Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


გასულ კვირაში რეალურ ეკონომიკურ მოვლენებს წინასაარჩევნო ეკონომიკური აქტივობა სჭარბობდა.

პრეზიდენტობის კანდიდატები უხვად იძლეოდნენ ეკონომიკურ და სოციალურ დაპირებებს. მათ შორის ყველაზე მეტი პოპულარობა ეგრეთ წოდებულმა ”იაფმა კრედიტებმა” შეიძინა. დაიწყო, ასევე, წინასაარჩევნოდ ანონსირებული დასაქმების პროგრამა, რომელსაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. კიდევ ერთხელ გაისმა დაპირება ქალაქ ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნისა და პენსიების თუ ხელფასების გაზრდის შესახებ. გიამბობთ ამ და გასული კვირის სხვა ეკონომიკური მოვლენების შესახებ.

გასულ კვირაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომამდე გამოცხადებული დასაქმების პროგრამა დაიწყო. 5 დეკემბერს სარეგისტრაციო პუნქტებთან ათიათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

[ხმაურის ხმა]

ასეთი ხმაური ისმოდა თბილისში უმუშევართა სარეგისტრაციო პუნქტების უმრავლესობასთან. სულ დედაქალაქში 11 პუნქტი იყო გახსნილი, თუმცა მათმა ნაწილმა უმუშევარი მოქალაქეების დიდი ნაკადი, ათასობით კაცი, ერთდროულად ვერ გაატარა და რიგების მიზეზიც ეს გახდა. მოხდა რამდენიმე ინციდენტი. სამუშაოს მოლოდინში, რიგში გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი 55 წლის მეგი ფრუიძე. მის ოჯახს ხელისუფლებამ დახმარება და კომპენსაცია აღუთქვა.

ისინი კი, ვინც შეძლო უზარმაზარ რიგში დგომა და რეგისტრირება, შემდეგნაირად აფასებენ დასაქმების ახალ პროგრამას:

[მოქალაქეთა ხმა] ”ადამიანისთვის, რომელსაც 50 ლარი პენსია აქვს და მეტი არაფერი, 600 ლარი ფულია, რასაკვირველია.”

”შეღავათი როგორ არ არის! ხალხს სამუშაო არა გვაქვს, გენაცვალე, და სამუშაოც რომ მოგვცეს მთავრობამ, კარგი არ იქნება?!”

ხელისუფლება 25-დან 60 წლამდე ასაკის 100 ათასამდე მოქალაქეს სამი თვის მანძილზე სხვადასხვა კომპანიებში პრაქტიკასა და 200 ლარიანი სტიპენდიის გადახდას დაჰპირდა. ამ პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ უმუშევარი მოქალაქეები იმ კომპანიებში დასაქმდებიან, სადაც სამთვიანი პრაქტიკა გაიარეს.

კომპანიებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა წინასწარ გააკეთეს განაცხადები ვაკანსიების შესახებ. მათ შორის იყვნენ ცნობილი კომპანიები, ”ცენტრ პოინტი” და ”კოკა კოლა”. აი, რას ამბობენ იქ დასაქმებული მოქალაქენი:

[როინ ცუცქირიძის ხმა] ”მზად ვარ, რომ ვიმუშაო. ყველაფერს შევძლებ, შევისწავლი. რაც არ ვიცი, ვისწავლი. მოწადინებული ვარ ძალიან და დარჩენაც მინდა, რომ დავრჩე და ვიმუშაო და ოჯახი ვარჩინო.”(სტილი დაცულია)

”ვაკანსიებისდა მიხედვით გადავხედე და ავირჩიე ”კოკა-კოლა”, რაშიც ძალიან მოხარული ვარ. მიმიღეს პროფესიის მიხედვით ლაბორატორიაში და გაოცებული ვარ, ისე მომეწონა.”(სტილი დაცულია)

ყველაზე მეტი ვაკანსია, დაახლოებით 15 ათასი სამუშაო ადგილი, საქართველოს რკინიგზამ გამოაცხადა. თუმცა მათი უმრავლესობა გამოცხადებისთანავე შეივსო. ზოგიერთმა კომპანიამ კი მასთან მივლენილ უმუშევარს დასაქმებაზე უარი განუცხადა, ზოგიც საერთოდ ვერ იპოვეს რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა:

[მოქალაქეთა ხმა] ”როგორ იყო 11 საათზე ვაკანსიები უკვე შევსებული? აბსოლუტურად ყველა ტელეფონის ნომერს ან არავინ პასუხობდა, ან, თუ ვრეკავდით, გვეუბნებოდნენ, ვაკანსიები აღარ არისო.”(სტილი დაცულია)

”ახლა ამ ხალხს რას ვერჩი, აღარ გვაქვსო, მეუბნებიან, გუშინ მთელი დღე ვიყავი... დღეს მოვედი, აღარ არის. შეიძლება მართლაც აღარ არის.”(სტილი დაცულია)

დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის მხოლოდ თბილისში რეგისტრაცია 114 ათასმა მოქალაქემ გაიარა. ამან ხელისუფლება აიძულა მეორე დღესვე შეეჩერებინა რეგისტრაციის პროცესი. საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის დავით ტყეშელაშვილის კომენტარი:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] ”იმ ციფრებზე გასვლის პირობებში, ამ 114 ათასი მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე რეგისტრაციის პროცესი თბილისში დროებით შევაჩეროთ.”(სტილი დაცულია)

ოპოზიციის აზრით, დასაქმების პროგრამა მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო ფარსია. გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის, კომენტარი:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] ”ყველაფერი არის ფარსი, 2 მიზნით: პირველი, იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდად დაიწეროს ხუთი და რაც შეიძლება მეტი იყოს ბიუჯეტის ხარჯზე რეკლამა.”(სტილი დაცულია)

ხელისუფლება პირობას იძლევა, რომ უმუშევართა დასაქმების პროგრამა მომავალი წლის თებერვლიდან გაგრძელდება. მანამდე კი პირველ დღესვე რეგისტრირებული 114 ათასი მოქალაქის დასაქმებაზე იზრუნებენ.

კიდევ ერთი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც გასულ კვირაში გახდა აქტუალური და რომელიც დასაქმებასთანაა დაკავშირებული, ეგრეთ წოდებული იაფი კრედიტებია.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაბალპროცენტიანი კრედიტების გამოყოფის იდეა თავდაპირველად ახალი მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით გამყრელიძემ წამოაყენა. შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ილაპარაკა ბიზნესის დაწყებისთვის დაბალპროცენტიანი კრედიტების გამოყოფის შესახებ და უკვე შემდეგ იაფი კრედიტების გაცემაზე მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ალაპარაკდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩევნ გამოვაცხადებთ კრედიტს. 3 მილიარდლარიან ფონდს შევქმნით იაფი კრედიტის, თითოეული თქვენგანისთვის, იმისათვის, რომ ჰქონდეს საშუალება ყველას, დაიწყოს ბიზნესი.”(სტილი დაცულია)

მმართველი პოლიტიკური ძალის ახალ ინიციატივას ეკონომიკის ექსპერტები სხვადასხვაგვარად აფასებენ. თავდაპირველად ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტის ანა ქათამიძის კომენტარი:

[ანა ქათამიძის ხმა] ”განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ასეთი ინიციატივის განხორციელება სტარტ აპი, დამწყები, ბიზნესისთვის - რომლებსაც აქვთ გარკვეული იდეა, გარკვეული ბაზა აქვთ და იმისთვის, რომ რაღაც მინიმალური თანხები სჭირდებათ ბიზნესის დასაწყებად, ვერ იწყებენ.”(სტილი დაცულია)

ადგილობრივი წარმოების მიმართ პროტექციონისტული პოლიტიკის წინააღმდეგი არც ექსპერტი გია ხუხაშვილია:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ამაში ცუდი არაფერია, თუმცა მხოლოდ განცხადება არ არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ამის შედეგზე ვიმსჯელოთ.”

პროტექციონისტულ პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან ლიბერალური ეკონომიკის მომხრე ექსპერტები, თუმცა ისინი საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებენ, ისევე როგორც დუმილს ინარჩუნებს ეკონომიკაში სახელმწიფოს ხელოვნური ჩარევის მთავარი მოწინააღმდეგე, სახელმწიფო მინისტრი რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე.

დაბოლოს, კიდევ ერთი წინასაარჩევნო ეკონომიკური ხასიათის განცხადება. ქალაქ ფოთში ამომრჩევლებთან შეხვედრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ფოთში მალე ამოქმედდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც მოსახლეობის დასაქმებას და ამ ქალაქის აყვავებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს მთავრობა თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ექსპორტის ხელშემწყობ ფაქტორად განიხილავს, ქსპერტთა ერთი ნაწილი კი ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების დეფიციტია. ამიტომ თავისუფალი ეკონომიკური ზონა არსებულ ინვესტიციებსაც თავისკენ მიიზიდავს და დანარჩენ საქართველოს აზარალებს. ამ ეკონომიკურ თემაზე კამათი გასულ კვირაში არ დასრულებულა და ის, სავარაუდოდ, აქტუალური იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც.
XS
SM
MD
LG