Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი საქართველო არჩევნების მოლოდინში


საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვეც აღარ რჩება.

პრეზიდენტობის კანდიდატები მთელ საქართველოში მოგზაურობენ. შესაბამისად, რეგიონების მოსახლეობაც უკვე მეტად ან ნაკლებად ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში. ბოლო დღეებში ადგილობრივ ჟურნალისტებთან შესახვედრად დასავლეთ საქართველოს ხუთ ქალაქში ვიყავი - ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში. მინდა ამ შეხვედრების შთაბეჭდილებებზე გესაუბროთ.

თუ ვინმემ იცის, რა ხდება პროვინციულ ქალაქებში - ეს ადგილობრივი ჟურნალისტები არიან. განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე მათ ხელთ არსებული ინფორმაცია არჩევნების წინ. კიდევ უფრო საინტერესოა, რას ფიქრობენ რეგიონალური ჟურნალისტები იმ არჩევნების წინ, რომელშიც, ბოლოს და ბოლოს, რეალური ალტერნატივები გამოჩნდა.

დასავლეთ საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში მომუშავე ჟურნალისტების ინფორმაციასა და შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით, შესაძლებელია, რამდენიმე ზოგად ტენდენციაზე ვისაუბროთ.

პირველი: იმის გამო, რომ მოქალაქეებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები პირადობის მოწმობებს ართმევენ, ხუთივე ქალაქის მოსახლეობას აქვს ეჭვი, რომ მათი პირადობის მოწმობების ასლები ხელისუფლებას არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება. მაგრამ ვერც მოქალაქეები ხსნიან და ვერც ჟურნალისტები, კონკრეტულად როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული პირადობის მოწმობების ასლები არჩევნების გასაყალბებლად.

მეორე: დასავლეთ საქართველოს ხუთივე ქალაქში აქტუალურია საუბარი პრეზიდენტობის ოთხ კანდიდატზე - მიხეილ სააკაშვილზე, ლევან გაჩეჩილაძეზე, დავით გამყრელიძესა და ბადრი პატარკაციშვილზე. ჯერჯერობით საერთოდ არ იგრძნობა ლეიბორისტების ფაქტორი. ამიტომ, თუ არჩევნების შედეგების მიხედვით აღმოჩნდება, რომ შალვა ნათელაშვილმა დანარჩენ ოპოზიციურ ლიდერებზე მეტი ხმა მოაგროვა ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში, ეს, სულ მცირე, შეუსაბამობაში მოვა წინასაარჩევნო პერიოდის განწყობებთან.

მესამე: იგრძნობა პოზიციების რადიკალიზაცია ორი მიმართულებით. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია გაბნეულია და არ ჰყავს რეალური ლიდერი, რის გამოც, ხმის მიცემას ისევ ყოფილი პრეზიდენტისთვის აპირებს; მოსახლეობის მეორე ნაწილმა ზუსტად იცის, რომ სააკაშვილს არ მისცემს ხმას, მაგრამ ვინ იქნება მისი რჩეული, ჯერ არ იცის და ამას არც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

არის რამდენიმე ქალაქი, სადაც მოსახლეობის უფრო კონკრეტულ განწყობაზე შეიძლება საუბარი. მაგალითად, ოზურგეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მადლიერებით იღებენ მიხეილ სააკაშვილის საჩუქრებს - ფქვილს და ვაუჩერებს. როგორც ოზურგეთელი ჟურნალისტები ფიქრობენ, მათ ქალაქში სააკაშვილს კონკურენციას ოპოზიციური ლიდერები ძნელად თუ გაუწევენ. თავის მხრივ, ზუგდიდელი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ქალაქში რეალურ კანდიდატებს შორის რეალური ბრძოლაა მოსალოდნელი, ოღონდ ერთადერთი, ვისაც მოგების ნაკლები შანსი აქვს, ბადრი პატარკაციშვილია. სამაგიეროდ, ფოთში ჩატარებული ერთ-ერთი ჟურნალისტური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მათ ქალაქში სწორედ პატარკაციშვილი ლიდერობს. ფოთელები გამოკვეთილად უჭერენ მხარს ლევან გაჩეჩილაძესაც. ყველა ქალაქში ისმის დავით გამყრელიძის გვარი. ახალი მემარჯვენეების ლიდერს ყველაზე ნაკლები მხარდამჭერი, ალბათ, ოზურგეთში ჰყავს, ყველაზე მეტი - ქუთაისში.

ცალკე საუბრის თემაა ბათუმი. ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე ამ ქალაქის მოსახლეობა ხალისით არ გასულა. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, მათი გაღიზიანება გამოიწვია პოლიციის წრეგადასულმა აგრესიამ ბათუმელი ახალგაზრდების მიმართ ჯერ რვა იანვარს, შემდეგ კი - გასულ კვირაში. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილს ბათუმში მხარდამჭერები არ ჰყავდეს. ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი შტაბიდან გამოსული ინფორმაციით, ხელისუფლების არაოფიციალური შეკვეთა საარჩევნო კომისიის მიმართ იმგვარია, რომ სააკაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 70% უნდა მიიღოს. ზუსტად ამავე კონტექსტში ამავე პროცენტს ასახელებენ ფოთშიც.

ყველაფერი, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ჩვენი კოლეგების პირად შთაბეჭდილებებსა და მათ ხელთ არსებულ არაოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა. თქვენს ყურადღებას არც შევაჩერებდი ამ დაუდასტურებელ, მოარულ ხმებზე, სხვადასხვა ქალაქში მათ მსგავსებას რომ არ წავწყდომოდით. ყველაზე მსგავსი და უცნაური, რაც ჩვენი კოლეგებისგან შევიტყვეთ, მაინც ისაა, რომ, ფაქტობრივად, ხუთივე ქალაქში მოსახლეობა ელოდება საარჩევნო საჩუქარს ბადრი პატარკაციშვილისგან, რომელიც, მათი მოლოდინით, სააკაშვილის საჩუქარზე აღმატებული იქნება.

როდესაც ამას ხუთ ქალაქში ზედიზედ მოისმენ, ბუნებრივად გაგიჩნდება ეჭვი, რომ სამოქალაქო ცნობიერების საშუალო დონე საქართველოში ჯერ კიდევ კრიზისულ ნიშნულთან არის მიდუღებული.


XS
SM
MD
LG