Accessibility links

logo-print

გერმანიაში მცხოვრები ქართველები წინასაარჩევნო მოვლენებში ერთვებიან

  • ნიკო ნერგაძე

რა ხდება საქართველოში? რა მდგომარეობაა ვადამდელი

საპრეზიდენტო არჩევნების წინ? რით განსხვავდება ოპოზიცია ხელისუფლებისგან? სად ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი ლევან ყენია? - ამ შეკითხვებზე პასუხის მიღება გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა ქართველი პოლიტიკოსებისგან სცადეს. მათი ინიციატივით, 9 დეკემბერს ”ახალი ამბები - საქართველოს” ოფისში გაიმართა ტელეხიდები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრ გიორგი გაბაშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძესთან.

გერმანიაში მცხოვრები ქართველები ჯერ გიორგი გაბაშვილს ელაპარაკნენ. მინისტრთან მათ უფრო ზოგადი ხასიათის შეკითხვები ჰქონდათ:

[გერმანიაში მცხოვრები ქართველების ხმები] ”რა სიტუაციაა, გოკა, დღევანდელ ფეხბურთში?”
”ძალიან მაინტერესებს თქვენგან მოვისმინო, რადგანაც წარმოშობით აჭარიდან ვარ, რა სიტუაციაა აჭარაში.”
”მე მაინტერესებს შენი პირადი გამოცდილება იმისა, როდესაც გერმანიიდან ჩახვედი საქართველოში, რა სიძნელეებს შეხვდი იქ.”

ამ უკანასკნელ შეკითხვას მინისტრმა, რომელიც თავადაც დიდხანს ცხოვრობდა გერმანიაში, ვრცელი პასუხი გასცა. პირველ სირთულედ მან საქმისადმი ქართულ და გერმანულ მიდგომებს შორის განსხვავება დაასახელა.
განსაკუთრებით ბევრი ილაპარაკა ქართულ ”პუნქტუალურობაზე”:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] ”საქართვლოში პირობითი ცნება არსებობს დროის. დაგვიანებიდან არმოსვლამდე გერმანიაში განსხვავება თუ ორი წუთია და ათი წუთის შემდეგ თვლის, რომ შენ არ მოხვედი, საქართველოში ეს დაგვიანება შეიძლება გაგრძელდეს ოთხი საათი, შვიდი საათი; შეიძლება - ორი დღე.” (სტილი დაცულია)

თუმცა გიორგი გაბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ, ამ მხრივ, სიტუაცია დღითი დღე იცვლება. მისი თქმით, თუ გერმანულ საბანკო სექტორში მომუშავე საქართველოში ჩამოვა და აქაც იმასვე გააკეთებს, საქმისადმი მიდგომაში დიდ განსხვავებას ვერ დაინახავს. იგივე ცვლილებები ხდება სახელმწიფო სტრუქტურებში. კულტურისა და სპორტის მინისტრმა გაიხსენა, როგორ მუშაობდა ის ერთ-ერთ გერმანულ ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოში სტაჟიორად და ეს გამოცდილება ქართულ სიტუაციას შეადარა:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] ”ბევრად უფრო მსუბუქი რეჟიმი იყო მაშინ ჩემთვის, ვიდრე ახლა რომ ვუყურებ ჩემს მეგობრებს, რომლებიც თბილისის მერიაში მუშაობენ, რომლებსაც მართლა თვრამეტსაათიანი რეჟიმი აქვთ მუშაობის. იქ უკვე იმდენად გაშვებულია ავტოპილოტზე ბევრი რამ, რომ არ არის საჭირო ყოველდღიური გადამოწმება, ხომ არ გაითიშა რომელიმე ფიდერი.”

პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეს კი უფრო რთულ შეკითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა. გერმანიაში მცხოვრები ქართველები მას უფრო საარჩევნო პროგრამის შესახებ ეკითხებოდნენ და ოპოზიციის გადაწყვეტილებების ახსნას სთხოვდნენ:

[გერმანიაში მცხოვრები ქართველების ხმები] ”რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ გაერთიანება?”
”ის ჯგუფი, რომელიც თქვენ გარშემოა გაერთიანებული, ბოლომდე მოიაზრება სამთავრობო ჯგუფად თუ რაღაცა პერეტრუბაციები იქნება და ახალი სახეები გამოჩნდება? აპრიორი გადანაწილება ადგილებისა, როცა თვალს ადევნებ მიმდინარე მოვლენებს, ცოტა უხერხულად ჟღერს ხოლმე.”
”რა პლუსები ექნება, თქვენი პროგრამის მიხედვით, იმას, თუ საქართველოში ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა შეიცვლება საპარლამენტო მმართველობის ფორმით?”

ლევან გაჩეჩილაძე ცდილობდა აეხსნა, რომ ბევრი შეკითხვა, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს გაუჩნდათ, გამომდინარეობს იქიდან, რომ გერმანიიდან სრული სიმძაფრით არ ჩანს აქ არსებული, მისი თქმით, მძიმე ვითარება და რომ ყველაფერი, რაც კანონში წერია, საქართველოს პრაქტიკაში არ ხორციელდება.

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”კიდევ ერთხელ გიმეორებ: ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ გერმანიაში, რასაც შენ ლაპარაკობ, კარგია და შეიძლება უფრო ეფექტური ყოფილიყო. ნახევრად საპრეზიდენტო არა, დღეს ჩვენ ვართ ერთი კაცის ქვეყანა, იმიტომაც არ მუშაობს ეს ინსტიტუტები.”

როგორც ჩანდა, გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს ცოტა უჭირდათ გაეგოთ, მაინც რით განსხვავდებიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან, რა არის მათ პროგრამაში პრინციპულად განსხვავებული. ლევან გაჩეჩილაძემ ეს განსხვავება ასე ჩამოაყალიბა:

[ლევან გაჩეჩილაძე] დღეს სახელისუფლებო წნეხი არის თითოეულ ადამიანზე, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ინსტიტუტზე. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, ეს წნეხი მოშორდეს თითოეულ ადამიანს და ადამიანი გახდეს თავისუფალი.”
შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებმაც და გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმაც კმაყოფილება გამოთქვეს. მომავალში მსგავსი ტელეხიდების მოწყობა კვლავ იგეგმება.

XS
SM
MD
LG