი შეუწყო ძალადობის მასშტაბის შემცირებას. მაგრამ ჰილტერმანი ფიქრობს, რომ მუყტადა ალ-სადრი ხელსაყრელ მომენტს ელოდება - ელოდება, როდის გავა, ან შემცირდება ამერიკელების კონტინგენტი.

მაშ, რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ? რომ თუ აშშ-მა მრავალრიცხოვანი კონტინგენტი არ დატოვა ერაყში - თან დიდი ხნით არ დატოვა - საქმე სამოქალაქო ომამდე მივა?
ექსპერტი იოსტ ჰილტერმანი არ იზიარებს ამ მოსაზრებას: გარდა იმისა, რომ კონტინგენტის განუსაზღვრელი ვადით დატოვება პოლიტიკურად რეალისტური პერსპექტივა არ იქნებოდა, უმჯობესია მთელი ძალისხმევა იქნეს მიმართული ერაყში დაპირისპირებულ ძალებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევისაკენ.

[იოსტ ჰილტერმანის ხმა] “ყველაფერი, რაც აქამდე ვნახეთ, იყო სამხედრო ძალისხმევა აგრესიული ელემენტების შესავიწროვებლად და გასადევნად და არა ძალისხმევა, მიმართული პოლიტიკური შეთანხმებების დადებისაკენ. ეს კი მოითხოვს ძალისხმევას როგორც ადგილზე, თვით ერაყში, ისე რეგიონში - რაც ნიშნავს ყველა მეზობელი ქვეყნის თავმოყრას უსაფრთხოების სისტემაში, რომელიც არ დაუშვებდა სამოქალაქო ომის მოდებას ერაყიდან მთელს რეგიონზე, კონფლიქტების გაჩაღებას სხვა ადგილებში და ხელს შეუწყობდა ვითარების სტაბილიზაციას ერაყის შიგნით. თუ ამერიკელები ამ სახის ძალისხმევას განახორციელებენ, არ იქნება საჭირო ერაყში აშშ-ის ჯარების განუსაზღვრელი ვადით დარჩენა და შესაძლებელი იქნება სერიოზული ფიქრი სამხედრო კონტინგენტის შემცირებასა და საბოლოოდ ერაყიდან მთელი კონტინგენტის გაყვანაზე”.

ბრუსელში მოღვაწე ამ ექსპერტის ნათქვამთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თვით ამერიკელი სამხედრო ლიდერებიც აღიარებენ: სამხედრო კონტინგენტის გაზრდით ერაყში, მათ დრო მოიგეს - დრო პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ თუ ამ პროცესში წარმატება არ გამოჩნდა, ამჟამინდელი სტაბილიზაცია და ოპტიმიზმი ერაყში შესაძლოა, ისევ წარსულს ჩაბარდეს.
XS
SM
MD
LG