Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ანზორ ერქომაიშვილი გასულ კვირაში დღიურებს წერდა

დირიჟორი და ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი.

2 დეკემბერი, კვირა
დილით 6 საათზე ავდექი. დავიწყე წიგნის კითხვა. ახალი გამოცემაა: “ქართული ხალხური სიმღერა – იშვიათი ფონოჩანაწერები. 1901-1914”. ეს წიგნის სასიგნალო ნომერია, რომელიც გამოსცა ფირმა “ომეგამ”. არაჩვეულებრივი გამოცემაა, როგორც ხარისხით, ისე მნიშვნელობით! წიგნს თანდართული აქვს 4 კომპაქტდისკი, რომლებზეც შეტანილია 99 ხალხური სიმღერა. ეს სიმღერები ფირმა “გრამოფონმა” ჩაწერა თბილისსა და ქუთაისში 1901-1914 წლებში. ჩაწერილია სანდრო კავსაძის, აპოლონ ცანციაშვილის, ია კარგარეთელის, სამუელ ჩავლეიშვილის, ლევან ასაბაშვილის, გიგო ერქომაიშვილის, ხუხუნაშვილებისა და სხვათა გუნდები. ეს ფონოჩანაწერები მოძიებულია ჩვენს მიერ 40 წლის განმავლობაში. წიგნში განხილულია ქართული კულტურის ისტორია, დაბეჭდილია იშვიათი ილუსტრაციები ქართული კულტურის ძეგლებისა და, ცხადია, მოთხრობილია ხალხური სიმღერის უძველესი ფონოჩანაწერების ჩაწერის ისტორია და მრავალი სხვა საკითხი. ტექსტი შესრულებულია ჩვენი შესანიშნავი ლიტერატორის ვახტანგ როდონაიასა და ჩემს მიერ. ვფიქრობ, რომ ეს არის უნიკალური გამოცემა, რომელიც უნდა ინახებოდეს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა დიდ მუსიკალურ ცენტრში. ეს წიგნი გამოსაცემად მზად იყო 2002 წელს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ გამოვეცით აქმდე. გამოცემის ხარჯი გაიღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, კულტურის სამინისტრომ და ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა. დიდი მადლობა მათ!
მთელი დღე ეს წიგნი ვიკითხე. სამწუხაროდ, რამდენიმე შეცდომაც აღმოვაჩინე – უმნიშვნელო, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა…
საღამოს გვესტუმრნენ ჩვენი მეზობელი ბიძინა კვერნაძე და მისი მეუღლე ნუგეშა. ვაჩვენე ჩვენი წიგნი, ძალიან მოეწონათ და მაღალი შეფასება მისცეს. მერე ვივახშმეთ ერთად, ბიძინამ ბევრი იხუმრა – საოცრად ენამოსწრებული კაცია! გვიან ღამე დავიშალეთ.

3 დეკემბერი, ორშაბათი
დილის 6 საათიდან ვმუშაობდი რამინ მიქაბერიძის კომპაქტდისკების გამოცემაზე. რამინს იშვიათი სიმღერები აქვს ჩაწერილი ჰამლეტ გონაშვილთან, ვლადიმერ ბერძენიშვილთან, გარსევან სიხარულიძესთან, ანსამბლ “რუსთავთან” და სხვა. ვფიქრობ, ძალიან კარგი კომპაქტდისკების კრებული გამოვა და ჩვენი მსმენელი იშვიათ საჩუქარს მიიღებს.
დილის 10 საათზე სპეციალური აფთიაქიდან წამალი მოვიტანე და ნემსი გამიკეთეს, C ჰეპატიტს მმკურნალობენ. მერე წამლები დამალევინა მეუღლემ და ქუჩაში გასვლა ამიკრძალა. მე, რასაკვირველია მაინც წავედი მიხეილ კილასონიძესთან და რამინ მიქაბერიძის დისკზე მუშაობა გავაგრძელეთ.
4 საათზე “რუსთავის” მომღერლებთან მქონდა რეპეტიცია. 6 საათზე შევიკრიბეთ ფესტივალ “ჩვენებურების” ხელმძღვანელები. განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები. ფესტივალი ჩატარდება 19-23 დეკემბერს და მიეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 30 წლისთავს. უცხოეთიდან ამ ფესტივალისთვის მოვიწვიეთ “მაჭახელა” თურქეთიდან, ისრაელის მოცეკვავე ბავშვთა ანსამბლი, უკრაინის ანსამბლი, რამდენიმე შემსრულებელი ჩრდილოეთ კავკასიიდან, მომღერლები საინგილოდან, კამერული ანსამბლი გერმანიიდან და სხვა. ვფიქრობ, საინტერესო ფესტივალი გამოგვივა.
გვიან ღამემდე ვმუშაობდი ისევ რამინ მიქაბერიძის კომპაქტდისკების ტექსტზე.

4 დეკემბერი, სამშაბათი
ღამე ცუდად მეძინა. 5 საათზე ავდექი და შევუდექი მე-20 საუკუნის ანთოლოგიაზე მუშაობას. რასაკვირველია, ვახტანგ როდონაიასთან ერთად ვაკეთებ ამ ანთოლოგიას. თავი მოვუყარეთ იშვიათ ფონომასალებს ხალხური სიმღერებისა, რომლებიც ჩაწერილია 1901-დან 2000 წლების განმავლობაში. ეს არის მართლაც უნიკალური ფონოჩანაწერები, რომელთაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის იშვიათი მომღერლები ასრულებენ. ამჯერად ვარჩევდი ანთოლოგიისათვის მეგრულ სიმღერებს. ასეთი ლირიკა ქვეყნად არავის აქვს, მერამდენედ ვისმენ ნიკო ხურციას, კირილე პაჭკორიას, ელენე ჭუბაბრიას, ემა შელეგიასა და სხავათა ჩანაწერებს და მაინც აღფრთოვენებული ვარ მათი განუმეორებელი ხმებითა და საშემსრულებლო მანერით. ამ ანთოლოგიაზე მუშაობას, ალბათ, ორი წელი მაინც მოვუნდებით და, თუ სპონსორი ვიშოვეთ, გამოვცემთ. ვფიქრობ, ეს იქნება იშვიათი საგანძური და მნიშვნელოვანი შენაძენი მსოფლიო ფოლკლორისტიკისათვის.
2 საათზე გაიმართა პატრიარქის ფონდის სხდომა. განვიხილეთ წარმოდგენილი პროექტები, კომისიამ რამდენიმე მათგანს მხარი დაუჭირა - ამჯერად აქტუალურია დემოგრაფიული პრობლემები.
საღამოს რამდენიმე ინტერვიუ მთხოვეს გაზეთებმა. თამაზ გაბისონიას მივეცი ინტერვიუ ხალხური მუსიკის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ.
გვიან ღამით ქალბატონი ეთერ ჯიშკარიანის გაზეთისთვის დავწერე პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი.

5 დეკემბერი, ოთხშაბათი
დილის 6 საათიდან ვმუშაობდი მე-20 საუკუნის ანთოლოგიაზე, ამჯერად კახურ სიმღერებს ვარჩევდი. განუმეორებელია დედას ლევანა, ვანო მჭედლიშვილი, მიხო ჯიღაური, ლომიძე, ამუზაშვილი და სხვები. იშვიათი მასალაა თავმოყრილი, აუ, რა ანთოლოგია გამოვა! მსოფლიომ უნდა შეიტყოს ქართული ხალხური სიმღერის ფენომენის შესახებ.
10 საათზე ლექცია მქონდა პატრიაქის ფონდთან არსებულ უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში. ახალგაზრდებს “ალილო” შევასწავლე, მოვუყევი ამ იშვიათი რიტუალის შესახებ. მათ ძალიან მოეწონათ “ალილო”. მეც კმაყოფილი დავრჩი მათი ნიჭიერებით. მშვენიერია პირველი კურსი!
12 საათზე საავადმყოფოში წავედი. ანალიზები ამიღეს, მითხრეს, პასუხი ორშაბათს იქნებაო. შემდეგ ვენაში წამლები გადამისხეს – ორი საათი ვიწექი გადასხმაზე. არ მშორდება ჩემი ექიმი მანანა ლომიძე, იშვიათი ადამიანი და არაჩვეულებრივი ექიმი, მის პატივისცემას ღმერთი თუ გადაიხდის მხოლოდ…
შემდეგ სახლში წავედი. ქუჩაში გასვლას მიკრძალავენ, ამიტომ გვიან ღამემდე ვმუშაობდი ახალ პროექტზე, რომელიც კულტურის სამინისტროს უნდა წარვუდგინო. პროექტი ეხება ახალგაზრდობის მუსიკალური აღზრდის საკითხებს. სიმღერა მაშინ ცოცხლობს, როცა მას ახალგაზრდობა მღერის, ხოლო კვდება, თუ ახალგაზრდობა ივიწყებს.

6 დეკემბერი, ხუთშაბათი
დილის 6 საათიდან ვმუშაობდი მე-20 საუკუნის ანთოლოგიაზე. ამჯერად ვისმენდი რაჭულ ფოლკლორს. იშვიათი ჩანაწერებია! 10 საათზე რეპეტიცია მქონდა “რუსთავის” მომღერლებთან, ვემზადებით “ჩვენებურების” ფესტივალისათვის.
გარდა ამისა, 2008 წელს სრულდება 40 წელი “რუსთავის” დაარსებიდან. გვინდა ეს თარიღი აღვნიშნოთ შეძლებისდაგვარად. გამოსაცემად ვამზადებთ მონოგრაფიას, აგრეთვე ოთხი კომპაქტდისკისგან შემდგარ კრებულს, სადაც შევა “რუსთავის” საუკეთესო ჩანაწერები.
1 საათზე სამებაში შევხვდი მეუფე დანიელს, მეუფე ნიკოლოზსა და სხვებს. საუბარი ეხებოდა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის საიუბილეო კონცერტს, რომელიც 25 დეკემბერს გაიმართება. კონცერტის ორგანიზება მე დამავალეს.
4 საათზე კონსერვატორიაში, მანანა დოიჯაშვილის კაბინეტში, გაიმართა პირველი სხდომა, რომელიც 2008 წლის სიმპოზიუმს მიეძღვნა. ეს სიმპოზიუმი რიგით მეოთხეა. განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები.
საღამოს ვმუშაობდი სიმღერა-გალობის პროგრამაზე რომელიც უმაღლესი სკოლისათვის მზადდება.

7 დეკემბერი, პარასკევი
დილიდან ვმუშაობდი მე-20 საუკუნის ანთოლოგიაზე. ამჯერად სვანურ სიმღერებს ვისმენდი. 1928 წელს მშვენივრად ჩაუწერიათ სვანური სიმღერები მაშინდელ მომღერლებს ივანე მარგიანის ხელმძღვანელობით.
11 საათზე მაია კაჭკაჭიშვილთან ერთად წავედი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. მივიტანეთ ჩვენი ახალი წიგნი, რომლის გამოცემაში ამერიკის საელჩო ძალიან დაგვეხმარა.
მიგვიღო ქალბატონმა მაგდა ღონღაძემ. მანვე შეგვახვედრა საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენლებს. მათ ძალიან მოეწონათ წიგნი და გადაწყვიტეს, რომ ელჩთან შეთანხმებით წიგნის პრეზენტაციას ამერიკის საელჩოში მოაწყობენ. მოიწვევენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს და ეს წიგნი ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის სხვა იშვიათ გამოცემებთან ერთად დაიგზავნება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკალურ ცენტრებსა და არქივებში.
4 საათზე წავედი გოდერძი ბუკიას ცენტრში, სადაც ვახტანგ როდონაიასთან, გომარ სიხარულიძესთან, მარინა მიქაძესთან და ყხვებთან ერთად განვიხილეთ ახალი მუსიკალური ჟურნალის გამოცემის საკითხი.
საღამოს 7 საათზე დავესწარი საქართველოს კაპელის კონცერტს, რომელიც წარმატებით ჩატარდა. კაპელას დირიჟორობდა ჩემი აღზრდილი “მართვედან” აჩიკო უშვერიძე, რომელიც შესანიშნავი მუსიკოსი და პიროვნებაა, იგი მართლაც ჩვენი მუსიკალური საზოგადოების იმედია.

8 დეკემბერი, შაბათი
დღეს დედაჩემის გარდაცვალების სამი წლისთავია. სანთელი დავუნთეთ და მისთვის ვილოცეთ. წუხელის დედა მესიზმრა, მეფერებოდა, მერე მალე დავშორდით, ძალიან გული დამწყდა...
დღეს “მართვეს” ხელმძღვანელთან მაქვს შეხვედრა, 2008 წელს სრულდება “მართვეს” 30 წლისთავი. გვინდა ეს თარიღი სამაგალითოდ აღვნიშნოთ. ეს ძალიან სჭირდება ჩვენს ახალგაზრდობას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG