Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უშლის ხელს ფეხბურთის განვითარებას საქართველოში


ქართული ენის განმარტებითი

ლექსიკონის თანახმად, ფეხბურთი - ეს არის ფეხით ბურთის სპორტული თამაში, რომლის მონაწილე გუნდები მოწინააღმდეგის კარში ბურთის გატანას ცდილობენ, თუმცა, ამ განმარტების საწინააღმდეგოდ, ვინც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს დასწრებია, არ ესწავლება, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ფეხბურთის მოედანზე დაწყებული დაპირისპირება არა გოლების გატანით ან მსაჯის საფინალო სასტვენით, არამედ შეხლა-შემოხლითა და არეულობით მთავრდება. ფეხბურთის სპეციალისტების განმარტებით, ასეთ შემთხვევებში სცოდავენ როგორც უდისციპლინო ფეხბურთელები, ასევე მიკერძოებული მსაჯები, რაც, საბოლოო ჯამში, დაღს ასვამს ქართული ფეხბურთის ისედაც შენელებულ განვითარებას. რა უშლის ხელს ფეხბურთის თამაშს საქართველოში?


საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში, როგორც წესი, ცარიელი ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა შიგადაშიგ გამოერევა მატჩები, რომლებიც საზოგადოებისა და სპეციალისტების ყურადღებას იქცევს. ერთი ასეთი საინტერესო შეხვედრა გასულ კვირაშიც გაიმართა.

[ისმის მოთამაშეთა ხმები]

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრის მე-11 ტურის გადადებულ მატჩში ერთმანეთს „ამერი“ და „ვიტ ჯორჯია“ დაუპირისპირდნენ, მაგრამ, გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, შეხვედრა მსაჯის საფინალო სასტვენამდე ოცდათხუთმეტი წუთით ადრე შეწყდა.

[გიორგი ჩიხრაძის ხმა] „ორი წითელი ბარათი მოგვცა. პენალტი დაგვიდო მეორე ტაიმის დასაწყისში, მოგონილი. რამდენი უნდა გვახრჩონ ასე. მეტის მოთმენა არ შეიძლება.“

„ამერის“ მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩიხრაძის ამ გაცხარებას წინ უძღოდა მთავარი არბიტრის ლევან კვარაცხელიას მიერ „ამერის“ კარში დანიშნული პენალტი და მეკარე ქვაჩახიასა და მცველის, გიორგი ელბაქიძის, გაძევება. თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება კი ზურაბ ფოცხვერიამ, „ამერის“ პრეზიდენტმა, მიიღო.

[ზურაბ ფოცხვერიას ხმა] „მსაჯთან ფეხბურთელების კამათისას მსაჯმა ნერვიული გადაწყვეტილება მიიღო. ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას, ვერ აკონტროლებდა საკუთარ ემოციებსაც. თამაშის დამთავრებამდე ნახევარ საათზე მეტი დრო იყო დარჩენილი. ასეთ ნერვულ ვითარებაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბებოდა და კიდევ უფრო ნერვულ ხასიათს მიიღებდა. ამიტომ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება რაიმე უარესი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად.“(სტილი დაცულია)

ზურაბ ფოცხვერიას კრიტიკასა და შეფასებებს არ იზიარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების უფროსი. ამირან კაჭახიძის თქმით, ქართველი მსაჯები, ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო ასპარეზზე, ფიფასა და უეფას კანონების ზუსტი დაცვით მოქმედებენ:

[ამირან კაჭახიძის ხმა] „თუ ფეხბურთელი ფეხს მოუქნევს მსაჯს, გასაძევებელია; თუ შეაგინებს - ეს არასპორტული საქციელია და ყვითელ ბარათს იმსახურებს, გამეორების შემთხვევაში - გაძევებას... ეს პუნქტები მსაჯმა გაითვალისწინა და გააკეთა ისე, როგორც ეკადრებოდა იმ მსაჯს, რომელიც წარდგენილია ფიფაზე. ...იდეალური მსაჯობა არ ყოფილა არც ერთ ქვეყანაში და არც იქნება და მე ვერ შევპირდები ვერავის, რომ მსაჯობა იქნება იდეალური. მე ვეკითხები იმავე მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს: მათ რომ ეშლებათ, რატომ ეშლებათ? მათ ხომ კლუბები ამდენ ფულს უხდიან. რატომ ეშლებათ?“

ერთი სიტყვით, ეშლებათ როგორც ფეხბურთელებს, ასევე მსაჯებს. ყოველივე ეს კი, როგორც გაზეთ „ლელოს“ მიმომხილველი მერაბ მამულაშვილი ამბობს, ასახვას პოვებს ქართულ ფეხბურთზე, რომელმაც ვერა და ვერ მოახერხა წინ წაწევა და წლების წინ დაცარიელებული ტრიბუნების შევსება:

[მერაბ მამულაშვილის ხმა] „როდესაც შენი საუკეთესო ოთხი გუნდიდან ორი ყაზახებთან წააგებს სამით ნულს, ბუნებრივია, მაყურებელს ინტერესი გაუქრება. წარმატება და წარუმატებლობა პირდაპირპროპორციულია მაყურებლის ტრიბუნაზე მისვლისა. ეს არის ლოგიკური. მეორე: საქართველოს ჩემპიონატზე თითქმის არ დარჩა ფეხბურთელი, რომლის სანახავადაც მივა მაყურებელი და, მესამე, მაყურებელს ვერ მოატყუებ.“

მაყურებელი კი მართლაც არ ტყუვდება. გია სისორდია, ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი, ამბობს:

[გიორგი სისორდიას ხმა] „არ არის შექმნილი ნორმალური პირობები იმისათვის, რომ ხალხმა ტრიბუნები შეავსოს. ამაში იგულისხმება ფეხბურთელების ხარისხი, მსაჯობა, კეთილმოწყობილი სტადიონები და ასე შემდეგ... ამიტომ ხდება ის, რაც ხდება. არ ვუყურებ საქართველოს ჩემპიონატს, როდესაც გულშემატკივრობის დიდი სტაჟი მაქვს და მოვსწრებივარ დიდი ფეხბურთელების - ყიფიანისა და გუცაევის - თამაშს. კონფლიქტები რომ ხდება, ეს ორ რამეზე მიუთითებს: მსაჯობა არ არის ხარისხიანი და გუნდებში დისციპლინა არ უვარგათ.“(სტილი დაცულია)

მაგრამ დავუბრუნდეთ მსაჯობის ხარისხს, რომელიც, თუ ამირან კაჭახიძეს - ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების უფროსს - დავუჯერებთ, წლიდან წლამდე უმჯობესდება. უნდა ითქვას, რომ გაუმჯობესების ეს ტენდენცია შეუმჩნეველი არც ფეხბურთის ქომაგებს დარჩენიათ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსაჯები აღარ ცდებიან.

[გულშემატკივრის ხმა] „მსაჯს ნორმალური ანაზღაურება არა აქვს, არც დაცულია. სხვა ქვეყნებში კი პირიქითაა: ანაზღაურებაც მაღალი აქვთ და დაცულებიც არიან. ჩვენთან კი, ვისაც უნდა, ის ჩაარტყამს ხელს. ამის გამო მონდომებულად არ მსაჯობენ.“

და მართლაც, ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მომსახურე არბიტრების შრომის პირობები და ანაზღაურება არ არის სახარბიელო. თუმცა, როგორც ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, ვითარება სულ მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. ხოლო რაც შეეხება ცალკეული ქართველი მსაჯების კვალიფიკაციას, მას ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაც აღიარებს: სულ ახლახან ფიფას არბიტრმა ლევან ფანიაშვილმა უეფას თასისა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში იმსაჯა. თუმცა ფეხბურთის ქომაგები და სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ გამონაკლისის სახით დაწინაურებული თითო-ოროლა მსაჯი, გუნდი თუ მოთამაშე ქართულ ფეხბურთს კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. იმისათვის, რომ საფინალო სასტვენმა ყოველ ჯერზე ცუდ დროს არ მოგვისწროს, თვისებრივი ცვლილებებია საჭირო.

[ისმის ფეხბურთის მარში და საფინალო სასტვენის ხმა]
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG