Accessibility links

ნატოსა და რუსეთს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება


შეხვედრამ, რომელიც 7 დეკემბერს ბრიუსელში შედგა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთმა და ნატოს წევრმა

სახელმწიფოებმა გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით საერთო ენა ვერ გამონახეს, მიუხედავად პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის საგანგებოდ გამოგონილი ფორმატისა, რომელსაც ნატო-რუსეთის საბჭო ჰქვია და რომელიც უკვე 10 წელიწადს ითვლის. 7 დეკემბრის შეხვედრაც სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში გაიმართა. პრაქტიკულად ერთადერთი საკითხი, რაზეც მოსკოვი და ნატო თანხმდებიან, ავღანეთს უკავშირდება. მხარეები აღიარებენ, რომ ორგანიზებულ ტერორიზმსა და ნარკობიზნესთან ბრძოლა აუცილებელია. ურთიერთობის დანარჩენ ნაწილში კი სრული გაუგებრობაა. იმის თაობაზე, თუ რა ბრალდებებს უყენებენ რუსეთი და ნატო ერთმანეთს და რა როლს ასრულებს საქართველო ამ დაპირისპირებაში, უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.

რუსეთი ნატოს გაძლიერებითა და გაფართოებით სასტიკად უკმაყოფილო და გაღიზიანებული რომ რჩება, ამაში ახალი არაფერია. მოსკოვის ბრალდებას, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მისი დამორჩილება სურს, დასავლელი ლიდერები მიიჩნევენ კომპლექსად, რომელიც რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სუპერგავლენის დაკარგვის გამო გაუჩნდა. ასეა თუ ისე, მოსკოვს ალიანსისა არ ესმის და ეს კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 7 დეკემბერს ბრიუსელშიც გაიმეორა:

(ლავროვის ხმა) "ჩვენთვის რაღაცები გაუგებარია ალიანსის გარკვეულ ქმედებებში, მათ შორის – ჩვენს საზღვრებთან ახლოს. მხედველობაში მაქვს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ბალტიის ქვეყნებში, ამერიკული ბაზების შექმნა რუმინეთსა და ბულგარეთში. ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი ნაბიჯების მოტივი. ამის შესახებ გულახდილად ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს. მსგავსი ნაბიჯები მხოლოდ ართულებს სიტუაციას ევროპაში შეიარაღების კონტროლის სფეროში."

ალიანსის სახელმწიფოთა ლიდერების აზრით კი, სიტუაციას სულ სხვა რამ ართულებს. მაგალითად ის, რომ რუსეთი აპირებს საბოლოოდ გამოეთიშოს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას. სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა საგანგებოდ ყურადღება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მას შემდეგ, რაც ბრიუსელში რუს კოლეგას შეხვდა:

(რაისის ხმა) "ჩვენ ყველამ გამოვხატეთ შეშფოთება რუსეთის პოზიციის გამო, რომელიც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებას უკავშირდება. ეს ხელშეკრულება ხომ უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ არსებით ნაწილს წარმოადგენს ცივი ომის შემდგომი პერიოდის ევროპაში. სამწუხარო იქნება, თუკი რუსეთი ბოლომდე განახორციელებს გამომჟღავნებულ მიზანს – გამოეთიშოს ამ ხელშეკრულებას."

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების იგნორირების მიზანს რუსეთი ძირითადად იმით ხსნის, რომ დოკუმენტის განახლებული ვარიანტის რატიფიცირება, მისგან განსხვავებით, არ გაუკეთებიათ ნატოს წევრ სახელმწიფოებს. თავის მხრივ კი, ალიანსი მუდმივად აცხადებდა, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულების რატიფიცირება დამოკიდებული იყო რუსეთის სამხედრო ძალის გაყვანაზე საქართველოსა და მოლდავეთის ტერიტორიებიდან.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნატოსა და რუსეთს შორის ასევე მწვავე დავის საგნად რჩება, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას უკავშირდება. საუბარია ვაშინგტონის გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, რადარი ჩეხეთში, ხოლო გადამტაცი პოლონეთში უნდა განთავსდეს. გაბრაზებული რუსეთის პოზიცია ბრიუსელში ლავროვმა გაახმიანა და თქვა, რომ თუკი ალიანსი ამ სარისკო გეგმის განხორციელებაში ამერიკის დახმარებას აპირებს, რუსეთი იძულებული იქნება უარი უთხრას ალიანსს ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, უკვე შეთანხმებული ერთობლივი პროექტის გარშემო.

დაბოლოს, აღსანიშნავია რუსეთსა და ნატოს შორის არსებული მწვავე პრობლემა, რომელიც საქართველოს უკავშირდება. ეს გახლავთ სერბიის პროვინცია კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი. უპირატესად ალბანელებით დასახლებული პროვინცია, რომლის სამომავლო სტატუსის ბედს დიალოგის გზით გადაჭრის პირი აღარ უჩანს, სულ მალე თავად აპირებს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ნატოს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა კოსოვოს დამოუკიდებლობის მომხრეა. ისინი ფიქრობენ, რომ ბალკანეთში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სწორედ ასე აჯობებს. ამიტომ ალიანსმა 7 დეკემბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა გადაწყვეტილება, რომ კოსოვოში დატოვოს ნატოს მშვიდობისმყოფელთა 16-ათასიანი კონტინგენტი.

მოსკოვი, ბელგრადის მსგავსად, კოსოვოს დამოუკიდებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რისი დამტკიცებაც კრემლს უკვე ძალიან დიდი ხანია სურს. კერძოდ ის, რომ, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მისი მაგალითით სხვა უმცირესობებიც ისარგებლებენ:

(ლავროვის ხმა) "უეჭველად... ის, როგორც გადაწყდება კოსოვოს კრიზისი, პრეცედენტად იქცევა... და ეს არა იმიტომ, რომ ჩვენ ასე ვამბობთ... არც იმიტომ, რომ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრით, კოსოვო პრეცედენტად ვერ იქცევა... სინამდვილეში არც ჩვენ ვწყვეტთ ამას და არც ისინი... უბრალოდ, პრეცედენტი შეიქმნება უკვე იმითაც, რომ ეს მოხდება..."

თუკი ეს მოხდება, რუსეთის გათვლით, კოსოვოს გზას გაუყვებიან და დამოუკიდებლობას მოიპოვებენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. კრემლის ხელდასხმით, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. გაისმა კონკრეტული დაპირებები. თუმცა სერგეი ლავროვმა 7 დეკემბერს ბრიუსელში ამ საკითხთან დისტანციის შენარჩუნება არჩია და დააკონკრეტა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მას და ვლადიმირ პუტინს არაფერი უთქვამთ.
XS
SM
MD
LG