Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი ქართული გაზეთების ერთ-ერთი

მთავარი თემა ევროსაბჭოს დამკვირვებელთა მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება იყო. ”ოპოზიცია ეორშის და ევროსაბჭოს უნდობლობას უცხადებს” - ასეთია ”24 საათში” გამოქვეყნებული სტატიის სათაური. ”24 საათი”, ისევე როგორც დღევანდელი ”რეზონანსი” და ”ახალი თაობა”, იშველიებს პრეზიდენტობის კანდიდატ დავით გამყრელიძის განცხადებას, რომ ევროსაბჭოს დელეგაცია და მისი ხელმძღვანელი მათიას ეორში ტენდენციურები არიან. ”დელეგაციაში იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, ვინ არის ირაკლი ბათიაშვილი და არ გააჩნიათ ინფორმაცია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების, ძალადობისა და მედიამდგომარეობის შესახებ.” - გამყრელიძის ეს ფრაზა ყველა დღევანდელმა ქართულმა გაზეთმა გამოიყენა. ”ახალი თაობა” ამას ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერის, ნესტან კირთაძის, კომენტარს ამატებს: ”ეორშის ხელმოწერილი გაყალბებული არჩევნების შედეგად, ჩვენი პარტია სამჯერ დარჩა პარლამენტს მიღმა. იგი ასეთივე მიმართულებით აპირებს გააგრძელოს, ძალიან სწრაფად ჩაატაროს არჩევნები და ასეთივე სიყალბეზე მოაწეროს ხელი.” ”24 საათთან” საუბარში ოპოზიციის დემარშს საფრთხის შემცველი უწოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევების ექსპერტმა არჩილ გეგეშიძემ. მისი თქმით, ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს. ”ამისათვის საჭიროა ყველა იმ ორგანიზაციის დისკრედიტირება, რომლებიც ამ არჩევნებს ლეგიტიმურად ცნობს”, - განაცხადა დღვანდელ ”24 საათში” ექსპერტმა.

პრესამ დიდი ყურადღება დაუთმო აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ მაჭავარიანის მიერ სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი წევრის კრიტიკას. ”რეზონანსი” წერს, რომ მიხეილ მაჭავარიანმა ერთ-ერთი მინისტრის მოადგილეს ურჩია, ”გონებას ენა წინ ნუ უსწრებსო”, და დაამატა: ”ამ ადამიანის არეული ბევრი მინახავს, დალაგებული კი არაფერიო”. თავად მაჭავარიანს კრიტიკის ობიექტი არ დაუსახელებია, მაგრამ დღევანდელი ”რეზონანსი”, ”24 საათი” და ”ახალი თაობა” ერთხმად წერენ, რომ ეს გამონათქვამები ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს ვახტანგ ლეჟავას ეხებოდა. ”24 საათის” მიხედვით, მიხეილ მაჭავარიანმა ეს ინფორმაცია არაპირდაპირ დაადასტურა კიდევაც. თემა ყველაზე მეტად ”რეზონანსშია” გავრცობილი. გაზეთი, კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ მაჭავარიანის გაღიზიანება არა იმდენად თავად ვახტანგ ლეჟავამ, რამდენადაც სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციების საკითხებში კახა ბენდუქიძემ გამოიწვია. ”რეზონანსის” მიხედვით, ლეჟავა ბოლო დრომდე ბენდუქიძის მოადგილე იყო და მისი გუნდის ინტერესების გამტარებლად ითვლება. ”დღეს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება უმრავლესობას არ სურს, თუმცა ფაქტია, რომ ბენდუქიძის გუნდის მისამართით საყვედურები უკვე ხმამაღლა ისმის.” - ასე ასრულებს ჟურნალისტი სტატიას დღვანდელ ”რეზონანსში”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG