Accessibility links

ტელეკომპანია ”იმედში” ტექნიკური ჯგუფი 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შედეგს - ზარალს - სწავლობს


”ტელეიმედის” ქონებასა და ლიცენზიაზე ყადაღის

მოხსნის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში 7 დეკემბრის დადგომისთანავე შევიდა და ტელეკომპანიის შენობის კარიც ამ დროს გაიღო. პირველად ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს მიეცათ შესაძლებლობა ენახათ შედეგი, რომელიც ერთი თვის წინ ”ტელეიმედის” შენობაში სპეცრაზმის შეჭრას მოჰყვა. ლუქახსნილ შენობაში ისინი ადვოკატისა და სახალხო დამცველის თანხლებით შევიდნენ. შენობაში შესვლა ერთდროულად აღბეჭდა ”იმედისა” და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური ჯგუფის ვიდეოკამერამ. იმ დროს ” ტელეიმედში” შესვლისა და გადაღების სურვილი ჰქონდათ სხვა ტელეკომპანიების გადამღებ ჯგუფებსაც, მაგრამ მათ ამის ნება არ მიეცათ იმ მიზეზით, რომ ამას შეიძლება ხელი შეეშალა ექსპერტების მუშაობისთვის. მინდა გაუწყოთ, რა სურათი დახვდათ ”იმედის” წარმომადგენლებს ტელეკომპანიაში, რომელიც ერთი თვის წინ, 7 ნოემბერს, დაილუქა.


სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლა ”ტელეიმედის” თანამშრომლებმა ფეიერვერკით და შამპანურით აღნიშნეს. ტელეკომპანიისთვის ლუქის ახსნას ისინი დიდხანს ეზოში ელოდნენ. ” იმედის” თანამშრომლებმა ერთი თვის მანძილზე არ იცოდნენ ზუსტად, რა მდგომარეობა იყო დალუქულ ტელეკომპანიაში... ”ტელეიმედში” 7 ნოემბერს სპეცრაზმის შესვლის შედეგი, როგორც უკვე ვთქვით, პირველებმა ტელეკომპანიის ხელმძღვანელებმა, ადვოკატმა და სახალხო დამცველმა იხილეს.

”ეს არის ბარბაროსობა, ეს არის კერძო საკუთრების განადგურება და ყველა - ისიც, ვინც გასცა ეს ბრძანება და ისინიც, რომლებმაც შეასრულეს ბრძანება - პასუხისგებაში უნდა მიეცეს”, - ასეთი იყო სახალხო დამცველ სოზარ სუბარის რეაქცია იმაზე, რაც ტელეკომპანიაში დახვდა. ხოლო ”ტელეიმედის” გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა, ტელეკომპანიის დათვალიერების შემდეგ, შეკითხვას, შეძლებს თუ არა ”იმედი” მაუწყებლობის განახლებას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, კითხვითვე უპასუხა, ” რომელ საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობთ, 5 იანვრისას თუ შემდეგსო...”

”ტელეიმედის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტელეკომპანია დარბეული და გაძარცულია... ცენტრალური საეთეროდან გამქრალია კომპიუტერები, დამტვრეულია მონიტორები, შენობიდან მთლიანად არის გატანილი ლეპ-ტოპები, განადგურებულია 500 ნომრიანი ავტომატური სატელეფონო სადგური და, რაც მთავარია, აღარ არსებობს ის ძვირად ღირებული აპარატურა, რომელიც უზრუნველყოფს ”იმედის” სიგნალის გაშვებას სატელიტზე:

[ბიძინა ბარათაშვილის ხმა] ”სავალალო მდგომარეობა გვაქვს ცენტრალურ სააპარატოსა და საეთეროში. აპარატურა, რომელიც საჭიროა სიგნალის სატელიტზე გაშვებისთვის, განადგურებულია ცენტრალურ სააპარატოში და გამიზნულად არის დამტვრეული მისი ნაწილი, რომელიც სახურავზე იყო. ეს არ შეიძლება გაეკეთებინა არაპროფესიონალს. ”

ზარალს ტექნიკური ჯგუფი ადგენს. ”ტელეიმედის” ტექნიკოსებს იმედი ჰქონდათ, რომ ეთერში გასვლას 15 დეკემბრისთვის მოახერხებდნენ, მაგრამ დღეს აღარ შეუძლიათ ილაპარაკონ სავარაუდო ვადაზე.. მთავარი პრობლემა, როგორც ბიძინა ბარათაშვილმა უკვე აღნიშნა, იმ ძვირად ღირებული აპარატურის განადგურებაა, რომელიც უზრუნველყოფს სიგნალის სატელიტზე გაშვებას:

[ბიძინა ბარათაშვილის ხმა] ”რაც შეეხება ეთერში გასვლას, ამ აპარატურის გარეშე ჩვენ სატელიტზე, ანუ საქართველოზე, ვერ გავალთ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება კუსტარულად, ჩვენი ძალებით, ეს არის თბილისზე მაუწყებლობის აღდგენა იმ კვირაში.”

ტელეკომპანია ”იმედს” სახელმწიფო ზარალს მას შემდეგ აუნაზღაურებს, რაც ზარალი დადგინდება”, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. 7 დეკემბერს მან არ გამორიცხა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ზარალის უფრო მასშტაბურად წარმოჩენას ცდილობდეს. ”ტელეიმედის” ქონებასა და ლიცენზიაზე ყადაღის ახსნას და ტელეკომპანიაში თანამშრომლების შესვლას მიესალმა პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერი დავით ბაქრაძე. ” პრობლემა, რაც ამ ტელეკომპანიაში შეიქმნა, ”იმედის” ჟურნალისტების უმრავლესობას არ უკავშირდება, მათი ერთგულება და პროფესიონალიზმი გარკვეულმა პირებმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მან თქვა ისიც, რომ მმართველი ძალა მზადაა მონაწილეობა მიიღოს ”ტელეიმედის” სატელევიზიო გადაცემებსა და დებატებში, როცა ეს ტელეკომპანია ეთერში გავა.









XS
SM
MD
LG