Accessibility links

logo-print

კვირის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია

ძალას იკრებს. 5 დეკემბრის საღამოს 6 საათზე საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირებისთვის აუცილებელი 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის 13-მა მსურველმა წარადგინა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატებად რეგისტრაციაში უკვე გაატარა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე დავით გამყრელიძე. ხელმომწერთა სიების გადამოწმების შემდეგ, 11 დეკემბერს, ზუსტად გაირკვევა, პრეზიდენტობის რამდენი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში. შეგახსენებთ კვირის მთავარ მოვლენებს.

პრეზიდენტობის კანდიდატები - ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვისი სახელიც საზოგადოებას რაღაცას მაინც ეუბნება - შესაშური ენერგიულობით ჩაერთვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში. პოლიტოლოგები კი პროგნოზს აკეთებენ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები წინასაარჩევნო საქართველოში. მაგალითად, რამაზ კლიმიაშვილი მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტზე საუბრობს:

[ რამაზ კლიმიაშვილის ხმა] ”პირველი ვარიანტი: დეკემბრის ბოლოს მიხვდება ეს ხელისუფლება, რომ სააკაშვილი ვერ იმარჯვებს - ალბათ, ჩაშლის არჩევნებს. მეორე ვარიანტი: 5 იანვარს შედგა არჩევნები. სააკაშვილმა გაიმარჯვა, თუმცა ძნელი იქნება მისთვის. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე როგორ უნდა გაიმარჯვოს 7 ნოემბრის შემდეგ, გაუგებარია. შემდეგი ვარიანტი: მეორე ტური. ხომ ცხადია, მეორე ტური თუ გაიმართა, რომ წააგებს - ოპოზიცია იმარჯვებს. ამიტომ კიდევ ერთი ვარიანტი ამუშავდება: კიდევ რამეს გამოიგონებენ - კოსოვო, რუსეთის არჩევნები, რასაც არავითარი კავშირი საქართველოსთან არა აქვს - შეიძლება ჩაშალონ. და კიდევ ერთი: ის ხალხი, რომელმაც 7 ნოემბრით მოახდინა სრული უგულებელყოფა დემოკრატიის, აშშ-ის დეპარტამენტის, ევროკავშირის, ევროსაბჭოსი, ნატოსი, გადასცემს თეფშზე ხელისუფლებას ოპოზიციას?”

ოპოზიცია ამომრჩევლის აქტიურობის იმედზეა. პოლიტოლოგები კი ვარაუდობენ, რომ 5 იანვარს არჩევნებზე ამომრჩეველი პასიური არ იქნება. ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე კითხვაზე, რამდენად აქტიურნი იქნებიან თბილისელები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არჩევნებზე, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე პასიურნი არიან ხოლმე, ამბობს:

[ რამაზ საყვარელიძის ხმა] ”შეიძლება ადრინდელი არჩევნებიდან არის გამომდინარე: თუ აზარტი არა აქვს - ბოდიში და, ”სვეცკი” თბილისელი პასიურია. თუ აზარტი აქვს - ისიც გვახსოვს, თოფით რომ იდგნენ თბილისელები ქუჩაში პოლიტიკური მოტივებით. ასე რომ, ამ არჩევნებზე წარსული არჩევნების გადმოტანა - როცა ერთი უდავო ლიდერი იყო და იქ პასიური იქნებოდა თბილისელი - ძნელია. 5 იანვარს თბილისი არ ემსგავსება წინა არჩევნებს.”

არჩევნებში მონაწილეობისთვის, აქტიურობის გარდა, საარჩევნო სიაში ყოფნაც აუცილებელია. გასულ კვირას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაიწყო ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება - ვისთვისაც კომპიუტერი ხელმისაწვდომია, შეუძლია საკუთარი თავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიებში გადაამოწმოს. სხვებს კი საშუალება აქვთ, სიები საკუთარ საარჩევნო უბანზე ნახონ. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ ამომრჩევლის სიაში გამორჩენილია? - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი განმარტავს:

[ ლევან თარხნიშვილის ხმა] ”იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი გამოტოვებულია ან მისი ჩანაწერი უზუსტოა და არ არის სწორი, მაშინ მან უნდა მოგვმართოს ჩვენ განცხადებით.”
[ ჟურნალისტის ხმა] თქვენ, ანუ ვის? - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო კომისიას?...
[ ლევან თარხნიშვილის ხმა] ”საოლქოს, საუბნოს, ცენტრალურს - როგორც მოეხერხება. ერთადერთი გამონაკლისია: თუ შესაცვლელია იურიდიული დოკუმენტი, - ვთქვათ, პირადობის მოწმობა, - მაშინ მან უნდა მიმართოს ჯერ სამოქალაქო რეესტრს და მერე - ახალი დოკუმენტით მოგვმართოს ჩვენ. იგივე ხდება, თუ სურთ, გამოიცვალონ რეგისტრაციის ადგილი და ხმა მისცენ, ფაქტობრივად, ცხოვრების ადგილას და არა ძველი რეგისტრაციის.”

პოლიტიკურ ბატალიებში გამობრძმედილმა ელექტორატმა კარგად იცის, რომ მთავარი ის კი არ არის, ვინ ვის უჭერს მხარს, არამედ ის, ვინ ითვლის ხმებს. 5 იანვრის არჩევნების წინ კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი - რამდენად თანაბარ პირობებში არიან პრეზიდენტობის კანდიდატები. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პროგრამების ხელმძღვანელის ნინო ხატისკაცის განცხადებით, ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს აწარმოებს:

[ ნინო ხატისკაცის ხმა] ” ’საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო’ ახორციელებს პროექტს ”ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში”. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკომისიის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. მინდა აღვნიშნო, რომ ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებაზე საუბრისას მხოლოდ კანონდარღვევებზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. ძალიან ხშირ შემთხვევაში არის ქმედებები, რომლებიც კანონის ფარგლებში ხორციელდება, თუმცა მთავარი კრიტერიუმია ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი არათანაბარ პირობებშია ჩაყენებული წინასაარჩევნო პერიოდში.”

”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი თამარ ქაროსანიძე წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ტენდენციებზე საუბრობს:

[ თამარ ქაროსანიძის ხმა] ”პირველი ტენდენცია, რომელიც ძალიან აშკარაა წინასაარჩევნო პერიოდში, არის ის, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის დღიდანვე ხელისუფლებამ ძალიან აქტიურად დაიწყო სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამების განხორციელება. თავისთავად, სხვადასხვა სოციალური პროგრამის განხორციელება ცუდი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მაგრამ ასეთი ფაქტები ჩვენს ანგარიშში მოხვდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლება ამ კუთხით წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურდა. რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ბოლო დღეებში გაჟღერდა, არ არის გათვალისწინებული 2007 წლის ბიუჯეტში და ეს ინიციატივები არ იყო ჩადებული ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტში შევიდა 2007 წლის 30 სექტემბერს.”

2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არ არის ჩადებული არც ის თანხები, რომლის გადახდის პირობასაც ხელისუფლება ტელეკომპანია ”იმედს” აძლევს. ”იმედს” 2 ახალი ამბავი უკავშირდება - კარგი და ცუდი. კარგი ის არის, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, გენპროკურატურამ სასამართლოს ”იმედის” ქონებისთვის ყადაღის მოხსნის თხოვნით მიმართა. ცუდი კი ის, რომ ტელეკომპანიის ტექნიკა იმაზე დაშავებული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ”იმედის” ხელმძღვანელები ვარაუდობდნენ.
ტელეკომპანია ”იმედის” მხარდაჭერის დევიზით გასულ კვირას რამდენიმე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლების რეალიზაციას მოითხოვდნენ. გასული კვირის ბოლოს თბილისი-მოსკოვი-ბაქოს შორის გამართული ვიდეო-ხიდის მონაწილეები სამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობდნენ. მდგომარეობა სამივე ქვეყანაში რთულია. მაგრამ, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარის ლიუდმილა ალექსეევას თქმით, ამის გამო ხელების ჩამოშვება არაფრით არ შეიძლება:

[ ლიუდმილა ალექსეევას ხმა] ”მე 80 წლის ვარ. იმ დროს ვერ მოვესწრები, მაგრამ ნუთუ ჩვენთვის მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რას მოვესწრებით და რას - არა? ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებში გაგრძელდეს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესი. ჩვენ ერთნაირ პირობებში ვართ. ჩვენ მივაღწევთ წარმატებას - თქვენც მიაღწევთ. თქვენ გამოგივათ - ჩვენც გამოგვივა.”
XS
SM
MD
LG