Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ტელეიმედის” ქონებასა და ლიცენზიას ყადაღა მოეხსნა


ტელეკომპანია ”იმედის” ქონებას და სამაუწყებლო ლიცენზიას ყადაღა მოეხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ

6 დეკემბერს დილით მიიღო. სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში 7 დეკემბრიდან შედის. ამდენად, ტელეკომპანიის თანამშრომლებს სამაუწყებლო კომპანია ”იმედის ” შენობაში შესვლა 7 დეკემბერს შეეძლებათ. მანამდე, 6 დეკემბერს, ტელე-რადიოკომპანია ”იმედის” გენერალური დირექტორი ლუის რობერტსონი და ”ტელეიმედის” გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი ფიქრობდნენ, რომ, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, ”ტელეიმედის” შენობაში შევიდოდნენ, მაგრამ დღის მანძილზე ეს ვერ მოხერხდა. მინდა გიამბოთ, როგორ განვითარდა მოვლენები ერთი თვის წინ დალუქულ ტელევიზიასა და რადიოში.

სასამართლომ 6 დეკემბერს დილით დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია ”იმედის” ქონებასა და სამაუწყებლო ლიცენზიაზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით. მანამდე ”იმედის” მიმართ სანქცია კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მოხსნა. ტელეკომპანიის მუშაობის შემაფერხებელი იურიდიული მექანიზმი უკვე აღარ არსებობს, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ყადაღის მოხსნის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში 7 დეკემბერს შედის და ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, დაზიანების შედეგად წარმოშობილი რა ხასიათის ტექნიკური პრობლემებია მათ სამსახურში და როდის მოხერხდება ამ პრობლემების აღმოფხვრა. ”ტელეიმედის” ხელმძღვანელებს იმედი ჰქონდათ, რომ 6 დეკემბერს მიეცემოდათ საშუალება, ადვოკატისა და პროკურატურის წარმომადგენელთა თანხლებით შესულიყვნენ ტელეკომპანიის შენობაში, მაგრამ ის, რაც მოხდა რადიო ”იმედთან” დაკავშირებით, ტელეკომპანიის შემთხვევაში არ განმეორდა: ”ტელეიმედის” გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი 6 დეკემბერს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად შესული იყო რადიო ”იმედის” შენობაში, რის შემდეგაც ტელეკომპანია ”იმედის” ეზოში მთელი დღე ამაოდ ელოდა ტელეკომპანიაში შესვლის ნებართვას.

[ბიძინა ბარათაშვილის ხმა] ”ჩვენ ვიყავით რადიოში, იქ პრობლემები არ შეგვქმნია. პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად შევედით და ავხსენით ლუქები. იქ არ არის დაზიანებები და რადიო ”იმედს” მალე ექნება ეთერში გასვლის საშუალება. რაც შეეხება ტელეკომპანიას, ამ შემთხვევაში იგივე პროცედურა არ განხორციელდა. ”

პროცედურაში იგულისხმება ლუქების ახსნა ვიდეოკამერების წინ. ბიძინა ბარათაშვილის თქმით, პროცესი ერთდროულად 2-მა კამერამ უნდა აღბეჭდოს, რათა შემდეგ ”იმედის” მიმართ არ გაჩნდეს პრეტენზია, რომ მის მიერ გადაღებული მასალა შეცვლილია, დამონტაჟებულია. ”ეს არის ელემენტარული ნორმა და რატომ არ მოდიან ჩვენთან ერთად ამ ნორმის დაცვაზე, არ მესმის ”, - თქვა ”ტელეიმედის” გენერალურმა დირექტორმა 6 დეკემბერს, შუადღისას, რადიო ”თავისუფლებასთან ” საუბრისას. როგორც ჩანს, ტელეკომპანიასთან დაკავშირებით პროკურატურა სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის ამოწურვას დაელოდა. ლუქები, ნებისმიერ შემთხვევაში, 7 დეკემბრის დადგომისთანავე უნდა მოიხსნას. ტელეკომპანიისგან განსხვავებით, რადიო ”იმედში” შესვლა არ შეფერხებულა იმის გამო, რომ მის ქონებას ყადაღა არ ჰქონია დადებული. ტელეკომპანიაში კი თანამშრომლები შევლენ მხოლოდ 7 დეკემბერს, ესე იგი მაშინ, როცა ძალაში შევა სასამართლო გადაწყვეტილება, და საზოგადოებაც მხოლოდ მაშინ შეიტყობს უფრო მეტს იმის შესახებ, თუ რა მოხდა ”ტელეიმედში” ერთი თვის წინ, 7 ნოემბერს, როცა იქ სპეცნაზი შევიდა.
XS
SM
MD
LG