Accessibility links

logo-print

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა სპეციალური კომიტეტის წევრმა მათიაშ იორში თბილისში

  • ნიკო ნერგაძე

საქართველოში ჩამოსვლისას დამხვდა

უკიდურესად ანტაგონისტურად განწყობილი და გახლეჩილი პოლიტიკური გარემო, - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა სპეციალური კომიტეტის წევრმა მათიაშ იორშიმ. მისი თქმით, ასეთი ვითარება მხოლოდ საქართველოს არ ახასიათებს და მსგავს მდგომარეობაში ბევრი სხვა ქვეყანაც აღმოჩენილა.

იორშის აზრით, ამ პრობლემიდან გამოსავალი თავისუფალ არჩევნებშია. თუმცა, აღნიშნა მან, საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს სერიოზული საფრთხე ემუქრება:

[მათიაშ იორშის ხმა] ”ჩვენში ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები იმართება და ადამიანებს ეძლევათ თავისი აზრის გამოხატვის საშუალება, პოლიტიკური ძალები და მათი წარმომადგენლები, ჯერ კიდევ პროცესების დაწყებამდე, ამ პროცესების დემოკრატიულობას და მის შედეგებს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.”

მთლიანობაში, მათიას იორშიმ წინასაარჩევნო სიტუაცია დამაკმაყოფილებლად შეაფასა. იმედი მქონდა, რომ წლევანდელ არჩევნებზე დამატებითი სიები აღარ იარსებებდა, - აღნიშნა მან, - რადგან ასეთ შემთხვევაში არჩევნების გაყალბების რაღაც რისკი მაინც არსებობს. თუმცა იქვე დაამატა, რომ ამომრჩეველთა მარკირებას და თავდაცვის სხვა მექანიზმებს ეს რისკი მინიმუმამდე დაჰყავთ. ეს დეტალებია, - თქვა მან, - მთავარი კი სულ სხვა რამეა:

[მათიაშ იორშის ხმა] ”ეროვნულობა და დემოკრატია, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ თამაშის წესები მაშინაც კი, როდესაც ბევრ სხვა რამეს არ ვეთანხმებით; რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ხალხის ნება, რომელიც გამოხატულია საარჩევნო ბიულეტენში, იმისდა მიუხედავად, რომ ბევრი რამე ჩვენთვის შეიძლება მიუღებელი იყოს.”

იორშის თქმით, საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური კომიტეტის დამკვირვებლებს შეუძლიათ საქართველოს დახმარება. იგი ამბობს, რომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებულია ორმოცდაშვიდი ქვეყანაა, რომელთა მაგალითიც და მსგავსი სიტუაციებიდან გამოსვლის გამოცდილება შეიძლება საქართველოსთვის სასარგებლო აღმოჩნდეს:

[მათიაშ იორშის ხმა] ”ჩვენ სიამოვნებით ვეტყვით ქართველ ხალხს, ქართველ პოლიტიკოსებს, თუ რა გზა აირჩიეს სხვა ქვეყნებმა კრიზისის დასაძლევად.”
XS
SM
MD
LG