Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირის ქართული პრესა წინასაარჩევნო მოვლენებით იყო გაჯერებული.

ორშაბათს კი გაზეთები ერთხმად წერდნენ ცნობილი პოლონელი ჟურნალისტის და ყოფილი დისიდენტის, ,,გაზეტა ვიბორჩას” რედაქტორის, ადამ მიხნიკის საქართველოში ვიზიტის შესახებ - უფრო სწორად, მისი მისიის შესახებ, რომელიც ადამ მიხნიკს ევროკავშირმა დააკისრა. გაზეთი ,,მთელი კვირა” წერს: ,, იგი მედიის პრობლემებზე დასაკვირვებლად როგორც ევროკავშირის, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა და ვიზიტის მთავარი თემა ”იმედის” ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.” სტატიის სათაურად ადამ მიხნიკის მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვებია გამოტანილი: ,,იმედი ერთ კვირაში აღდგება”.

,,პოლიტიკოსებს ჩვენი ხარვეზებიც გვეყოფა, მაგრამ ბევრი რამ თქვენზეც, ჟურნალისტებზეც, არის დამოკიდებული” - ასეთი ვრცელი სათაური ჰქონდა,,კვირის პალიტრის” ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუს ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც, მოგეხსენებათ, არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. გაზეთის კორესპონდენტი ნინო ბურჯანაძეს მიმართავს: ,,დენიელ ფრიდმა ტელეკომპანია ”იმედის” დახურვას უპატიებელი შეცდომა უწოდა...”
ნინო ბურჯანაძის კომენტარი კი ამგვარი იყო: ,,შეცდომა, რომელსაც აღიარებ, ვფიქრობ, პატიებას იმსახურებს. უპატიებელი შეცდომა ის იქნებოდა, ქვეყნისთვის სამოქალაქო ომის საფრთხე რომ არ აგვეცილებინა. საფრთხე კი 99 % იყო, თუმც 10 %-იც რომ ყოფილიყო, ყოყმანის უფლება არ გვქონდა”, - უთხრა ”კვირის პალიტრას” ნინო ბურჯანაძემ.

”იმედის” თემა მთელი მიმდინარე კვირის მანძილზე ისევ ძალზე აქტუალური იყო. ხუთშაბათს ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში დავით ზურაბიშვილი აღნიშნავდა: ”ტელეკომპანია ”იმედი” არ არის ჩართული და დღემდე ამბობენ, ჩავრთავთო, ან ისეთს ჩავრთავთ, როგორც ჩვენ გვინდაო. მედიაზე ზეწოლაა, თან საშინელი ტერორია აქტივისტებზე. თანაც, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ხელისუფლება უამრავ ფულს ხარჯავს ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო კამპანიისთვის.”

ადამ მიხნიკის პრესკონფერენციიდან ერთი კვირის თავზე ტელეკომპანია ”იმედის” ლიცენზია აღდგენილი იყო და,,იმედის” თანამშრომლები ტელევიზიის შენობაში შევიდნენ. შაბათს გაზეთი ”24 საათი” წერდა: ,,ტელეკომპანია ”იმედის” შენობაში კომპანიის ხელმძღვანელობა, ადვოკატებთან ერთად, 6 დეკემბერს ღამის 12 საათზე შევიდა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, აპარატურა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ”იმედი” ეთერში გასვლას ამ ეტაპზე ვერ შეძლებს”, - წერს შაბათის ”24 საათი”.

,,რეალურია თუ არა ”იმედის” ზარალი და რატომ არ შეიყვანეს ტელეკომპანიის შენობაში სხვა ტელეოპერატორები” - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას შაბათის ”ალია”.

მიმდინარე კვირას პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროსაბჭოს დამკვირვებელთა მისია იყო. ”ოპოზიცია ეორშის და ევროსაბჭოს უნდობლობას უცხადებს”, - წერდა ”24 საათი”. სტატიაში, ისევე როგორც თითქმის ყველა გაზეთის პუბლიკაციებში, მოტანილი იყო პრეზიდენტობის კანდიდატის დავით გამყრელიძის სიტყვები: ”დელეგაციაში იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, ვინ არის ირაკლი ბათიაშვილი და არ გააჩნიათ ინფორმაცია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების, ძალადობისა და მედიამდგომარეობის შესახებ”, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

პარასკევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას ეორშიმ პრესკონფერენცია გამართა. შაბათის ”24 საათში” კი ვკითხულობთ, რომ, მათიას ეორშის თქმით, საქართველოში უკიდურესად ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკური სპექტრია. ,,სწორედ ამ საკითხს უკავშირდება ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელის უპირველესი შეშფოთება - მისი თქმით, მრავალი პოლიტიკური ძალა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების სისწორეს. ,,აჩევნების სანდოობისათვის ძირის გამოთხრა დიდი შეცდომაა”, განაცხადა ეორშიმ”, - წერს გაზეთი ”24 საათი” შაბათის ნომერში.


XS
SM
MD
LG